ეკონომიკის სსიპ "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, რომ მან ჯერჯერობით არ იცის უშუალოდ რა მანდატი ექნება "ეკონომიკის განვითარების ბანკს", რომელიც ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" და "აწარმოე საქართველოში"-ს შერწყმის შედეგად უნდა დაფუძნდეს. კითხვაზე გასცემს თუ არა ახალი ბანკი კრედიტებს, მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ ეს საკითხი არ იცის და ჯერჯერობით საბოლოო კონცეფცია შემუშავებული არაა.
"დღეს ვარ აწარმოე საქართველოს ხელმძღვანელი და შემიძლია გესაუბროთ აწარმოე საქართველო რას აკეთებს. როდესაც მოხდება რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდება ახალი სტრუქტურა, შემდგომ უკვე შეგვიძლია იმაზე საუბარი, ვინც იქნება ხელმძღვანელი, მე ვიქნები ჩემი, თუ სხვა იქნება, სხვა გააკეთებს ამაზე კომენტარს. ამ ეტაპზე რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა ამას ფორმა საბოლოო მიღებული არ აქვს, შესაბამისად მე ვერ გეტყვით ვერაფერს რა მანდატი ექნება დეტალურად ამას, ამიტომ ამ შემთხვევაში მეც ვერაფერს ვერ გეტყვით,"- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას.
16 მარტს ახალი ფინანსური ინსტიტუტის დაფუძნებასთან დაკავშირებით ბოლო განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომლის თქმითაც "ეკონომიკის განვითარების ბანკის" დაფუძნების მიზანს წარმოადგენს რამდენიმე ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის შერწყმა, რომელიც ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაზე არის ორიენტირებული. ესაა "აწარმოე საქართველოში" და ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდი".
16 მარტს კი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ახალი ფინანსური ინსტიტუტი იქმნება იმ პირობით რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ახალ ფისკალურ რისკებს არ შექმნის. შესაბამისად, მას არ ექნება ისეთი ფუნქციები, რომლებიც ცალ-ცალკე "აწარმოე საქართველოში"-ს და "საქართველოს განვითარების ფონდს" არ აქვს.
4 მარტს საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის", ანუ ყოფილი "საპარტნიორო ფონდის" ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა. პარლამენტში, ჯერჯერობით, არ დაინიციირებულა კანონპროექტი, რომელიც "ეკონომიკის განვითარების ბანკის" ოპერირების წესებს განსაზღვრავს.




























