მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეთხილეობის დარგში მუშახელის დეფიციტი მთავარ გამოწვევად იქცა - ოთხი მიზეზი

6171818208b31
ვიქტორია მღებრიშვილი
21.10.21 21:20
888
მიმდინარე წლის 9 თვეში თხილის ექსპორტი 41.9%-ით გაიზარდა და ქვეყანამ თხილისა და სხვა კაკლის რეალიზებით 70 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

2021 წელს თხილის ექსპორტისა და მოსავლიანობის ზრდის პარალელურად მეთხილე ფერმერთა კავშირში იმ გამოწვევებზე საუბრობენ, რომელიც დღეს დარგის წარმომადგენლებს აქვთ და რომლის წინაშეც ისინი მოსავლის აღების პროცესში დადგნენ.

მეთხილე ფერმერთა კავშირის ინფორმაციით, მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე აღებულია და მოსავლის რაოდენობით ფერმერები კმაყოფილები არიან, თუმცა ხარისხი და ფასი სასურველი შედეგებისგან შორსაა. კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ შეროზია აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ინდუსტრია ახალი პრობლემის - მუშახელის დეფიციტის წინაშე დადგა. კავშირში თხილის მოსავლიანობისა და მუშახელის დეფიციტის რაოდენობრივ მაჩვენებლებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ და ამბობენ, რომ სტატისტიკური მონაცემების გაჟღერება მხოლოდ საფუძვლიანი მოკვლევის შემდეგ გახდება შესაძლებელი და მუშახელის დეფიციტის გამომწვევ მიზეზებზე დეტალურად საუბრობენ.

„მუშახელის დეფიციტის პრობლემამ მოსავლის ხარისხს საკმაოდ ცუდი დაღი დაასვა, რაც შესაბამისად სარეალიზაციო ფასზე აისახა. ამის მიზეზად კი ოთხი ძირითადი ფაქტორის მოყვანა შეგვიძლია: პირველი ჭარბი ნალექია. სამეგრელოში, მოსავლის აღება 7 აგვისტოდან დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით იმ დღეების ოდენობამ, როცა ნალექი 0.2მმ ზე მეტი ან ტოლი იყო, 11-მა დღემ შეადგინა. ფაქტობრივად, 25 დღის განმავლობაში 11 დღე ნალექიანი იყო. ჭარბმა ნალექებმა კრეფისთვის საჭირო ფანჯარა შეამცირა, რამაც მოსავლის აღების საჭირო აგროვადაში დასასრულებლად, გაორმაგებული მუშა ხელის მობილიზება გახადა აუცილებელი. ამან კი, ბუნებრივია, ბაზარზე მუშა ხელის დეფიციტი შექმნა;

მეორე ფაქტორი მიგრაციაა. ქვეყანაში მიგრაციული სალდო მრავალი წელია უარყოფითია. მაგალითად, 2016-2019 წლებში ჯამურად 29 300 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. ბუნებრივია, რომ ძირითადად დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა მიგრირებს, რომელიც თავის მხრივ რეგიონებში ცხოვრობს. ამას ემატება შიდა მიგრაციის პრობლემა - ხალხი სოფლებიდან და რეგიონებიდან დიდ ქალაქებში მიდის საცხოვრებლად. უნდა აღინიშნოს ფართოდ გავრცელებული ის მოსაზრება, რომ უაღრესად ნეგატიური როლი ითამაშა აზიურმა ფაროსანამ ზოგადად მიგრაციულ პროცესებში. აზიურმა ფაროსანამ 4 წლის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მოსახლეობას სათანადოდ მოსავალი აბსოლუტურად ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში ვერ მიაღებინა. უსახსრობის გამო სოფლის მოსახლეობა იძულებული გახდა სარჩო საზღვარგარეთ მოეძიებინა. აღარაფერს ვამბობ, შემცირებულ შობადობაზე და გაზრდილ სიკვდილიანობაზე;

მესამე ფაქტორი მოსავლის რაოდენობაა, რადგან 2021 წელი უხვმოსავლიანი იყო. აზიურ ფაროსანასთან 4 წლიანმა ბრძოლამაც შედეგი დააყენა. თხილის მოსავალი 5-წლიანი პაუზის შემდეგ გვქონდა. ასევე, მსხმოიარობაში შევიდა ბევრი ახალი პლანტაცია, რომელიც სახელმწიფო პროგრამის "დანერგე მომავლის’’ ფარგლებში გაშენდა. ბევრმა ფერმერმა ფაროსანას ეპიდემიის დროს ძველი, ამორტიზებული ბაღები განახლების მიზნით მძიმედ გასხლა. 2021 წელს ბევრი ასეთი ბაღი ხელახლა შევიდა მსხმოიარობაში. ამ ფაქტორებმა მოსავლის რაოდენობა გაზარდა, რის ასაღებადაც უფრო მეტი მუშა ხელის საჭიროება დადგა.

რაც შეეხება მეოთხე ფაქტორს, ეს პანდემიაა - პანდემიამ ბევრ ადამიანს დააკარგვინა სამუშაო და აიძულა დაბრუნებულიყო სოფლად, მის ძირძველ კერაზე. სოფლად დაბრუნებულებმა გადაწყვიტეს მივიწყებული თხილის ბაღებიდან მოსავალი აეღოთ, რამაც მკრეფავებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. მცირედ, მაგრამ მაინც იყვნენ ადამიანები, რომლებიც პანდემიის შიშით უარს ამბობდნენ მუშაობაზე. იყვნენ ისეთებიც, რომელთა ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ ვირუსი და რამდენიმე კვირა თავს იკავებდნენ მუშაობისგან“, - განმარტავს მუშახელის დეფიციტის მიზეზებს მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.

ოთარ შეროზია ამბობს, რომ მუშა ხელის დეფიციტი აგრო სფეროში ნაცნობი პრობლემაა მრავალი ქვეყნისათვის, მათ შორის, კარგად განვითარებული ქვეყნებისთვისაც. ის ექსპერტთა შეფასებებს იშველიებს და აცხადებს, რომ სამუშაო ძალის პრობლემა უფრო გაძლიერდება. ამიტომ მეთხილე ფერმერების კავშირი პრობლემის გადაჭრის გზას სამუშაო ძალისთვის ცენტრალიზებული პლატფორმის შექმნაში ხედავს, რაც ადგილობრივი ხელისუფლების საორგანიზაციო საკითხს წარმოადგენს.

„საჭიროა სამუშაო ძალის კოორდინირებულად მართვის ცენტრალიზებულ პლატფორმაზე მსჯელობა, რომ სამუშაოს მაძიებლებს და დამსაქმებლებს ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდეთ. წინასწარ ვიცით, რომ ლურჯი მოცვის მრავალი პლანტაცია, რომლის კრეფაც დიდძალ მუშა ხელს მოითხოვს, მსხმოიარობაში 2022-23 წელს შედის. ბევრად განსხვავებული მდგომარეობა არც ვენახების და ხეხილის კუთხითაა. კარგი კი ისაა, რომ მოსავლის კრეფის პერიოდი ამ კულტურებში ერთმანეთს თითქმის არ ემთხვევა. მათ, ვისაც სურთ მოსავლის აღების დროს მუშაობა, მსგავსი პლატფორმა საშუალებას მისცემდა 5-6 თვე საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად სამუშაოზე ემუშავათ. ხალხი უცხო ქვეყნებში დროებითი სამუშაოს საძიებლად აღარ წავიდოდა და ქართული პროდუქტის შექმნაში მიიღებდა მონაწილეობას“, - განმარტავს ოთარ შეროზია.

მეთხილე ფერმერთა კავშირში მოსავლის ამღები კომბაინების საჭიროებაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მუშახელზე საჭიროების ზრდის პარალელურად, მათი რაოდენობა ვერ გაიზრდება.

„სწორედ ამიტომაც, უაღრესად მნიშვნელოვანია მოსავლის მექანიზებულად აღების ტექნოლოგიების დანერგვა, მინიმუმ იმ კულტურებში და იმ გარემოში, სადაც ტექნოლოგია ამის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა კავშირის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები