მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მგონია, კომპრომისულ ვარიანტზე და გარდამავალ პერიოდზე იქნება საუბარი - ვეფხვაძე "თეთრი სიის" შესაძლო გაუქმებაზე

ლევან ვეფხვაძე

მგონია, რომ კომპრომისული ვარიანტი შედგება და რაღაცა გარდამავალ პერიოდზე იქნება საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ვნახოთ, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას - ამის შესახებ ბიზნესს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BAG-ის კონფერენციის დასრულების შემდეგ მედიის კითხვის პასუხად განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იყო თუ არა საუბარი კონფერენციის ფარგლებში "თეთრი სიის" გაუქმებაზე. ვეფხვაძე ამბობს, რომ დღეს განხილვის თემა მხოლოდ ბიზნეს კლიმატის ინდექსი იყო და სამშენებლო ნაწილში ინდექსის შემცირება, სწორედ "თეთრი სიის" შესაძლო გაუქმებას უკავშირდება.

საქმე ის არის, „ქართული ოცნების“ პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელ კომპანიებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი “თეთრი სიის” გაუქმება იყო. რევაზ სოხაძის 15 სექტემბრის განცხადებით, ეს საკითხი „მავნე პრაქტიკას უკავშირდება, ამიტომ უნდა გაუქმდეს“.

"დღეს "თეთრ სიაზე" არ იყო საუბარი, იმიტომ რომ დიალოგი სამინისტროსთან მიდის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი, კომპრომისული შეთანხმება შედგება იმისათვის, რომ ერთი მხრივ, სამინისტრო, სახელმწიფო ზოგადად, იყოს უზრუნველყოფილი სტანდარტებით, რასაც სახელმწიფო ითხოვს, და ვადებით, და მეორე მხრივ, [ტენდერების] კარგი შემსრულებელი იყოს წახალისებული, რაც იყო თავის დროზე "თეთრი სიის" მიზანი.

მე მგონია, რომ კომპრომისული ვარიანტი შედგება და რაღაცა გარდამავალ პერიოდზე იქნება საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ვნახოთ, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება სამშენებლო ნაწილში შემცირებას, სწორედ ეს არის, რომ ძირითადი გამოწვევა დღეს მოდის სწორედ იმ პრობლემებით, რომელიც უკავშირდება სამშენებლო ნაწილში "თეთრი სიის" გაუქმებასთან დაკავშირებით კომპანიების განწყობის გაუარესებას. მაგრამ, თუკი ჩვენ კომპრომისი გვექნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს, ასე ვთქვათ, შემცირება განწყობების ნაწილში ისევ გადაიზრდება უფრო პოზიტიურ განწყობებში", - განაცხადა ვეფხვაძემ მედიასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები