„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი არა კვების ობიექტებში პლასტიკის ბოთლებით სასმლის გაყიდვის აკრძალვა, არამედ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ამოქმედებაა. თემურ ჭყონია იმედოვნებს, რომ მთავრობასთან კონსულტაციები თავის შედეგს გამოიღებს და ბიზნესი ქვეყანაში ნარჩენების გადამუშავების ახალ ინდუსტრია შექმნის. „მაინც მგონია, რომ ყველაფერი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია იმიტომ, რომ სხვა გზას ვერ ვხედავ“, - აცხადებს ბიზნესმენი კვების ობიექტებში პლასტიკის ბოთლებით სასმლის გაყიდვის აკრძალვის კომენტირებისას.
„მეორე უმნიშვნელოვანესი მომენტია ნარჩენების შეგროვება. ყველაზე იოლი გზა პეტის შეგროვებაა, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ - შევდივართ ობიექტებში, ვაგროვებთ ტონობით პლასტიკის ბოთლებს და გამოგვაქვს. ვემზადებით უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. პირველ რიგში, შევინარჩუნოთ ის სწორი, პრაგმატული ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რომელიც მთელ მსოფლიოშია, ასევე, შევინარჩუნოთ უდიდესი პროფესიონალები. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა გარემოს დაცვა, ამას ვერავინ გვასწავლის, ჩვენში გარემოს დაცვის თემა უფრო ძლიერადაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია - 10 წელიწადია უამრავი პროექტი გვაქვს გაკეთებული, ამიტომ ვართ ასეთი გაბედულები და ამაყები. ჩვენ გადამუშავების ახალ ინდუსტრიას შევქმნით იმიტომ, რომ პეტს - პლასტიკს აქვს თავისი ღირებულება და ეს ფასეულობა უნდა ვაქციოთ ახალ ეკონომიკად სახელმწიფოში, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ახალი ქარხნები (მინიმუმ 5 ქარხნის აშენება შეიძლება), ჩვენ ამისთვის ინტენსიურად ვემზადებით. მაინც ვფიქრობ, ჩვენი კონსულტაციები შედეგს გამოიღებს და მოგვცემენ საშუალებას, ახალი ინდუსტრია შევქმნათ, ვიდრე ძველი დავანგრიოთ, ამისთვის ჯერ კიდევ გვაქვს დრო.
იმედი მაქვს, ეს კონსულტაციები ნაყოფიერი იქნება - მივიღებთ იმ შედეგს, რაც სასარგებლო და ოპტიმალური იქნება სახელმწიფოსთვის, მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის. მაინც მგონია, რომ ყველაფერი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია იმიტომ, რომ სხვა გზას ვერ ვხედავ“, - ამბობს თემურ ჭყონია.
"ბოთლის გადაგდება დაენანება ადამიანს" - თემურ ჭყონია პლასტიკის გადამუშავების პროექტზე მუშაობს
2026 წლის პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის სასმელების პლასტიკის ბოთლებით, ასევე საკვების პლასტიკის ჭურჭლით და კონტეინერებით მიწოდება აიკრძალება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის პირველი აპრილიდან უკვე აიკრძალა საქართველოში ერთჯერადი პლასტიკის ჭურჭლის, ჭიქების, თეფშების, დანების, კოვზების, საწრუპების იმპორტი და რეალიზაცია, რასაც პირველი ივლისიდან პლასტიკის ბოთლებით საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სასმელების რეალიზაციაც დაემატება. შესაბამისად, პირველი ივლისიდან კომპანიებს მომხმარებელთა მომსახურება ალუმინის ქილის ან შუშის ბოთლების გამოყენებით მოუწევთ. ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ პლასტიკის ბოთლების სრული აკრძალვა გადავადდა და ის 2031 წლიდან ამოქმედდება.



























