პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განიხილა და მხარი დაუჭირა.
პროცედურის თანახმად, სარჯველაძე პარლამენტში "ქართული ოცნების" სიიდან სხვა კანდიდატმა უნდა შეცვალოს. როგორც პარტიაში bm.ge-ის უთხრეს, სარჯველაძეს პარლამენტში იმედა ნიკურაძე ჩაანაცვლებს.
ნიკურაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვს, რომ გახდეს დეპუტატი, რომელსაც საკუთარი ხელწერა ექნება ქართულ პოლიტიკაში.
"ამჟამად, თბილისის განვითარების ფონდში, დირექტორის მოადგილის პოზიციას ვიკავებ. იქამდე ვიყავი ისევ თბილისის მუნიციპალიტეტში არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე. მოგეხსენებათ, იქამდე ვიყავი "ელიტა ბურჯის" ადვოკატი და შემდეგ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მოლოდინი მაქვს, რომ უმაღლეს საკანონმდებლო წარმომადგენლობით ორგანოში ჩემს კონტრიბუციას შევიტან მმართველი გუნდის იმ პოლიტიკაში, რასაც დღეს "ქართული ოცნება" ატარებს. ვფიქრობ, საკმარისი გამოცდილება და ასაკი მაქვს იმისთვის, რომ ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი იყოს და გავხდე პარლამენტარი, რომელიც საკუთარ ხელწერას დატოვებს ქართულ პოლიტიკაში", - განაცხადა ნიკურაძემ.
პროფესიით იურისტს, ჯერ არ აქვს ზუსტი გეგმა, თუ რა მიმართულებით იმუშავებს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ნიკურაძე არ ფლობს არც ერთ კომპანიას. ასევე, არ არის არცერთი პარტიის შემწირველი.
იმედა ნიკურაძე ბიძინა ივანიშვილის "ელიტ ბურჯის" ადვოკატი იყო, რომელიც 2012 წელს აგვისტოში დააკავეს. ოფიციალურ მიზეზად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასახელდა, რასაც მაშინ დაცვის მხარე უარყოფდა. მაშინ პოლიცია, კომპანიის შენობაში აუქციონზე გაყიდული ”ბურჯის” კუთვნილი კომპანიების ქონების ასაღწერად მივიდა, რომ ობიექტების დაეცალა და ახალი მფლობელისათვის გადასაცემად მოემზადებინა.