მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მიჰყევი ფულს“: ნახევარმილიარდიანი ვალი & სახელმწიფო განათლების ხაფანგი| ელენე კვანჭილაშვილი

მსოფლიო ბანკი

„განათლებაში ინვესტიციების მნიშვნელობის აღიარებით სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური თანასწორობისთვის, მსოფლიო ბანკი აგრძელებს საქართველოში ორი მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას — ესენია: პროექტი „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ (I2Q), რომელიც 2019 წელს დაიწყო, და „ადამიანური კაპიტალის პროგრამა“, რომელიც 2022 წელს დამტკიცდა“. ორივე მათგანი თანხვედრაშია საერთო მიზანთან, რაც გულისხმობს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მთელ საგანმანათლებლო სისტემაში ხარისხისა და რელევანტურობის გაძლიერებას. აქტივობები მოიცავს საფეხურებს ადრეული ასაკიდან უმაღლეს განათლებამდე (პროფესიული განათლების გამოკლებით) და მათი იმპლემენტაცია გეგმის მიხედვით გრძელდება. ამ აქტივობების ამოცანები და სამიზნე მაჩვენებლები თავიდანვე იყო განსაზღვრული და კვლავინდებურად აქტუალური რჩება“ – მსოფლიო ბანკის პასუხი „ანალიტიკა“–ს; 4 მარტი 2026

ეს პასუხი მივიღე მსოფლიო ბანკის საგარეო ურთიერთობათა სამსახურიდან ჩემს კითხვაზე - ქართული ოცნების მიერ განათლების სისტემაში გათვალისწინებული რადიკალური ცვლილებების ფონზე - რა ბედი ეწევა ნახევარმილიარდიან სესხს, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკისგან იღებს და რომელიც დიახ - თავდაპირველი ვერსიით - ინოვაციურობის, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ხარისხის და რელევანტურობის გაძლიერების გარანტი უნდა ყოფილიყო?

სამწუხაროდ, ბანკიც ამ ეტაპზე და ბანკთან დაკავშირებული ექსპერტებიც მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. საავტორო გადაცემაში მე გიზიარებთ ჩემს არგუმენტირებულ ანალიზს. დღევანდელი ანალიზის აქცენტი იქნება კონკრეტულად უმაღლესი განათლება, კონკრეტულად სახელმწიფო უნივერსიტეტების ჭრილში - ჩარჩო კი მიჰყევი ფულს - follow the money.

მსოფლიო ბანკის ხედვა & ახალი პოლიტიკური რეალობა

მსოფლიო ბანკის მიერ ნახსენები პირველი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ - უმაღლესი განათლების ნაწილში ფოკუსირებულია ფინანსურ მდგრადობაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე და სტუდენტთა აკადემიური მიღწევების წახალისებაზე.

მეორე დოკუმენტი - „ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ - უმაღლეს განათლებას განიხილავს არა როგორც ცალკეულ სექტორს, არამედ როგორც ადამიანური კაპიტალის ჯაჭვის ნაწილს, სადაც სახელმწიფო ინვესტიცია პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ უკუგებასთან.

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს განათლების სისტემისთვის ამ კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბების შემდეგ - რაც ბანკის ეგიდით, ქვეყნისთვის ამბიციური რეფორმა გამოდიოდა და სცდებოდა, მხოლოდ საბანკო პრინციპებს, არამედ, ხაზს უსვამდა მსოფლიო ბანკის, როგორც განვითარების ქოლგის მნიშვნელობასაც - ქართულმა ოცნებამ განათლების სისტემაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა: ავტონომიურობა ჩაანაცვლა ცენტრალიზებული მიდგომით; ხელმისაწვდომობა - ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის მოდელით; სტუდენტის დაფინანსება - პრიორიტეტული დაფინანსებით და აქცენტი ტრანსფერული უნარების მნიშვნელობიდან, ანუ კომპეტენციების მნიშვნელობიდან სპეციალობებზე გადაიტანა.

