"მეღვინეობა კაჭრეთი" ფრანგული კონიაკის NAPOLEON-ის მასშტაბურ წარმოებას აპირებს. ამის შესახებ bm.ge-ს მეღვინეობის დირექტორმა ნათია კარიჭაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უკვე მიღებული აქვთ რამდენიმე მილიონი ბოთლის შეკვეთა.
"ზუსტი რიცხვის დასახელება ამ ეტაპზე არ შემიძლია, თუმცა დაგეგმილია მასშტაბური წარმოება", - განაცხადა კარიჭაშვილმა.
მისივე თქმით, კონიაკის ექსპორტს ჩინეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გეგმავენ.
რამდენიმე დღის წინ მეღვინეობას "ოცნების" მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რა დროსაც გახდა ცნობილი, რომ "მეღვინეობა კაჭრეთი" ფრანგული კონიაკის ბრენდის NAPOLEON-ის წარმოებას იწყებს.
როგორც "მეღვინეობა კაჭრეთის" დირექტორმა bm.ge-ს განუცხადა, თანამშრომლობის ფარგლებში საფრანგეთიდან გამოიგზავნება მასალა (საკონიაკე სპირტი) საქართველოში და კაჭრეთში მოხდება მისი დამუშავება. ბოთლზე კი როგორც საქართველო, ასევე საფრანგეთი იქნება მითითებული.
"არის ადგილწარმოშობის დასახელება, რომელიც საფრანგეთის ქალაქ კონიაკთანაა დაკავშირებული. ჩვენი პარტნიორი კომპანია “Tessendier & Fils Distillery” წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებელს კონიაკის რეგიონში, სწორედ მათი ნედლეული არის ჩვენი პროდუქციის საფუძველი. აღნიშნული ნედლეული იგზავნება საფრანგეთიდან, კონიაკიდან და მუშავდება საქართველოში, კაჭრეთში", - განუცხადა ნათია კარიჭაშვილმა bm.ge-ის.
მისივე თქმით, "მეღვინეობა კაჭრეთი" ამჟამად არ არის წარმოდგენილი ბაზარზე საკუთარი ბრენდით. მეღვინეობა მომსახურებას უწევს სხვადასხვა კომპანიას და მათ პროდუქციას, მათ შორის რვინოს, ბრენდსა და ჭაჭარს აწარმოებს საკუთარ ქარხანაში.
"ჩვენი კომპანია ფლობს 5 000-ზე მეტ მუხის კასრს. ასევე ვგეგმავთ ამ მიმართულების განვითარებას — შევიძენთ დამატებით კასრებს და კიდევ უფრო გავაძლიერებთ წარმოების ამ სფეროს. კასრების რაოდენობა 2026 წელს მიაღწევს 25 000-ს", - განაცხადა ნათია კარიჭაშვილმა.
ცნობისთვის, სამეწარმეო რეესტრის თანახმად, "მეღვინეობა კაჭრეთის" 100%-იან წილს შპს "მილადა ინტერნეშინელი" ფლობს, თავის მხრივ "მილადა ინტერნეშინელის" 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილია, რომელიც ასევე ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის Bolero & Company-ის დამფუძნებელია.
რა შემოსავალი აქვს საქართველოში ღვინის და ბრენდის უმსხვილეს მწარმოებელ ჯგუფს




























