მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მგონია, ღვინის კომპანიებს აქვთ საღი აზრი, რომ ასეთ მახინჯ სტრუქტურებში არ იყვნენ" - სამანიშვილი "ქართულ-რუსულ" ბიზნესასოციაციაზე

 გიორგი სამანიშვილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სამანიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულ-რუსულ" ბიზნესასოციაციაში კომპანიების გაწევრიანება მათი იმიჯის შემლახველია. საკითხზე სამანიშვილმა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ღვინის კომპანიები ასეთ მახინჯ სტრუქტურაში არ გაწევრიანდებიან.

BMG-ის ინფორმაციით, საქართველოში "ქართულ-რუსული" ბიზნესასოციაცია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა. აღნიშნული BMG-ს თავად ბიზნესმენმა 24 იანვარს დაუდასტურა და უთხრა, რომ უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული. მისი ინფორმაციით, ასოციაციის შეხვედრაზე 60-მდე კომპანია იყო, რომლებიც ძირითადად მეღვინეები არიან.

"ითქვა რამდენიმე კომპანიის სახელი, დიდი იმედი მაქვს, ეს უბრალოდ გაჩერდება და ის კომპანიები არ აღმოჩნდებიან იმ ასოციაციაში, რომელიც მათ იმიჯსაც დააზიანებს. უბრალოდ, რაში წაადგება კომპანიას ქართულ-რუსული ასოციაციის წევრობა, თუ ეს არ არის დავალებული ვიღაცის მიერ. ასე რომ, იმედი მაქვს, ეს უბრალოდ გაივლის და დაგვავიწყდება და მახინჯი ასოციაციები არ გვექნება ქვეყანაში.

ქართულ ღვინოს აქვს ის იმიჯი, რომ რუსეთის ბაზარზე იყოს წარმოდგენილი და მეღვინეებს ვურჩევდი, რომ ნუ იჩქარებენ, თუ დავუბრუნდით [რუსეთისკენ გზას], ყოველთვის მოასწრებენ რუსეთში [ღვინის გატანას]... მგონია, რომ ეს ამბავი ჩაივლის და ღვინის კომპანიებს შემორჩენილი აქვთ იმდენი საღი აზრი, რომ ასეთ მახინჯ სტრუქტურებში არ იყვნენ გაწევრიანებული", - ამბობს სამანიშვილი.

ამასთან, გიორგი სამანიშვილი BMGTV-ის ეთერში ქართული ღვინისთვის რუსული ბაზრის გახსნის ფაქტს და სუბსიდირების პოლიტიკას აფასებს. მისი განმარტებით, სუბსიდირება დაბალხარისხიანი ღვინის ჭარბ წარმოებას უწყობს ხელს. ღვინის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ, თუ რუსული ბაზარი დაიკეტება, ეს ქართველ მეწარმეებს ეკონომიკურ პრობლემებს არ შეუქმნის.

"მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან მომხრე ვიყავი რუსეთის ბაზრის გახსნის, დღევანდელი გადმოსახედიდან, კარგი იქნებოდა საერთოდ არ გახსნილიყო და ახლაც კარგი იქნება, რომ დაიკეტოს. ეკონომიკურად დიდ პრობლემებს არ შეგვიქმნის, ადვილად გადავეწყობით. რუსეთის ბაზარზე გასული ღვინო არის იმ კატეგორიის, რომელიც პრობლემას არ შეუქმნის ჭარბწარმოებას. ეს (სუბსიდირების) თანხა არა მხოლოდ ტყუილად იხარჯება, არამედ ჭარბწარმოებას ზრდის, რასაც პირიქით უნდა ებრძოლოს. ჭარბწარმოება ყოველ წელს გაზრდილია მზარდი სუბსიდირებით.

მე უფრო და უფრო მიღრმავდება ეჭვი, რომ 100 მლნ-მდე ლარი, რომელიც ყოველ წელს არის გამოყოფილი ყურძნის სუბსიდიისთვის და აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, შესაძლოა, იყოს კორუფციის წყაროც და ამიტომ არის, რომ ძალიან დიდი მოტივაციით გამოყოფენ ხოლმე აგვისტოში დიდ თანხებს... როცა მარკეტინგი წარმოუდგენლად დიდ თანხაზე, 17 მილიონზე ავიდა, სრული სისულელის, აბსოლუტური უხარისხობის დაფინანსებას, მგონი, ჯობია, საერთოდ არ იყოს, რუსეთის ბაზრის არ იყოს…" - ამბობს გიორგი სამანიშვილი.

ცნობისთვის, გასულ წელს რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პირველ ეტაპზე 85 მლნ ლარი, 21 ოქტომბრის მთავრობის დადგენილებით კი, დამატებით 35 მლნ ლარი გამოიყო, საიდანაც 35 მლნ ლარი კერძო კომპანიების მიერ ჩაბარებული რქაწითლის ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს, დარჩენილი ნაწილი კი ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.

1 კგ. რქაწითელზე კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 20 თეთრია, ყურძნის შესყიდვა კი კომპანიებს 8 ლარი უჯდებოდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები