ყაზახურმა კლუბმა ასტანას „ჟენისმა“ გამოაცხადა, რომ ქართველ-ყაზახმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ კლუბი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ კლუბმა ყაზახეთის პრემიერლიგაში გასულ სეზონში მე-6 ადგილი დაიკავა და ქვეყნის დედაქალაქში თამაშობს.
ეს ნიშნავს, რომ “უიკომბ უონდერერსი“ უერთდება იმ მცირე ჯგუფს, რომელშიც შედიან “მანჩესტერ სიტი“, “ჩელსი“, Red Bull-ის საფეხბურთო ქსელი და “კრისტალ პალასი“ ანუ კლუბებს, რომლებიც მრავალკლუბიან სისტემაში არიან ჩართული და ერთმანეთთან გარკვეულ სტრატეგიულ თანამშრომლობას ამყარებენ.
მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი “უიკომბისთვის“? განსხვავებით სხვა ჯგუფებისგან, სადაც ფეხბურთელების ხშირი გადაადგილება განპირობებულია განვითარების სტრატეგიებით ან სამუშაო ნებართვებთან დაკავშირებული პრობლემებით, “უიკომბსა“ და “ჟენისს“ შორის მოთამაშეთა გადაადგილება ნაკლებად მოსალოდნელია ლიგების კონკურენტული დონიდან და გეოგრაფიული განსხვავებებიდან გამომდინარე. მათი კავშირი, დიდი ალბათობით, ახალგაზრდული განვითარების სისტემაზე და აკადემიების თანამშრომლობაზე იქნება დამყარებული.
როდესაც მიხეილ ლომთაძემ 2024 წელს “უიკომბი“ შეიძინა, მან ერთ-ერთ მთავარ მიზნად აკადემიის განვითარება დაასახელა: “ვგეგმავთ უმაღლესი სტანდარტების მქონე აკადემიის გახსნას და განვითარებას, რომელიც ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის არსებითი ნაწილი გახდება“,- განაცხადა ლომთაძემ.
ანალოგიურად, ასტანური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კლუბის ახალგაზრდულ აკადემიას:
“ჩემი ოცნებაა შევქმნა მსოფლიო დონის საბავშვო საფეხბურთო აკადემია ყაზახეთსა და ინგლისში, სადაც ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, მომავალი ვარსკვლავები განვითარდებიან. სწავლება სრულიად უფასო იქნება. ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ ივარჯიშონ როგორც ჩვენი ქვეყნის წამყვან სპეციალისტებთან, ისე ფეხბურთის სამშობლოში ინგლისელ მწვრთნელებთან“,- აცხადებს ლომთაძე.
ამ ამბიციურმა ხედვამ, დიდი ალბათობით, განსაზღვრა ლომთაძის ჯგუფის სამუშაო მოდელი: ყაზახეთში ახალი, თანამედროვე აკადემიის შექმნა, რომელიც გამოიყენებს ინგლისური საფეხბურთო სისტემის ათწლეულობით დამკვიდრებულ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას. საუკეთესო ახალგაზრდებს შესაძლოა შესაძლებლობა მიეცეთ შევიდნენ “უიკომბის“ აკადემიურ პროგრამებში ან განვითარების გუნდში, რათა ინგლისურ ფეხბურთში მიიღონ პრაქტიკა.
რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ტექნიკური საკითხებიც, იგივე სამუშაო ნებართვების პრობლემა. მათი მოგვარება ორი გზით შეიძლება:
- მოთამაშეებმა ან ყაზახეთის პრემიერლიგაში, ან ეროვნული ახალგაზრდული ნაკრების დონეზე უნდა იასპარეზონ, რათა საჭირო ნებართვები მიიღონ;
- “უიკომბს“ აქვს ე.წ. ESC-სლოტები, რომლებიც უცხოელი მოთამაშეების დამატების ნებას რთავს. მაგალითისთვის ლიგა 1-ში კლუბს მხოლოდ ორი ასეთი ადგილი აქვს, ხოლო ჩემპიონშიპს ოთხი.
ლომთაძის აკადემიის გეგმის ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გასარკვევია. დრო გვიჩვენებს, რამდენად ეფექტურად იმუშავებს ეს სისტემა.




























