მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეცნიერებმა 10,000 წლის წინ გადაშენებული მგელი "გააცოცხლეს"

საზარელი მგელი

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Colossal Biosciences-მა 10,000-ზე მეტი წლის წინ გადაშენებული საზარელი მგელი გააცოცხლა, რითაც სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობაში გადმოიტანა. თეთრი ბეწვის მქონე ეს არსება, რომელიც სიგრძეში 180 სანტიმეტრამდე, წონაში კი 80 კილოგრამამდე იზრდება და, ერთ დროს, კანადიდან ვენესუელამდე არსებულ ტერიტორიაზე ბინადრობდა, თანამედროვე ადამიანებს შორის არავის უნახავს, რადგან ის ჯერ კიდევ მაშინ გადაშენდა, როცა ადამიანებმა მცენარეული კულტურების მოყვანა დაიწყეს.

რომულუსი და რემუსი — სწორედ ასე დაარქვეს Colossal-ის მეცნიერებმა გადაშენებული მგლის ჯიშის ორ ლეკვს, რომლებმაც დედამიწაზე 10,000-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიარეს. მგლის ლეკვები, მართალია, საყვარლად გამოიყურებიან, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი სასტიკი გარეული ცხოველები არიან, რომელთაც, რაც უნდა უცნაური იყოს, არაფერი აქვთ საერთო არც თანამედროვე მგელთან და არც — ძაღლებთან. მეტიც, რომულუსი და რემუსი ადამიანებს უფრთხიან და დანახვისთანავე გარიდებას არჩევენ. შესაძლოა, გადაშენებულ ცხოველთა ჩამონათვალში ისინი სწორედ ამ თვისების გამო მოხვდნენ…

საზარელი მგელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე ბინადრობდა და უმეტესწილად დიდი ზომის ბალახისმჭამელ ცხოველებზე ნადირობდა. საზარელი მგლის ტიპური მსხვერპლი გარეული ცხენი, გიგანტური ზარმაცა, მასტოდონტი, ბიზონი და აქლემი იყო. ცოტა ხნით ადრე, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ადამიანიც დასახლდა, რომელიც მგლის კონკურენტად ჩამოყალიბდა, მაგრამ ხელსაწყოების გამოყენებით აჯობა. მოგვიანებით, დედამიწაზე გლობალური დათბობა დაიწყო და მეგაფაუნის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი გადაშენდა. ადამიანი ადაპტირდა, ხოლო საზარელი მგელი ვერ ადაპტირდა და გადაშენდა.

დღეს არსებული თეორიების თანახმად, თანამედროვე რუხი მგელი საზარელი მგლის შთამომავალი არ არის, რადგან ისინი სხვადასხვა სახეობებს წარმოადგენდნენ და დიდი ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. რუხი მგელი მცირე ზომის ცხოველებზე ნადირობდა და კლიმატის ცვლილებას გაუძლო, ხოლო საზარელი მგელი, რომელიც დიდ ცხოველებზე ნადირობდა ვერ ადაპტირდა, რაც, დიდწილად, იმით აიხსნება, რომ მგლის ეს ორი სახეობა ერთმანეთში არ მრავლდებოდა, ანუ შესაბამისი გენების გაცვლა შეუძლებელი იყო.

სწორედ გენეტიკას მივყავართ იმ აღმოჩენამდე და ახლა უკვე ქმნილებამდე, რომელიც Colossal-ის მეცნიერებმა წარმოადგინეს. ამერიკელმა მეცნიერებმა ჯერ საზარელი მგლის სამარხებიდან ცხოველის დნმ ამოიღეს და გენომი ამოხსნეს, რომლის დახმარებით თანამედროვე რუხი მგლის დნმ გადაწერეს და სუროგატი ცხოველების დახმარებით სამი ლეკვი — რომულუსი, რემუსი და ხალესი გააჩინეს, რითაც საზარელი მგლის სახეობა 10,000-წლიანი გაუჩინარების შემდეგ აღდგა.

მგელს, ისევე როგორც სხვა ძაღლისებრებს ჯამში 19,000-მდე გენი აქვს, როცა ადამიანის ან თაგვის გენების რაოდენობა 30,000-ის ფარგლებშია. როგორც Colossal-ის მეცნიერები ამბობენ, გადაშენებული მგლის სახეობის აღდგენა ტექნიკურად არც თუ ისე რთული იყო, რადგან ამისთვის თანამედროვე მგლის დნმ-ის თოთხმეტ ცალკეულ გენში ოცი ცვლილების შეტანა გახდა საჭირო. აი, სწორედ ამ ცვლილებების დამსახურებაა რომულუსის და რემუსის თეთრი ბეწვი, უფრო დიდი ზომა, უფრო ძლიერი მხრები, განიერი თავი, უფრო დიდი კბილები და ყბები, მეტად დაკუნთული ფეხები და თავისებური ყმუილი და წკმუილი…

თუმცა, მნიშვნელოვანია ერთი გარემოება — ტექნიკურად, Colossal-ის მიერ შექმნილი საზარელი მგელი არ არის ის ცხოველი, რომელიც 10,000 წლის წინ გადაშენდა, რადგან, როგორც რამდენიმე აბზაცით ადრე გაუწყეთ, საზარელი მგელი და რუხი მგელი იყვნენ არა ერთმანეთის ნათესავები, არამედ ერთ ტერიტორიაზე ერთ დროს მცხოვრები სახეობები, რომლებიც ერთმანეთში არ მრავლდებოდნენ. თანამედროვე საზარელი მგელი თანამედროვე რუხი მგლის გენების ცვლილებითაა მიღებული, შესაბამისად, ტექნიკურ დონეზე, საქმე ახალ სახეობასთან გვაქვს.

ისე კი, მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საზარელი მგელი არ არის ერთადერთი ცხოველი, რომელსაც Colossal-ის გუნდი გააცოცხლეს. მეტიც, კომპანიის თავდაპირველი მიზანი — სპილოს გენების გამოყენებით ბეწვიანი მამონტის გაცოცხლებაა. მეცნიერები ციმბირის ტუნდრაში მამონტის დაბრუნებას აპირებენ, რადგან ამ ცხოველებს, მათი თქმით, ტუნდრის გარემოს გაუმჯობესება შეუძლიათ. ჩრდილოეთის ამ ეკოსისტემაში, რომელიც ახლა ხავსითაა დაფარული, ოდესღაც მინდორ-ველები იყო, ხოლო ბეწვიანი მამონტი — ამ ეკოსისტემის ინჟინრად მუშაობდა, ანუ ხავსით და ხის ნაყოფით იკვებებოდა და ფეკალიებით ნიადაგს ანაყოფიერებდა.

ჰარვარდის ბიოლოგის, ედვარდ ოსბორნ უილსონის დათვლებით, ყოველწლიურად, გადაშენებისაკენ ცხოველთა საშუალოდ 30,000 სახეობა მიექანება, ანუ ცხოველთა 100-მდე სახეობა, ყოველ დღე, გადაშენებისაკენ ერთ ნაბიჯს დგამს. „ცხოველთა მსოფლიო ფონდის“ ვარაუდით, 2050 წლამდე დღეს არსებული ცხოველთა სახეობების ნახევარი გადაშენდება. „გაეროს“ დათვლებით კი, გადაშენების პირას მცენარეთა და ცხოველთა ერთი მილიონი სახეობა დგას, მათ შორის ამფიბიათა 40% და მარჯნის ბინადართა 33%.

Colossal-ის მეცნიერები იმედს იტოვებენ, რომ რამდენიმე წელიწადში მამონტის მსგავს სპილოს ემბრიონებს შექმნიან და მათ ციმბირის ტუნდრების ეკოსისტემაში მოამრავლებენ. ამ გზაზე მყოფმა მეცნიერებმა ერთი აღმოჩენა უკვე გააკეთეს, როცა ახალი სახეობის თაგვი შექმნეს, რომელიც მამონტის ბეწვს ატარებს და მასთან ერთად სიცივესთან ადაპტაციის რამდენიმე ძირეულ თვისებას იზიარებს. თაგვის შემდეგ, კაცობრიობამ საზარელი მგელიც იხილა… ვინ იცის, რომელი ცხოველი იქნება შემდეგი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები