მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Microsoft-ი და მაიოს კლინიკა ჯანდაცვისთვის ახალ AI-ს წარადგენენ

მაიკროსოფტი

Microsoft-ი და არაკომერციული ამერიკული აკადემიური სამედიცინო ცენტრი, მაიოს კლინიკა ერთობლივად ავითარებენ ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალ მოდელს, რომელიც სპეციალურად ჯანდაცვისთვის არის შექმნილი. განცხადების თანახმად, ეს ნაბიჯი პაციენტების, კლინიცისტებისა და მომხმარებლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ორგანიზაციების განცხადებით, მოდელი მაიოს კლინიკის სამედიცინო ცოდნას, ჯანმრთელობის ანონიმურ მონაცემებსა და პაციენტებზე ზრუნვის გამოცდილებას Microsoft-ის AI, ქლაუდ და საინჟინრო შესაძლებლობებთან გააერთიანებს.

მოდელი სხვადასხვა ტიპის კლინიკური ინფორმაციის გასაანალიზებლად გამოიყენება და ხელს ისეთ ამოცანებს შეუწყობს, როგორებიცაა ადრეული დიაგნოსტიკა და უფრო პერსონალიზებული მკურნალობის დაგეგმვა.

"ჩვენ დიდი ხანია გვჯერა, რომ AI-ს შეუძლია ჯანდაცვის ტრანსფორმაცია. შვიდი წლის წინ გავუშვით "Mayo Clinic Platform", რათა ჯანდაცვა "მილსადენის" მოდელიდან პლატფორმის მოდელზე გადაგვეყვანა. ეს მოხდა უსაფრთხო, სანდო და პაციენტზე ორიენტირებული მონაცემთა ბაზის შექმნით, რომელიც მიზნად ინოვაციებისა და განკურნების დაჩქარებას ისახავდა.

ახლა, ჩვენი კლინიკური ექსპერტიზისა და მონაცემთა ბაზის Microsoft-ის საინჟინრო და AI შესაძლებლობებთან გაერთიანებით, კვლავ ვქმნით რაღაც ახალს ჯანდაცვაში და მაიოს კლინიკის გამოცდილება უფრო მეტ პაციენტამდე მიგვაქვს," - განაცხადა მედიცინის დოქტორმა ჯანრიკო ფარუჯიამ, მაიოს კლინიკის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

ორგანიზაციების თქმით, მოდელი თავდაპირველად მაიოს კლინიკის კლინიკურ გარემოში ინერგება, სადაც მისი რეალურ პირობებში ტესტირება და დახვეწა მოხდება.

Microsoft აცხადებს, რომ მოწინავე სამედიცინო ინტელექტი უკვე ძალიან ახლოსაა.

"ეს არის საუკეთესო კოლაბორაცია, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება ამ მომავლისკენ სვლის დასაჩქარებლად. მაიოს კლინიკას აქვს შეუდარებელი კლინიკური ექსპერტიზა, კლინიკური ჯანმრთელობის მონაცემები და გრძელვადიანი სამედიცინო მიგნებები. ჩვენ მოხარულები ვართ, ვითანამშრომლოთ მათ მსოფლიო დონის ექიმებთან, რათა ჯანდაცვისთვის უახლესი საბაზისო მოდელი შევქმნათ," - თქვა მუსტაფა სულეიმანმა, Microsoft AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ორგანიზაციებს არ წარმოუდგენიათ დეტალური გრაფიკი, თუ როდის იქნება მოდელი ხელმისაწვდომი მაიოს კლინიკის მიღმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები