მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა პოზიტიური ცვლილების განხორციელების პროცესში

სსს
04.12.23 18:34
1108

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია ხშირად ექსპერტების კრიტიკის საგანი ხდება. წელს, ნოემბერში, პანამაში რიგით მეათე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მხარეთა შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა 2024 წლისთვის გადაიდო.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯანმოს ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე მხარეები დახურულ კარს მიღმა იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც შემდეგ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ვებინარი - “თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია: ჯანმოს გამოწვევები და შესაძლებლობები”, რომელშიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ. პანელისტებს შორის იყვნენ რიკარდო პოლოსა - კატანიის უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი და თამბაქოს ზიანის შემცირების კვლევის ცენტრის - CoEHAR დამფუძნებელი, დევიდ სვეანორი - ოტავას უნივერსიტეტის ჯანდაცვის სამართლის, პოლიტიკისა და ეთიკის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მარია ალეხანდრა მედინა - Corporación Acción Técnica Social-ის კოორდინატორი და ანდრეს მილტონი - მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე.

როგორც ვებინარზე დევიდ სვეანორმა აღნიშნა, მხარეთა შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები უმეტესწილად არ არიან საკმარისად ინფორმირებულნი რეალური ზიანის შესახებ. შედეგად, მათი გადაწყვეტილებები სუბიექტურ აღქმებზე არის დაფუძნებული. ისინი მოქმედებენ პოლიტიკოსების მსგავსად და საკუთარი გადაწყვეტილებების ღერძად არა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს, არამედ მორალსა და რელიგიას აქცევენ.

ეს კი დიდი გამოწვევაა. მასთან გასამკლავებლად ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და ინსტიტუტებმა შეინარჩუნონ სანდოობა. რისი მიღწევაც ინფორმირებული, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შედეგად იქნება შესაძლებელი.

რიკარდო პოლოსამ ისაუბრა თამბაქოს რისკის შემცირების ინსტრუმენტზე, რომლის შესაძლო ბენეფიტების შესახებ ცნობიერება მსოფლიოში ძალიან დაბალია. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს კონტროლის ინიციატივები პატივს სცემდნენ ადამიანის უფლებებს და ითვალისწინებდნენ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების ზიანის შემცირების სტრატეგიაში ინტეგრაციას. "შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისეთი მდგრადი ინიციატივების გატარება, რომელიც დაგვეხმარება, შევამციროთ წვადი თამბაქოს მიერ მიყენებული ზიანი".

მარია ალეხანდრა მედინას განცხადებით, ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია არ აღიარებს განსხვავებას ნიკოტინსა და თამბაქოს შორის, ამასთან ხელს უწყობს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. "დეზინფორმაცია ვრცელდება ბრაზილიაში, არგენტინაში, პანამაში... მათ შორის თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ”, - თქვა მარია მედინამ. ამასთან განმარტა, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია მალავს ძალიან ბევრ მტკიცებულებას და უპირატესობას ანიჭებს ამკრძალავ ინიციატივებს, რომლებიც ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს თამბაქოს მომხმარებლებსა და მათ კეთილდღეობაზე.

მედინა მიიჩნევს, რომ ნიკოტინისგან თავისუფალი სამყაროს შექმნა თითქმის შეუძლებელია, ხოლო არსებული თამბაქოს კონტროლის ინიციატივები უფრო მეტ ზიანს იწვევს.

ანდრეს მილტონის განცხადებით “ჯანმოს მიზანია, აკრძალოს ყველაფერი, რაც სიგარეტს შეეხება და ეს არასწორია, საჭიროა ზიანის შემცირებაზე ხაზგასმა”. ამიტომ, მოუწოდა ჯანდაცვის ექსპერტებს, საკუთარი გადაწყვეტილებები ყოველთვის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ.

პანელისტების განცხადებით, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში პოზიციური ცვლილების განხორციელებისათვის საჭიროა ისეთი თამბაქოს კონტროლის ინიციატივების გატარება, რომლებიც მეცნიერულ მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული და საკუთარი გადაწყვეტილების ღერძად თავად მწეველის კეთილდღეობას აქცევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები