მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრაციის ეფექტი ჩვენს ეკონომიკას ნელ-ნელა ეხსნება, განსაკუთრებით ფულად გზავნილებს - ირაკლი ჟვანია

ირაკლი ჟვანია

„ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორის, ირაკლი ჟვანიას შეფასებით, ფულადი გზავნილების ნაწილში მიგრანტების ეფექტი მნიშვნელოვანწილად ამოწურულია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ რუსი მიგრანტების დიდი რაოდენობა მიიღო, რამაც რუსეთიდან ფულადი გზავნილები რეკორდულად გაზარდა. მიმდინარე წელს კი, ქვეყანაში ფულადი გზავნილების კლება ფიქსირდება, რასაც რუსეთიდან გზავნილების ვარდნა განაპირობებს.

ირაკლი ჟვანიამ BMG-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსი მიგრანტების ნაწილმა ქვეყანა დატოვა, ხოლო ვინც ისევ აქ ცხოვრობს, ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთიდან გადმორიცხვებზე.

"რუსეთიდან მიგრაციის ეფექტი ნელ-ნელა ეხსნება ჩვენს ეკონომიკას, განსაკუთრებით ფულად გადმორიცხვებს, რაც მოსალოდნელი იყო. მიგრაციულ ეფექტს მოჰყვებოდა გაზრდილი ჩარიცხვები. მიგრანტები ცხოვრობდნენ საქართველოში, მაგრამ შემოსავალს იღებდნენ რუსეთში. დღეს ეს ყველაფერი გადალაგდა სხვანაირად, დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო, დარჩენილების ნაწილი აღარ იღებს შემოსავალს რუსეთიდან, თუმცა ის ჩარიცხვებიც კი, რომლებიც შეიძლება იყოს აქ მყოფი ადამიანებისთვის, ამ სტატისტიკაში აღარ ხვდება.

რთულია თქმა მიგრაციის ეფექტი რამდენად სრულად ამოიწურა. ალბათ, რაღაც პროცენტით მაინც დარჩა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ამოწურულია. თუ რუსეთიდან მიგრანტების ახალი ტალღა არ მივიღეთ, ალბათ ახალი წონასწორობის წერტილი შეგვიძლია დავარქვათ იმას, რაც წელს ხდება - იქნება ყოველწლიური ზრდა, ალბათ უფრო ამერიკიდან და ევროპიდან ჩარიცხვების და რუსეთიდან გზავნილების ის ნიშნული, რაც დღეს არის და მეტია უკრაინაში ომამდე არსებულზე, იქნება ის ლოგიკური ჩარიცხვები, რაც ქვეყანას უნდა მიეღო",- აღნიშნა ირაკლი ჟვანიამ.

ამასთან, ის აშშ-დან და ევროკავშირიდან გზავნილების მატების ტენდენციას საქართველოდან ემიგრაციის ზრდით ხსნის.

"აშშ და იტალია ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყვნენ და დღეს უკვე ლიდერები არიან. ამას იქ მცხოვრები ადამიანების რაოდენობის ზრდა განაპირობებს. როგორც ვიცით, ადამიანები იქ ძირითადად იმისთვის შრომობენ, რომ თანხა გამოაგზავნონ საქართველოში. ემიგრანტების გაზრდილი რაოდენობა განაპირობებს, რომ ლიდერობენ ევროპა, ამერიკა და ალბათ ეს ასეც შენარჩუნდება, თუ რაიმე არსებითი ცვლილებები არ მოხდა მომავალში ამ ქვეყნების ჭრილში",- ამბობს ირაკლი ჟვანია.

საქართველოში ფულადი გადმორიცხვები იკლებს. სებ-ის მონაცემებით, 2024 წლის პირველ 10 თვეში, ქვეყანაში შემოსული გზავნილების ნაკადების მოცულობამ 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 731 მილიონი დოლარით, ანუ 21%-ით ნაკლებია. მაჩვენებლის ასეთი კლება რუსეთიდან გზავნილების მკვეთრ, 65%-იან ვარდნას უკავშირდება. რაც თავის მხრივ მიგრანტების ეფექტის მილევის შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები