საბურავების მწარმოებელი ფრანგული კომპანია Michelin-ი რუსეთში საკუთარ ბიზნესს ასხვისებს. კომპანია საკუთარ მფლობელობაში არსებულ Russia Tyre Company-ს რუსულ ჰოლდინგზე, Power Tyres-ზე ყიდის.
საბურავების მწარმოებელი კომპანიის განმარტებით, შეთანხმება დაადასტურა ადგილობრივმა მარეგულირებელმაც, თუმცა გარიგების დეტალები Michelin-ს არ გაუსაჯაროებია.
Michelin-ის ქარხანა 750 ადამიანს ასაქმებდა და ყოველწლიურად 2 მილიონ საბურავს აწარმოებდა, რომელიც ძირითადად რუსეთის ბაზარზე ნაწილდებოდა.
ცნობისთვის, Michelin-ი რუსულ ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს და 2004 წელს ის საბურავების მწარმოებელი პირველი საერთაშორისო კომპანია გახდა, რომელმაც რუსეთში საკუთარი ქარხანა გახსნა. 2022 წელს ომის დაწყების გამო, კომპანიამ საქმიანობა შეაჩერა და რუსეთის ბაზრიდან გასვლაც გადაწყვიტა.