„აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, OECD-ის ევრაზიის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ ხიდურელი სიტყვით გამოვიდა OECD-ის კონკურენტუნარიანობის მრგვალი მაგიდის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში, რომელიც მეწარმეობისა და დიგიტალიზაციის მხარდაჭერას ეხებოდა. ამ ნაწილში მან სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერ მექანიზმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა „აწარმოე საქართველოში“ ახლად ამოქმედებული რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების მნიშვნელობას.
"სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიზანია, რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები იქცეს მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების მოდელად ქვეყანაში. ჩვენი პირველი საკონსულტაციო ცენტრი უკვე მოქმედებს საპილოტე რეჟიმში და მალე ორი ახალი ცენტრი დაემატება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
პროგრამის გაშვებამდე, ჩავატარეთ კვლევა რომლის მიზანი იყო გაგვეგო, რა სპეციფიკური საჭიროებები და გამოწვევები აქვს ბიზნესს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. სწორედ ამის შედეგად, საკონსულტაციო ცენტრები დღეს მეწარმეებს სთავაზობს სერვისების ფართო სპექტრს, როგორებიცაა: მარკეტინგი, ბიზნესმოდელირება და სტრატეგიული დაგეგმვა, ფინანსები, საგადასახადო საკითხები, იურიდიული მომსახურება, გაციფრულება.
ციფრული სერვისების მიწოდებით, საკონსულტაციო ცენტრები დაეხმარება მეწარმეებს სწორად მართონ ბიზნესი და მაქსიმალურად გამოიყენონ ზრდის პოტენციალი“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა სიტყვით გამოსვლის დროს.
მისივე თქმით, პროგრამის მიზანია უახლოესი 3 წლის განმავლობაში 300-მდე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები გადამზადდნენ, რაშიც სააგენტოს ფინანსურ მხარდაჭერას მსოფლიო ბანკი და ევროკავშირი გაუწევენ.
კვირეულის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ასევე მიიღო მონაწილეობა პლენარულ სესიაში - "დეკარბონიზაცია ევრაზიაში: სტრატეგიული გეგმა მდგრადი ინფრასტრუქტურისთვის", სადაც სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რა მექანიზმებით უჭერს ხელისუფლება მხარს ბიზნესს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში.
სააგენტოს დირექტორის თქმით, სააგენტომ შეისწავლა მიკროგრანტების, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით და ბიზნეს უნივერსალის პროგრამით დაფინანსებული ბიზნესები და მათი ეკონომიკური გავლენა გარემოზე. მიხეილ ხიდურელის განმარტებით, ამ ეტაპზე სააგენტო გეგმავს გადახედოს პროგრამებს, რომ ქვეყნის მასშტაბით საწარმოებში მდგრადი გარემოსდაცვითი ღონისძიებები გატარდეს.
ევრაზიის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს. კვირეულის ფარგლებში, შეფასების „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024“ მე-4 რაუნდის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, აღნიშნული რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ პოზიციას იკავებს.