მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ ყაველაშვილი IMF-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პრეზიდენტი
02.06.25 16:58
418

"ოცნების" პარლამენტის არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ჟერონ კლიკსა და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუელის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო და აღინიშნა ეკონომიკური განვითარების პოზიტიური შედეგები.

მხარეებმა საქართველოსა და IMF-ს შორის არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

აღინიშნა, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ბევრ სექტორში.

მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს მადლობა გადაუხადა საქართველოს მაკრო-ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გატარების პროცესში მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება, საქართველოში მუშაობა 21 მაისს დაიწყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობს, პირველივე დღეს "ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას შეხვდა, სადაც მისიის წევრებს ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის საკითხები და მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნო. მისი წარმომადგენლები ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, სადაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს.

რატომ შეჩერდა სავალუტო ფონდის პროგრამა - მიზეზების ქრონოლოგია:

IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.

2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.

კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები