მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეწარმეთა შესახებ კანონის" მოთხოვნები უმეტესად მცირე და საშუალო ბიზნესმა ვერ დააკმაყოფილა - იურისტი

კეკენაძე

"მეწარმეთა შესახებ კანონის" მოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2026 წლის აპრილამდე გადავადდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს 2026 წლის 1 აპრილამდე ექნებათ ვადა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

როგორც აღმოჩნდა, კანონის მიღებიდან 3 წლის შემდეგაც კი ბიზნესსექტორის დიდმა ნაწილმა ისევ ვერ მოახერხა კომპანიების ხელახალი რეგისტრაცია, ასეთი კი დაახლოებით 280 000 სუბიექტია.

იურიდიული კომპანია ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების უფროსი იურისტი "საქმის კურსთან" ინტერვიუში განმარტავს, რომ კანონის მოთხოვნები უმეტესად მცირე და საშუალო ბიზნესებმა ვერ დააკმაყოფილა, რისი უმთავრესი მიზეზი ბიზნესსექტორში ინფორმაციის ნაკლებობაა.

“ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ათეულმა კომპანიამ განაახლა მათი სარეგისტრაციო მონაცემები და წესდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეულობით ათასი კომპანია არის დარჩენილი, ვისაც გასაახლებელი აქვთ, რეალურად მოქმედი და ფუნქციონირებადი კომპანიის რიცხვი უფრო ნაკლებია, ეს ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ იმით, თუ რამდენი აქვეყნებს ანგარიშგებებს, რამდენად საქმიანობენ ისინი. ბიზნესი შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ნაწილად, არის დიდი ბიზნესი, საშუალო და მცირე. მსხვილი ბიზნესის დიდ ნაწილს განახლებული აქვს მათი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, დარჩენილია უმეტესად საშუალო და მცირე ბიზნესი.

შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მათ არ განუახლებიათ დოკუმენტაცია. ახალი კანონით გაჩნდა სხვადასხვა ტიპის რეგულაცია, მაგალითად სააქციო საზოგადოების შემთხვევაში აუცილებელია, რომ კომპანიას ჰქონდეს მინიმალური განთავსებული კაპიტალი, 100 000 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე სააქციო საზოგადოება არსებობდა, რომელსაც განთავსებული კაპიტალი არ აქვს ამ რაოდენობით, მათ ესაჭიროებათ გაზარდონ, ეს შეიძლება გარკვეული კომპანიების მხრივ დაკავშირებული იყოს ვადებთან, რომ მოიზიდონ ეს განთავსებული კაპიტალი და გაზარდონ, თუმცა საქართველოში დიდი რაოდენობით სააქციო საზოგადოება არ არსებობს, უმთავრესი, წამყვანი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

ამ ნაწილში შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აქამდე ჯერ არ განუხორციელებიათ ცვლილებები. მაინც არსებობს საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა კანონმა გააჩინა შესაძლებლობა, მათ სტანდარტული წესდება, რომელიც მიღებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, ის მიიღონ როგორც საკუთარი წესდება და ახალი რაიმე არ შეიმუშაონ, ბევრ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს მაინც ესაჭიროება კონსულტაცია გაიაროს იურისტთან მინიმუმ, რომ გადაწყვიტოს რა გააკეთოს.

ასევე არის ბევრი ტექნიკური დეტალი, რაც შეიძლება არ იცოდეს უშუალოდ ბიზნესის წარმომადგენლებმა. ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთხელ რომ გადავადდა, ადამიანში ჩნდება ბუნებრივად მოლოდინი, რომ კიდევ ხომ არ გადავადდება”,-აცხადებს “საქმის კურსთან” ინტერვიუში გიორგი კეკენაძე, იურიდიული კომპანია ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების უფროსი იურისტი.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამოქმედება გადავადდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები