მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Microsoft-მა სან-ფრანცისკოში აგენტური სისტემები და ახალი ტექნოლოგიები წარადგინა

Microsoft Build 2026

Windows-ის შემქმნელმა წამყვანმა ამერიკულმა კომპანია Microsoft-მა დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის უახლესი პროდუქტები და ახალი მოწყობილობები წარადგინა.

ღონისძიებაზე აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ პროგრამა Autopilot-ი წარადგინა, რომელიც მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტასა და მიმოწერებს დამოუკიდებლად გააკონტროლებს. როგორც ირკვევა, კომპანიას სურს, ტექნოლოგია Copilot-ი უბრალო ჩეთბოტიდან დამოუკიდებელ სამუშაო ასისტენტად გარდაქმნას.

პრეზენტაციაზე ნადელამ ასევე განაცხადა, რომ Windows-is ოპერაციულ სისტემაში მოწინავე აგენტი OpenClaw ჩაინტეგრირდება. ტექნოლოგიური გიგანტის გადაწყვეტილებით, ამ პროგრამის უსაფრთხოებას იზოლირებული კონტეინერების სისტემა MXC უზრუნველყოფს. ამ მიდგომის მიზანი კი OpenClaw-ზე გაშვებული AI აგენტების მიერ ფაილების უნებართვო წაშლის თავიდან არიდება და მომხმარებლების სხვა მოთხოვნებიდან გადახვევის შეზღუდვაა.

პარალელურად, Microsoft-მა პრეზენტაცია შვიდი ახალი ენობრივი და ვიზუალური მოდელი გამოუშვა. მომხმარებლებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება სისტემა MAI-Thinking-1, რომელსაც რთული ლოგიკური ამოცანების გადაჭრა შეუძლია. ასევე შეიქმნა ფოტოების გენერატორი პლატფორმა MAI-Image-2.5. ის პროგრამა PowerPoint-ში იქნება ჩაშენებული და მომხმარებელს პრეზენტაციების აწყობაში დაეხმარება. სიახლეები ხმოვან მოდელებსაც შეეხო. კერძოდ, განახლებულ ტრანსკრიფციის მოდელს 15 ახალი ენა დაემატა, თუმცა მათ შორის ქართული ჯერ არ გვხვდება.

Microsoft-მა გაზრდილი კონკურენციის ფონზე კოდის დასაწერი პროგრამა MAI-Code-1-იც წარადგინა და პლატფორმა GitHub-ზე უკვე აიტვირთა. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის აგენტების გამოყენებით ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, ამისთვის ახალი საძიებო ინსტრუმენტი Web IQ გაეშვა.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა ღონისძიებაზე AI-ზე მორგებული ოპერაციული სისტემაც წარადგინა. საუბარია Project Solara-ზე, რომელიც უშუალოდ აგენტებზე ორიენტირებული მოწყობილობებისთვის იმუშავებს. სცენაზე ინჟინრებმა კომპანია Qualcomm-ის ჩიპზე მომუშავე სპეციალური დასაკიდი მოწყობილობა The Badge-ი წარადგინეს. ის ვიზუალურად დასაკიდ საშვს ჰგავს, თუმცა რეალურად ტელეფონის მსგავსი ფუნქციებითაა აღჭურვილი. კერძოდ, მორგებულია ყველა იმ AI მოწყობილობას, რომელსაც Microsoft-ი უშვებს და დაგეხმარებათ მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დავალებების შესრულებაში. მაგალითისთვის, თუ საწყობში იმყოფებით და აღწერას აწარმოებთ, ჩაშენებული კამერის დახმარებით გადაიღებთ, თუნდაც ყუთს და მონაცემები ავტომატურად აღიბეჭდება Microsoft-ის აპლიკაციაში. მისი განბლოკვა თითის ანაბეჭდით იქნება შესაძლებელი, მასთან კომუნიკაცია კი ხმოვანი ბრძანებებითაც შეგეძლებათ.

გარდა დასაკიდი ბეიჯისა, მწარმოებელმა Project Solara-ს ფარგლებში MediaTek-ის ბაზაზე აწყობილი სახლის ჭვკიანი მოწყობილობაც წარადგინა. ის Microsoft 365-თან არის ინტეგრირებული და მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე სრულ წვდომას მისცემს.

პრეზენტაციის ფარგლებში სატია ნადელამ ინოვაციური კვანტური ჩიპი Majorana 2-ც გასაჯაროვა. წინა თაობის ალუმინის დეტალების ნაცვლად, ახალ მოწყობილობაში ტყვიის მასალები გამოიყენება. ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტა მიზნად კუბიტების სიცოცხლისუნარიანობის 20 წამამდე გაზრდას ისახავს. Microsoft-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს პროგრესი სრულყოფილი კვანტური კომპიუტერის გამოშვებას დააჩქარებს და რეალური შედეგის მიღწევას 2029 წლისთვის გახდის შესაძლებელს.

შეგახსენებთ, Microsoft Build-ი ტექნოლოგიური გიგანტის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური დეველოპერთა კონფერენციაა. ღონისძიებაზე კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიებსა და სამომავლო სტრატეგიულ გეგმებს ასაჯაროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები