MICE ტურიზმის მიმართულებით მომუშავე კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ წლის პირველ ნახევარ ნახევარში საქართველოში კორპორაციულ, მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებაზე მოთხოვნა შემცირებული იყო.
როგორც საქმიანი ტურიზმის სააგენტო „ოდა დიემსში“ BMG-ის განუცხადეს, კლება განსაკუთრებით ევროპული ბაზრებიდან ფიქსირდება.
სააგენტოს დამფუძნებელი ვიკა შარია ამბობს, რომ საერთაშორისო შეკვეთებთან ერთად MICE ტურიზმში კლების მიზეზი ადგილობრივი დაკვეთების შემცირებაცაა, რაც მათ შორის ქვეყანაში სხვადასხვა არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობის შემცირებას უკავშირდება.
„ჩვენ თუ ვსაუბრობთ საქმიანი ტურიზმის რუკის შეცვლაზე, ჩვენ შეგვიძლია პირველ რიგში აღვნიშნოთ ის, რომ ძალიან მკვეთრად შეიცვალა ბაზარი. ადრე თუ ჩვენი ფოკუსი იყო უფრო დასავლური და რუსულენოვანი ბაზრების არეალი, ახლა რატომღაც ჩვენმა ქვეყანამ შეიცვალა ვექტორი და მთლიანად გადავიდა ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის და სამხრეთ აზიის ქვეყნებზე. კერძოდ ეს არის ინდოეთი, ჩინეთი, გაერთიანებული საამიროები და ა.შ. საგრძნობლად იკლო [ევროპული ბაზრის] სეგმენტმა, თუმცა მაინც არის დაინტერესება ევროპის ქვეყნებიდან და ისევ და ისევ, როგორც 5-10 წლის წინ ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომ საქართველო არის უცნობი დანიშნულების ადგილი ევროპული მომხმარებლისთვის. ზოგს ჰგონია, რომ უკრაინას ვესაზღვრებით, ზოგს ჰგონია, რომ ისრაელს ვესაზღვრებით, ანუ ცნობადობა არის კატასტროფულად დაბალი. ის გამიზნული მარკეტინგული აქტივობები და სარეკლამო აქტივობები რას ემსახურება მე პირადად სამწუხაროდ, ვერ ვხვდები ბოლომდე მაინც.
ჩემი კომპანიიდან გამომდინარე, დაახლოებით 30-40%-ით შემცირდა დადასტურებული ჯგუფების ნაკადები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ივლისის დაინტერესება უცებ გაიზარდა და ახალი ტენდენციაა, რომ ე.წ ბოლო წუთის დასტურები შეიმჩნევა, შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ შემდეგ თვეებში მზარდი იქნება მომართვიანობა.
თუ ვსაუბრობთ საქართველოს ჭრილში, ძალიან მკვეთრად იკლო არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობამ. USAID, UNDP, ევროკავშირის პროექტები, მეც ვიყავი მონაწილე, ევროკავშირის ერთ-ერთი ასეთი ტენდერი მოვიგე და თვეში 1-2 პატარა დაკვეთა ყოველთვის მქონდა. სამწუხაროდ, ასეთი პროექტები ბოლომდე შეჩერებულია და შესაბამისად სასტუმროები რეგიონებში, ბორჯომში, კახეთში ძალიან უჩივიან ამ სეგმენტის მოკლებას,“ - განაცხადა ვიკა შარიამ.




