რამდენიმე ღია კითხვა მსოფლიო ბანკთან

ჩემი დაკვირვებით, ამან მოიტანა ის, რომ დღეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საბიუჯეტო დახმარებას უფრო დაემსგავსა, ვიდრე განათლების სისტემის ტრანსფორმაციულ რეფორმას. მაგალითად: ქართული ოცნების მიერ გადატანილ აქცენტს დარგობრივ პრიორიტეტებზე მსოფლიო ბანკი პასუხობს "პროგრამის თვითღირებულების ანალიზით" – Unit Cost Analysis. მაგრამ თუ სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებს კონკრეტულ სპეციალობებს, ის ავტომატურად ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას და ინტერესის და მოთხოვნის მიერ ნაკარნახევ კომპეტენციებს, რაც მსოფლიო ბანკის პროექტების ამოსავალი წერტილია. გამოდის, ღია რჩება კითხვა: როგორ შეიძლება "შედეგზე დაფუძნებულმა დაფინანსებამ" - PBF-მა - იმუშაოს სისტემაში, სადაც პრიორიტეტები ზემოდან, პოლიტიკურად არის განსაზღვრული?

ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი - ამ დოკუმენტიდან განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ მსოფლიო ბანკმა დაფინანსება სამინისტროს ახალ მოთხოვნებს მოარგო. მაგალითად: გააფართოვა უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი. მაგრამ ღიად რჩება კითხვა: მსოფლიო ბანკის მიერ სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმართული ინსტრუმენტები - მაგალითად: ციფრული მართვის და დაფინანსების მოდელები - ხომ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკური კონტროლის გასაძლიერებლად იმ უნივერსიტეტებზე, რომლებიც "ახალ პრიორიტეტებში" ვერ ჩაჯდებიან?

რესტრუქტურიზაციის დოკუმენტში რისკები კვლავ "ზომიერადაა" შეფასებული. ღია რჩება კითხვა: კიდევ რა რადიკალური ცვლილებები შეიძლება შესულიყო განათლების სისტემაში სრულიად მოულოდნელად და ერთპიროვნულად, რაც ქვეყანაში საგანმანათლებლო პრიორიტეტების პოლიტიკური კონიუქტურის მიხედვით შეცვლაზე მიუთითებს - რომ რისკები როგორც მაღალი ისე შეფასებულიყო?

ინკლუზიურობა & გეოგრაფიული ბარიერები

სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები ჯერ არ მაქვს. ნაწილობრივ, შესაძლოა, ამიტომაც - ნახევარმილიარდიანი სესხის ორმაგ ცხოვრებას უფრო მკაფიოდ ვხედავ - ერთი მხრივ, გვაქვს მსოფლიო ბანკის დოკუმენტებით გაწერილი მიზნები, ხოლო მეორე მხრივ — ლოკალური რეფორმა, რომელიც სრულიად სხვა, ცენტრალიზებული ლოგიკით მოქმედებს. განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითებზე:

მსოფლიო ბანკის დოკუმენტებში ინკლუზიურობა ნიშნავს, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა, როდესაც სახელმწიფო გადადის „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ მოდელზე, ინკლუზიურობა ფურცელზე შეიძლება დარჩეს.

მაგალითად: თუკი წალენჯიხელ სტუდენტს სურს გახდეს აგრო-ინჟინერი, მაგრამ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ინჟინერიის ფაკულტეტი მხოლოდ ქუთაისში უნდა იყოს, ამ სტუდენტისთვის განათლების ფასი მომენტალურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სესხის პირობით მისი სწავლის საფასური შეიძლება სახელმწიფომ დაფაროს, მისი ყოველდღიური ხარჯი — ბინის ქირა, კვება და ტრანსპორტი — ხდება ბარიერი. აქ ინკლუზიურობა მარცხდება, რადგან ნახევარ-მილიარდიანი სესხი აფინანსებს სისტემას, რომელიც სტუდენტს მშობლიური გარემოდან მოწყვეტას აიძულებს, რაც ღარიბი ოჯახებისთვის განათლებას ფუფუნებად აქცევს.

ბანკის სესხი არ ითვალისწინებს სტუდენტთა მობილობის, კერძოდ კი ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯების დაფინანსებას. ეს ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების შვილები გახდნენ საკუთარი რეგიონის პროფილის ტყვეები.

მაგალითად: ახალციხელი ახალგაზრდა, რომელსაც მაღალტექნოლოგიური სფერო აინტერესებს, მაგრამ მისი რეგიონის უნივერსიტეტს მხოლოდ ჰუმანიტარული პროფილი დაუტოვეს, ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა საერთოდ სისტემის მიღმა აღმოჩნდეს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ბანკის მიერ დეკლარირებულ ინკლუზიურობის პრინციპს და ქმნის სიტუაციას, სადაც განათლებაზე წვდომა დამოკიდებული ხდება არა ნიჭზე, არამედ გეოგრაფიულ და ეკონომიკურ იღბალზე.

კონკურენცია & მერიტოკრატიის არსი

მსოფლიო ბანკის მიერ დანერგილი შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი, ანუ PBF-ი, იმისთვის შეიქმნა, რომ მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტებმაც იბრძოლონ სტუდენტების მოსაზიდად და მათი დასაქმების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. თუმცა, როდესაც სახელმწიფო აწესებს მკაცრ კვოტებს და რეგიონულ უნივერსიტეტებს აიძულებს მხოლოდ კონკრეტული პროფილით მუშაობას, ეს კონკურენტული ბერკეტი აზრს კარგავს.

მაგალითად: თუ თელავის უნივერსიტეტს ადმინისტრაციულად განესაზღვრება მხოლოდ აგრარული მიმართულება, ის აღარ არის მოტივირებული გააუმჯობესოს სწავლის ხარისხი სხვა სფეროებში, რადგან მისი შემოსავალი გარანტირებულია არა ბაზრის მოთხოვნით, არამედ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ადგილებით. ასეთ დროს ბანკის მიერ დაფინანსებული თანამედროვე ციფრული სისტემები, როგორიცაა EMIS-ი ან HEMIS-ი, მხოლოდ სტატისტიკის აღრიცხვის ინსტრუმენტებად შეიძლება იქცეს და არა რეალური განვითარების მამოძრავებლად.

ბანკის დოკუმენტები ითხოვს დამსახურებაზე დაფუძნებულ (merit-based) დაფინანსებას, რაც სტუდენტს მოტივაციას უქმნის, კარგად ისწავლოს გრანტის შესანარჩუნებლად. თუმცა, ცენტრალიზებულ სისტემაში, სადაც სახელმწიფო წყვეტს, რომელ ქალაქში რა ისწავლებოდეს, მერიტოკრატია კარგავს აზრს.

წარმოიდგინეთ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი ოზურგეთიდან, რომელსაც სურს საერთაშორისო ურთიერთობების სწავლა, მაგრამ „ოპტიმიზაციის“ სახელით ეს ფაკულტეტი მხოლოდ თბილისშია კონცენტრირებული. მისი „დამსახურება“ და მაღალი ქულები ვერ აზღვევს იმას, რომ მას სხვა ქალაქში საცხოვრებელი ფული არ აქვს. აქ მერიტოკრატია ეჯახება გეოგრაფიულ დეტერმინიზმს — შენი წარმატება შეიძლება ჩამოეკიდოს არა მხოლოდ შენს ნიჭს, არამედ იმას, აღმოჩნდება თუ არა შენი არჩეული სპეციალობა შენსავე ქალაქში.

გლობალური კონკურენტუნარიანობა & STEAM მიდგომა

მსოფლიო ბანკი გვასესხებს ფულს იმისთვის, რომ ქართველი კურსდამთავრებული – მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდანაც – იყოს გლობალურად კონკურენტუნარიანი — ფლობდეს ტრანსფერულ უნარებს, რომლებიც მუშაობს როგორც თბილისში, ისე, მაგალითად - ბერლინში.

ამ დროს, ცენტრალიზებული რეფორმა, რომელიც ფოკუსირებულია „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ მოდელზე, ქმნის აკადემიურ იზოლაციას. უნივერსიტეტი, რომელიც მხოლოდ ერთ დარგშია სპეციალიზებული, კარგავს მულტიდისციპლინურობას.

მაგალითად: თანამედროვე გლობალურ ბაზარზე აგრონომს სჭირდება IT ცოდნა და ბიზნეს-მენეჯმენტი. თუ აგრარული ფაკულტეტი იზოლირებულადაა რეგიონში, სადაც სხვა დისციპლინები არ არსებობს, ჩვენ ვიღებთ კადრს, რომელიც მხოლოდ ლოკალური, დღევანდელი ბაზრისთვისაა გამოსადეგი და სრულიად არაკონკურენტუნარიანია გლობალურად.

ბანკი დიდ ინვესტიციას დებს STEAM მიდგომაშიც, რაც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას და მათემატიკას და რაც თავისი არსით მულტიდისციპლინარულია.

„ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ მოდელი კი - პირიქით - ანტი-მულტიდისციპლინარულია. მულტიდისციპლინარულობა მოითხოვს სხვადასხვა ფაკულტეტების ფიზიკურ და ინტელექტუალურ სიახლოვეს, რათა, მაგალითად, ინჟინერმა და ეკონომისტმა ერთობლივ სტარტაპ-პროექტზე იმუშაონ. სპეციალიზაციის პირობებში კი ეს კავშირები ადმინისტრაციულად იხლიჩება.

მსოფლიო ბანკი აფინანსებს ინფრასტრუქტურას და ტრენინგებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ინტერდისციპლინარულ კვლევებსა და სწავლებას.

ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული მოდელი სტუდენტებს დარგობრივ „საიზოლაციო ყუთებში“ ანაწილებს.

მაგალითად: თუ ბანკის მიერ დაფინანსებული კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) გასცემს გრანტს მულტიდისციპლინარული ლაბორატორიისთვის, მისი ეფექტიანობა ნულდება, თუ უნივერსიტეტს სხვა პროფილის ფაკულტეტები ჩამოართვეს და ლაბორატორიასთან ურთიერთქმედების მქონე სტუდენტთა მრავალფეროვნება გაქრა.

ჭკვიანი დაზღვევის მექანიზმები & მათი ეფექტიანობა

ცხადია, მსოფლიო ბანკი, რომელმაც უკვე საკმაო თანხები დახარჯა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ქვეყანაში და რომელიც, ალბათ, საკუთარი მარცხის რისკსაც სათანადოდ აფასებს - დატვირთულია ე.წ. „ჭკვიანი დაზღვევის“ მექანიზმებით, რომლებიც მიზნად ისახავს პროექტის გადარჩენას მაშინაც კი, როცა ადგილობრივი პოლიტიკური ფილოსოფია ცენტრალიზაციისკენ იხრება.

მაგალითად: DLI (Disbursement Linked Indicators) ანუ ფული მხოლოდ შედეგისთვის - ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკი ფულს არ რიცხავს წინასწარ, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული ინდიკატორი შესრულდება და მას დამოუკიდებელი აუდიტი დაადასტურებს. მექანიზმი ასე მუშაობს: თუ პროექტი ითხოვს „დაფინანსების ახალ ფორმულას“, ფული მხოლოდ მისი დანერგვის შემდეგ გაიცემა. ეს აზღვევს იმას, რომ სახელმწიფო ვერ შეაჩერებს რეფორმას შუა გზაზე. თუმცა, ფორმულა შეიძლება შეიქმნას (და ფულიც ჩაირიცხოს), მაგრამ ის ისე იყოს კონსტრუირებული, რომ მხოლოდ სამინისტროსთვის პრიორიტეტულ, ვიწრო სპეციალობებს აფინანსებდეს, რაც კლავს პროგრამულ მრავალფეროვნებას.

მაგალითად: ციფრული გამჭვირვალობა (EMIS და LMS) - მილიონობით დოლარი იხარჯება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებზე. აქ მექანიზმი ასეთია: ბანკს აქვს წვდომა სტატისტიკაზე - რამდენი სტუდენტი ჩაირიცხა, რამდენმა მიატოვა სწავლა, როგორია დასაქმების მაჩვენებელი. ეს აზღვევს სისტემას სუბიექტური მანიპულაციებისგან. თუმცა, ეს ვერ აზღვევს იმ რისკს, რომ ქართული ოცნება ამ ციფრულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს არა სტუდენტის მხარდასაჭერად, არამედ უფრო მკაცრი ცენტრალიზაციისთვის — რათა უკეთ გააკონტროლოს, ვინ სად სწავლობს და „ზედმეტი“ პროგრამები ადმინისტრაციულად დახუროს.

მაგალითად: კონკურენტული გრანტების ფონდები (ISF) - „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ პროექტში ჩადებულია ფონდები, რომლებზეც უნივერსიტეტებმა კონკურსის წესით უნდა იბრძოლონ. მექანიზმი აქ ასეთია: ფულს იღებს არა ის, ვისაც სამინისტრო წყალობს, არამედ ის, ვისაც საუკეთესო ინოვაციური პროექტი აქვს. თუმცა, ცენტრალიზებული სპეციალიზაციის პირობებში, რეგიონულ უნივერსიტეტებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი დარგი დარჩათ, გაუჭირდებათ კონკურენცია გაუწიონ დიდ ცენტრებს. ეს გამოიწვევს ინოვაციის კონცენტრაციას მხოლოდ რამდენიმე წერტილში, რაც ეწინააღმდეგება ბანკის ინკლუზიურობის პრინციპს.

თანხვედრისა & აცდენის წერტილები სახელმწიფო განათლების სექტორში

ნახევარი მილიარდი დოლარის სესხი ნამდვილად არის ქვეყნისთვის უნიკალური შანსი, თუმცა მისი ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, მოხერხდება თუ არა სისტემის კონტროლის ამბიციისა და საერთაშორისო სტანდარტების მინიმალური თავსებადობის პოვნა ისე, რომ სისტემამ არ დაკარგოს მოქნილობა და განათლება სახელმწიფო სექტორში არ იქცეს მხოლოდ დიპლომირებული უმუშევრების წარმოების კონვეიერად.

მერჩივნა არგუმენტები თავად მსოფლიო ბანკს განემარტა უფრო დეტალურად და გაცდენოდა 1 აბზაცს, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბანკმა განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მთელ საგანმანათლებლო სისტემაში ხარისხისა და რელევანტურობის გაძლიერება უფრო ტექნიკურ დონეზე შეაფასა, ვიდრე შინაარსობრივზე.

მაქსიმალური თანხვედრა ჩანს მხოლოდ ციფრული და ტექნიკური ინფრასტრუქტურის ნაწილში - ორივე მხარე თანხმდება, რომ სისტემას სჭირდება ძლიერი ციფრული ბაზა სტუდენტების მონიტორინგისთვის. ბანკის მოთხოვნა „შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების“ (PBF) შესახებ ქართული ოცნების მხრიდან გაზიარებულია - „ფული წავა“ იქ, სადაც ციფრული პროგრესია.

ნაწილობრივი თანხვედრა ჩანს ხარისხის სტანდარტების ნაწილში - ტექნიკურად: ორივე მხარე ამბობს, რომ მაღალი საერთაშორისო სტანდარტები უნდა იყოს დაცული. თუმცა, შინაარსობრივად: ბანკისთვის ხარისხი ნიშნავს ინოვაციას და აკადემიურ თავისუფლებას, ხოლო რეფორმისთვის — კონტროლის გაძლიერებას. ორივე მხარე ამბობს, რომ განათლება უნდა პასუხობდეს ბაზარს. მაგრამ ბანკი ამას გლობალური კონკურენტუნარიანობის ჭრილში ხედავს, ქართული ოცნება კი — ეკონომიკის სამინისტროს 2026 წლის ლოკალური შრომის ბაზრის ანალიზის ჭრილში.

მინიმალური თანხვედრა ჩანს ინკლუზიურობისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის ნაწილში - სწორედ აქ იწყება სერიოზული აცდენა, რაც „მიჰყევი ფულს“ პრინციპით ნათლად ჩანს: ბანკი აფინანსებს სოციალურ გრანტებს - ეს სტუდენტების ფულადი დახმარებაა. რეფორმა კი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ მოდელით ზრდის სტუდენტის ირიბ ხარჯებს - როგორიცაა, მაგალითად: ტრანსპორტი, ბინა. ბანკის ფული აზღვევს სწავლის საფასურს, მაგრამ ვერ აზღვევს იმ ფიზიკურ ბარიერებს, რომლებსაც ცენტრალიზებული გეოგრაფიული გადანაწილება შექმნის.

ფუნდამენტური აცდენა ჩანს ავტონომიისა და ინოვაციის ნაწილში - აქ არის ყველაზე დიდი ნაპრალი. ბანკს სურს, რომ უნივერსიტეტმა თავად გადაწყვიტოს, რა არის ინოვაციური, სახელმწიფო კი ზემოდან, პოლიტიკურად უსაზღვრავს პრიორიტეტულ სპეციალობებს.

„ქართული ოცნების“ აქცენტი ვიწრო სპეციალობებზე და ეკონომიკის სამინისტროს 2026 წლის შრომის ბაზრის ანალიზზე, სისტემას „წარსულის მომსახურე პერსონალად“ აქცევს. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მოვამზადოთ ტექნოლოგიური ლიდერები, სახელმწიფო მოამზადებს კადრებს კონკრეტული საწარმოებისთვის ან სერვისებისთვის, რომლებიც დღეს არსებობს. ეს ნიშნავს, რომ 500 მილიონიანი სესხით საქართველო აშენებს არა ინოვაციურ მომავალს, არამედ დღევანდელი, დაბალტექნოლოგიური შრომის ბაზრის დეფიციტს "ვშტოპკავთ", რაც ინოვაციას, როგორც პროცესს, კლავს.

დასაქმება, როგორც მთავარი ინდიკატორი

და ბოლოს - დასაქმების ინდიკატორი: ამ ნახევარმილიარდიანი სესხის კონტექსტში ეს წარმოადგენს ერთგვარ „სასტიკ მოსამართლეს“, რომელიც რეფორმის წარმატებას არა გაცემული დიპლომების რაოდენობით, არამედ შემოსავლების სამსახურის ბაზაში გაჩენილი ახალი ჩანაწერებით ზომავს. მსოფლიო ბანკის ლოგიკით, თუ სახელმწიფო განათლებაში ვალს იღებს, ეს ვალი მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ კურსდამთავრებული ხდება მაღალპროდუქტიული გადამხდელი, რომელიც თავისი შრომით ქვეყნის ეკონომიკას ზრდის. თუმცა, როდესაც ამ მექანიზმს „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ მოდელს, კვოტირების სისტემას და ეკონომიკის სამინისტროს 2026 წლის შრომის ბაზრის ანალიზს ვადარებთ, ვხედავთ, როგორ გარდაიქმნება სახელმწიფო განათლების კონტექსტში, თავისუფალი შრომის ბაზარი ცენტრალიზებულ „დაკვეთად“.

წარმოვიდგინოთ კონკრეტული მაგალითი: სტუდენტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი „ოპტიმიზაციის“ შედეგად, რეგიონულ უნივერსიტეტში ვიწრო სპეციალობას ეუფლება, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ დათვალა, რომ 2026 წელს ამ დარგში დეფიციტი იქნება. მსოფლიო ბანკი ამ სტუდენტის დასაქმებას აკონტროლებს ციფრული ტრეკინგის სისტემით – Graduate Tracking System, რომელიც უნივერსიტეტის დაფინანსებას აბამს მათ შორის, კურსდამთავრებულის ხელფასს. ერთი შეხედვით, ეს გამჭვირვალე დაზღვევაა, მაგრამ რეალობაში ის „რელევანტურობის ხაფანგად“ შეიძლება გადაიქცეოს. თუ ბაზარზე მოთხოვნა შეიცვალა — რაც ინოვაციურ ეკონომიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა — ეს სტუდენტი აღმოჩნდება ჩიხში, რადგან მას არ აქვს ტრანსფერული უნარები და მოქნილობა, რაც ბანკის პროექტის თავდაპირველი მიზანი იყო. სახელმწიფო განათლების სისტემამ ის მოამზადა არა როგორც ინოვატორი, არამედ როგორც კონკრეტული ლოკალური ვაკანსიის შემვსები.

თუ სახელმწიფო გეგმარება შეცდა და კურსდამთავრებული ვერ დასაქმდა, სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიძლება დაკარგოს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილ „შედეგზე დაფუძნებულ“ ტრანშები. ეს ქმნის სისტემას, სადაც უნივერსიტეტი მოტივირებულია, სტუდენტი ნებისმიერ, თუნდაც დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე დაასაქმოს, რათა ფორმალურად შეასრულოს ბანკის ინდიკატორი და ფული მიიღოს.

„მიჰყევი ფულს“ – Follow the Money

საბოლოო ჯამში, „მიჰყევი ფულს“ ჩარჩო გვიჩვენებს, რომ დასაქმების ნაწილში ჩვენ შეიძლება მივიღოთ „ხელოვნური თანხვედრა“. მსოფლიო ბანკი ხედავს დასაქმებულ ადამიანს და თვლის, რომ ადამიანური კაპიტალის ინვესტიცია გამართლდა, თუმცა რეალურად ეს არის დაბალპროდუქტიული დასაქმება, რომელიც ვერ ქმნის ეკონომიკურ ნახტომს. ამდენად: ჩვენ ვიყენებთ ნახევარ-მილიარდიან სესხს იმისთვის, რომ დავაფინანსოთ სისტემა, რომელიც აკმაყოფილებს ბანკის ტექნიკურ კრიტერიუმებს, მაგრამ შინაარსობრივად სახელმწიფო განათლების სექტორში აწარმოებს კადრებს, რომლებიც გლობალურ ბაზარზე სხვებს კონკურენციას ვერ გაუწევენ.

გამოდის: შეიძლება ხელში შეგვრჩეს დასაქმება განვითარების გარეშე - პროცესი, სადაც ინდიკატორი „მწვანეა“, მაგრამ ქვეყანა მაინც რჩება დაბალტექნოლოგიური ეკონომიკისა და მზარდი საგარეო ვალის ამარა.

ბოლოს: ეს ნახევარი მილიარდი დოლარი არ არის გრანტი, არ არის საჩუქარი - სესხია, ვალია, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ. პროგრამის გათვლებით, მისი უკუგება (ROI) უნდა მოხდეს განათლებული, მაღალპროდუქტიული მუშახელის მიერ შექმნილი ეკონომიკური დოვლათით. მსოფლიო ბანკის გათვლით, ეს ფული უნდა მოხმარდეს ინოვაციას, რადგან მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკას შეუძლია ასეთი სესხების უმტკივნეულოდ მომსახურება.

სახელმწიფო უნივერსიტეტიც უნდა იყოს ავტონომიური და ინოვაციური. მაგალითად: ბათუმელ სტუდენტს უნდა ჰქონდეს არჩევანი, ისწავლოს ინჟინერია თავის ქალაქში, შექმნას სტარტაპი და განავითაროს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბაზარი. მაგრამ - ქართული ოცნება დღეს ამ სტუდენტებს ეუბნება: „ბათუმში ინჟინერია აღარ იქნება, წადი ქუთაისში, რადგან 2026 წლის შრომის ბაზრის ანალიზით, ქუთაისში ინჟინრების დეფიციტია“.

სესხის ფაქტორი ააშკარავებს, რომ ქართული ოცნება რისკავს სხვისი, ჩვენი, მომავალი თაობების ფულით, რათა დააფინანსოს მოდელი, რომელიც ავტონომიასა და არჩევანზე დაფუძნებულ ბანკის ხედვას ეწინააღმდეგება. თუ გრანტი "საჩუქარია", სესხი "ინვესტიციაა". როცა ინვესტორი - ამ შემთხვევაში, მსოფლიო ბანკი - გეუბნება: "ავტონომია მოგცემს მოგებას",შენ კი პასუხობ: "არა, ცენტრალიზაცია მირჩევნია", მაგრამ მაინც იღებ მის ფულს — შენ აწერ ხელს პროექტს, რომელიც თავიდანვე განწირულია შინაგანი კონფლიქტისთვის.

ეს მოცემულობა ცვლის ყველაფერს: ეს აღარ არის მხოლოდ აკადემიური დებატები რეფორმაზე, ეს არის ფინანსური რისკის მართვა, სადაც განათლება შეიძლება აღმოჩნდეს "გატეხილი გობის" წინაშე — ვალებით და დღევანდელზე უფრო დაბალი ხარისხის, ცენტრალიზებული სახელმწიფო განათლების სისტემით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები