ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა ხარჯების შემცირებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინვესტიციების დაფინანსების მიზნით, თავის 60,000 თანამშრომელს სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა შესთავაზა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემცირების ეს პროგრამა გლობალური სამუშაო ძალის 25%-ზე მეტს მოიცავს. საკადრო ცვლილებები შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთში დასაქმებულ კადრებს შეეხებათ. Reuters-ის ცნობით, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, საწყის ეტაპზე, Copilot-ის, Windows-ის, Xbox-ის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტების სპეციალისტებს მიეცემათ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიის ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის სექტორში მზარდ დანახარჯებს უკავშირდება. Microsoft-ი მონაცემთა ცენტრებსა და მიკროჩიპებზე ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს. მაგალითად, 2026 წლისთვის კაპიტალური დანახარჯების მოცულობა $175 მილიარდამდე განსაზღვრა. ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული კოლოსალური ინვესტიციების კომპენსირებას კი, როგორც ჩანს, კომპანია თანამშრომლების გაშვებით ცდილობს.
ცხადია, გათავისუფლებული კადრების მოვალეობებს AI შეასრულებს, რომელიც Microsoft-ის საოპერაციო პროცესებში სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება.
ბოლო მონაცემებით, Microsoft-ი გლობალურად 223,000 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელს აერთიანებდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კორპორაციამ სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა აშშ-ში ბაზირებული პერსონალის 7%-ს, ანუ დაახლოებით 9,000 ადამიანს უკვე შესთავაზა. ივლისში კი Xbox-ის სათამაშო მიმართულების რეორგანიზაციის ფარგლებში კომპანიამ 4,800 სამუშაო ადგილი შეამცირა და ხუთი სტუდია გაასხვისა.
























