მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მგზავრებს პირბადეების ტარება თვითმფრინავებშიც მოუწევთ

5edce8a4e53ed
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.20 17:09
1306
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის განცხადებით, მგზავრებს პირბადეების ტარების ვალდებულება თვითმფრინავებშიც ექნებათ.

აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკვე ცნობილია ის აუცილებელი მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, როგორც მგზავრებმა, ისე აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა უნდა დაიცვან.

თამარ არჩუაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა.

"ვემზადებით პირველი ივლისისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა,"- განაცხადა თამარ არჩუაძემ.

დაწესებული რეგულაციები ასეთია - გაფრენის დარბაზში:

ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, შშმ პირების / ბავშვების გამცილებლები, მომსახურე პერსონალი ან უზრუნველყოფილი იქნება ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;

მგზავრები და მომსახურე პერსონალი დაიშვებიან მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ასაკის ბავშვები);

შენობაში შესვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. ცხელების ან/და ვირუსზე საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, მგზავრი არ დაიშვება ტერმინალში / დარბაზში და შესაბამისად, რეისზე;

დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება სავალდებულო დისტანციის მარკირება;

დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება დასუფთავება/დეზინფექცია;

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვილი იქნება დამცავი გამჭვირვალე ბარიერებით;

გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცები და სხვა ჰიგიენური ნარჩენები მოათავსეთ დახურულ კონტეინერებში;

დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

გამცილებლებისთვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე.


საჰაერო ხომალდზე:

საჰაერო ხომალდზე მგზავრები დაიშვებიან დამცავი ნიღბებით. 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ფრენისას უნდა გქონდეთ სათადარიგო ნიღბები;

მგზავრთა განლაგება უზრუნველყოფილი იქნება იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;

თვითმფრინავში შესვლისას, გთხოვთ დროულად დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი და ყურადღებით გაეცნოთ ეკიპაჟის წევრების მითითებებს;

იკრძალება 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება წინასწარ შეფუთული/დალუქული საკვები და სასმელი პროდუქტები;

დაუყოვნებლივ მიმართეთ პერსონალს, თუ აფრენის შემდეგ თავს იგრძნობთ შეუძლოდ, აღმოგაჩნდებათ COVID 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში, ეკიპაჟის მიერ განთავსდებით იზოლირებულად და გაგეწევათ შესაბამისი მეთვალყურეობა;

ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალს და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდება ტესტირება და გადავა თვითიზოლაციაში/კარანტინში;

ხომალდიდან გადმოსვლის დროს, დაიცავით გადამყვანი ავიაკომპანიის მითითებები სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილების შესახებ;

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველი რეისის შემდეგ საჰაერო ხომალდი დასუფთავდება სველი წესით და ჩაუტარდება დეზინფექცია. 


 მოფრენის ტერმინალში/დარბაზში:

ხომალდიდან გადმოსვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება სიცხე, მისი მომსახურება/ გადაყვანა განახორციელდება არსებული პროტოკოლის დაცვით;

მოფრენის ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;

მგზავრების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი);

ეკიპაჟის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის და ბავშვიანი მგზავრებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ცალკე დერეფანი;

დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია, განსაკუთრებით, თერმული სკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების პროცესში. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;

დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება დასუფთავება/დეზინფექცია;

დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

დამხვედრთათვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე;


აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციები შესაძლოა შეიცვალოს/განახლდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისათვის დადგენილი რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები