„ბევრს შევეჯიბრები ამ ქვეყნის სიყვარულში და მათ შორის - გაკეთებული საქმეებითაც. რაც შეეხება გარემოს დაცვას, ჩემთვის ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ რაკი ბიზნესში ვარ, მოწოდებული ვარ, გარემო დავანაგვიანო ან გავაფუჭო“, - ეს განცხადება ფარმაცევტული ქსელის „ჯიპის“ დამფუძნებელმა დავით კილაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ გააკეთა. ინტერვიუს თემა, გარემოზე ზრუნვის მოტივით, მთავრობის მიერ პლასტიკის აკრძალვის გადაწყვეტილება იყო.
Go Time - დავით კილაძე საქართველოში სპორტული სასმელების წარმოებას იწყებს|ინვესტიცია₾7 მილიონამდეა
Go Time - ასე ჰქვია სპორტული სასმელების მწარმოებელ ქარხანას, რომელსაც დავით კილაძე ამჟამად ნატახტარში აშენებს. ბიზნესმენის ინფორმაციით, ₾7-მილიონიან პროექტს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით ახორციელებს.
სხვა მწარმოებლების მსგავსად, ბიზნესმენმა დავით კილაძემაც უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სახელმწიფოს მხრიდან მწარმოებლებთან კომუნიკაცია არ შემდგარა. ის უარყოფს ოფიციალური პირების განცხადებებს, თითქოს რეგულაცია ბიზნესთან კოორდინაციით მომზადდა.
„პირველად გავიგე იმ დღეს, ორი-სამი დღის უკან... ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემთვის არავის არაფერი არ უკითხავს. ვინ იცოდა, არ ვიცი; მე არ ვიცოდი", - თქვა დავით კილაძემ.
ამასთან, ბიზნესმენი იწონებს BMG-ის კითხვის პასუხად, 16 მარტს, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საჭიროა, საკითხის ისეთი გადაწყვეტა, სადაც ბიზნესის, გარემოსა და ჯანმრთელობის რისკები თანაბრად იქნება გათვალისწინებული.
„ერთი, რასაც ვერ დავუკარგავ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არის ის, რომ მოსმენა იციან. ბიზნესის მოსმენა შეუძლიათ“, - თქვა დავით კილაძემ.
ბიზნესმენმა „წერტილთან“ ინტერვიუში ასევე ისაუბრა ბიზნესმენებთან დაკავშირებით არსებულ იმ მცდარ აღქმებზე, რაც ხშირად პოლიტიკურ განცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს უდევს საფუძვლად.
- გარემოს დაცვის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესი ადაპტირდება არსებულ რეალობაშიო... რა შთაბეჭდილება გრჩებათ - რატომ ჩათვალა მთავრობამ, რომ პლასტიკის აკრძალვას ალტერნატივა არ ჰქონდა? „მინიმუმ ტოტალურ უცოდინარობასთან გვაქვს საქმე! უფრო უარესი სცენარი - მავნებლობაა!“ - ასე გამოეხმაურეთ სოციალურ ქსელში პლასტიკის აკრძალვის გადაწყვეტილებას და არც "კორუფციული საფუძველი" გამორიცხეთ...
- ვერც ვერაფერს დავამტკიცებ ამ ეტაპზე, მაგრამ ვერც ვერაფერს უარვყოფ. მაქვს გამოცდილება, რომ ეჭვის თვალით ვუყურო გარკვეულ გადაწყვეტილებებს და ამაზე მეტს ახლა არ ვიტყვი. შესაბამისად, შეხედეთ: ბიზნესი კი არ უნდა „ადაპტირდებოდეს“, ბიზნესი და სახელმწიფო ერთად აკეთებენ ქვეყნის საქმეს, ეს არის ნორმალური მოვლენა. ნორმალურია, როდესაც ბიზნესმენი, ვინც დოვლათს ქმნის და სახელმწიფო მოხელე, ვინც მას ამ საქმეში ეხმარება, ერთად აშენებენ ქვეყნის სიძლიერეს. აი, ეს მიდგომა არის ჯანსაღი საზოგადოების საფუძველი. როდესაც ხდება ზღვრის გავლება, რომ „შენ იმის გამო, რომ ბიზნესმენი ხარ, შეიძლება მავნებელი იყო“, ეს ჩემთვის ცალსახად მიუღებელია... კიდევ გავიმეორებ, ბევრს შევეჯიბრები ამ ქვეყნის სიყვარულში და მათ შორის - გაკეთებული საქმეებითაც. რაც შეეხება გარემოს დაცვას, ჩემთვის ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ რაკი ბიზნესში ვარ, მოწოდებული ვარ გარემო დავანაგვიანო ან გავაფუჭო. პირიქით, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მომავალში [სპორტული სასმელების საწარმო პროექტი] ისე განვითარდეს, რომ გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყოს...
- ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პლასტიკის აკრძალვის გადაწყვეტილება შუალედურია და შეიძლება, გადავადდეს ან შეიცვალოს, რაზე მეტყველებს - ვერ იაზრებენ შესაძლო შედეგებს, ვერც ბიზნესთან კომუნიკაციის მნიშვნელობას თუ ესეც ბიზნესთან ურთიერთობის ერთგვარი სტრატეგიაა?
- ძალიან დრამატულად ნუ შევხედავთ... ერთი, რასაც ვერ დავუკარგავ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არის ის, რომ მოსმენა იციან. ბიზნესის მოსმენა შეუძლიათ.
- თუმცა თითქოს „უყვართ“ პრობლემების შექმნა, რომ მერე თავადვე მოაგვარონ...
- პრემიერის განცხადება აზრს მოკლებული არაა; ძალიან საღი მიდგომაა და მომწონს, სხვანაირად ვერ ვიტყვი; მაგრამ ვერასოდეს შევეგუები იმას, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ასე სწრაფად და ნაჩქარევად. ყველამ ყველაფერი არ იცის. მეც ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, ხუთ ენაზე ვსაუბრობ, მაგრამ სულ ვცდილობ ცოდნა გავიზარდო. არ შეიძლება, ჩაიკეტო კაბინეტში და გეგონოს, რომ ყველაფერი იცი. ამიტომ, გადაწყვეტილებამდე ვისაუბროთ, გავმართოთ დიალოგი და არა მერე - ფორსირებულ რეჟიმში, როცა ჯერ შეტევას იგერიებ და მერე ჯდები განსახილველად.
- რა გავლენას ახდენს მსგავსი შემთხვევები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე - ინვესტორი ხომ ყველგან სტაბილურ და პროგნოზირებად გარემოს ეძებს?
- ერთი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ომის ქარცეცხლი არ არის და ეს ძალიან კარგია, თუ ირგვლივ სამეზობლოს შევხედავთ, მაგრამ ყოველთვის გავაკრიტიკებ მიდგომას, როდესაც გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის გარეშე მიიღება. ბიზნესს უყვარს სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. თითოეულმა ადამიანმა, ვისაც ქვეყნისთვის ერთი აგურის დადება მაინც შეუძლია, უნდა გამოვნახოთ რესურსი დიალოგისთვის. ეს კონკრეტული გადაწყვეტილება მცდარია და ეფუძნება უცოდინარობას. ადრე რომ ყოფილიყო დიალოგი, ბევრად უკეთესი იქნებოდა; თუმცა ახალი ინდუსტრიის [პლასტიკის ნარჩენების გადამუშავების] გაჩენის პერსპექტივა ძალიან საინტერესოა და მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო პროცესში.
- რას უნდა დავუსვათ წერტილი საქართველოში?
- წერტილი უნდა დავუსვათ კორუფციას. ყველა აქტორი, ვინც ეკონომიკას ქმნის, უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენი პროდუქტი თუ სერვისი სხვა ქვეყნის მცხოვრებლისთვის გახდეს საინტერესო. თუ ამაზე ვართ ორიენტირებული, მაშინ ჩვენ - ისინი, ვინც ბიზნესს ვქმნით და ისინი, ვინც რეგულაციებს აწესებენ, ერთ გუნდში ვმუშაობთ. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ „შავ კატას ვეძებთ ბნელ ოთახში“.
- ხშირად ხელისუფლება ბიზნესმენებს „ჭარბი მოგებისადმი“ მიდრეკილებაში, „სიხარბეში“ ადანაშაულებს. როდესაც მსგავს განცხადებებს ისმენთ, რა განწყობა გეუფლებათ?
- ჩემი პრაქტიკიდან გეტყვით: აი, მოდით „ჯიპისის“ ეპოქა გავიხსენოთ. ამ კომპანიას ბევრად მეტი ღირებული აქვს შექმნილი ჯანდაცვის სფეროსთვის, ვიდრე უბრალოდ მოგებაა... ელემენტარულად, იმუნიზაციის პროექტი ან ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირების პროგრამა - ეს ჩემი დიდი სიამაყეა. რა თქმა უნდა, კომერციული ორგანიზაცია ორიენტირებულია მოგებაზე, სხვანაირად როგორ იქნება?! მაგრამ მთავარია, ის ქმნიდეს ისეთ ფასეულობას, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია.




























