შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის კვეთის მესამე კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო წელს უფრო მეტმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა.
9 თვის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა სწორედ რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. მთლიანობაში რუსეთიდან 1,508,187 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო საქართველო დატოვა რუსეთის 1,528,193 მოქალაქემ. შესაბამისად, ქვეყნიდან 20,006-ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
საზღვრის კვეთის სტატისტიკაში არაა დაზუსტებული ეს პირები ქვეყანაში რამდენ ხანს დარჩნენ, თუმცა საერთო ტენდენცია მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნიდან შედარებით უფრო მეტი რუსი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
უშუალოდ მესამე კვარტალში კი საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა 766,278 შემოსვლა და 780,514 გასვლა დაფიქსირდა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დეტალური სტატისტიკა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ აქვს.