"ჩვენ არ ვართ კმაყოფილები მიგრაციის მაჩვენებლით, თუმცა მინდა გავიხსენო, რომ თქვენს დროს, დაახლოებით 225 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა", - ასე მიმართა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ნაციონალური მოძრაობის წევრებს.
კობახიძის თქმით, როდესაც ჩვენი ეკონომიკა გახდება 200-300 მილიარდი ლარი, მიგრაცია შეიძლება არა თუ შენელდეს, არამედ, პირიქით შეიძლება სხვებიც ჩამოვიდნენ საქართველოში.
„რაც შეეხება იმას, რატომ წავიდნენ ადამიანები საქართველოდან: მიგრაცია გვქონდა 90-იან წლებში, მოგვიანებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და მიგრაცია არის ჩვენს პერიოდშიც. ჩვენ არ ვართ კმაყოფილები მიგრაციის მაჩვენებლით, თუმცა მინდა გავიხსენო, რომ თქვენს დროს, დაახლოებით 225 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ჩვენს პირობებში, 2014 წლიდან დაახლოებით 20 ათასით გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა, გვაქვს არასათანადო სურათი, არ მოგვწონს ის მაჩვენებელი, რაც გვაქვს მიგრაციის სფეროში, მაგრამ თქვენი ხელისუფლების მონაცემები რომ ავიღოთ, როცა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ნეგატიური სალდო იყო ამდენი, 2014 წლის შემდეგ კი გვაქვს პოზიტიური სალდო. ეს რატომ მოხდა იცით? 2012 წლამდე ეკონომიკა მაქსიმუმ იყო 27 მილიარდი ლარი და ჩვენს პერიოდში არის 80 მილიარდი ლარი. თან ეს ხდება ვიზალიბერალიზაციის პირობებში, რამაც კიდევ უფრო გააადვილა ქვეყნიდან გასვლა.
ანუ იმის გამო, რომ თქვენ დროს ეკონომიკა იყო მიზერული, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას. დღესაც გვაქვს პრობლემა, იმიტომ, რომ 80 მილიარდი ლარიც არის ცოტა. როდესაც ჩვენი ეკონომიკა გახდება 200-300 მილიარდი ლარი, მიგრაცია შეიძლება არა თუ შენელდეს, არამედ, პირიქით შეიძლება სხვებიც ჩამოვიდნენ საქართველოში, გარკვეულ სექტორებში ეს ტენდენცია ახლაც შეინიშნება. ბერვად მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან თქვენი ხელისუფლების პირობებში, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემებიც. ჩვენ დროს არის პოზიტიური სალდო, თქვენ დროს იყო უზარმაზარი ნეგატიური“, - განაცხადა კობახიძემ.