მეწარმეებს ძალიან გვიჭირს დიდ სუპერმარკეტებში შესვლა, რადგან ყველა პროდუქტს თავად ბრენდავენ, - ამის შესახებ გასტროტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ BMGTV-ის ეთერში, #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, სუპერმარკეტების მიერ წარმოებული და მათი ბრენდის ქვეშ დახლზე განთავსებულ პროდუქტთან კონკურენციაში შესვლა როგორც დიდ, ისე მცირე წარმოებებსაც უჭირთ.
„სადღაც 30-ზე მეტი რეცეპტი გვაქვს მოძიებული და მომავალში ვგეგმავთ, რომ რეცეპტების წიგნიც გამოვცეთ. ეს პროექტი ბრენდ „პოპორელის“ დაფინანსებით შედგა. მოძიებული რეცეპტებით შევქმენით გემოები, რომლებიც „პოპორელის“ ბრენდში აისახა და უკვე გამოსულია ბაზარზე. ჯერჯერობით რვა გემო დავამზადეთ და მათი შეძენა სხვადასხვა ქსელებში შეიძლება. დიდად ამ ეტაპზე ვერ გავშალეთ, რადგან მეწარმეებს დიდ ქსელებში შესვლა ძალიან გვიჭირს, რადგან ყველა დიდმა ქსელმა გამოუშვა თავისი პროდუქტი.
ყველა დიდმა ქსელმა გამოუშვა თავისი პროდუქტი, მეწარმეებს ძალიან უჭირთ დიდ ქსელებში შესვლა და ეს ეხება როგორც დიდ, ისე პატარა მეწარმეებს. ჩვენი კომპანია სახელმწიფო გრანტით შეიქმნა და არც ისე პატარაა. მცირე კომპანიებს დიდ სუპერმარკეტებში შესვლის საშუალება საერთოდ არ აქვთ, იმიტომ რომ ყველაფერს თავად ბრენდავენ, მათ შორის შაქარს, მაკარონს, ზეთს. ზოგადად, რეგულაციების მომხრე არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს რაღაც რეგულაცია, რომ ბიზნესი გადარჩეს“, - განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.
ქეთი კვიჭიძე პოპორელის ბრენდის შექმნაში უშუალოდ მონაწილეობდა. ის გემოების მოძიებასა და საწებლების შექმნაში პირადად იყო ჩართული.