მეცნიერებათა აკადემიას მთავრობა 56 ათასი ლარით დაეხმარება. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმა მოაწერა.
დოკუმენტში არ არის მითითებული თანხის მიზნობრიობა. აკადემიას თანხა განათლების სამინისტრომ უნდა გამოუყოს.
თავად აკადემია განმარტავს, რომ თანხა კონგრესისთვის გამოიყო. 25-27 სექტემბერს, საქართველოში, გაიმართება IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი.
კონგრესი იმუშავებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით:
- ქართული და კავკასიური ენების სტრუქტურა და ისტორია; აღწერითი, შედარებითი და ტიპოლოგიური კვლევები;
- ისტორია და წყაროთმცოდნეობა; ისტორიული გეოგრაფია და დემოგრაფია;
- ქართულ-კავკასიურ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია;
- ეთნოლოგია; კულტუროლოგია; კულტურის ისტორია;
- ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია;
- ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია;
- საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე.
ცნობისთვის, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება 5.2 მლნ ლარია.(გასულ წელზე 525 ათასით მეტი) აქედან, 2.4 მლნ სახელფასო ხარჯია. 2023 წლის ბოლოს მონაცემებით დასაქმებულების რიცხვი 164 ადამიანი.