მიხეილ ყაველაშვილმა ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
როგორც "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილიც დაესწრნენ.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ირაკლი კობახიძემ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მიღება მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს-ის ინფორმაციით, ორდენები ასევე გადაეცათ "ოცნების" მინისტრის პირველ მოადგილეს შალვა ბედოიძეს, მოადგილეებს - იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძესა და გიორგი ბუთხუზს, ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს თეიმურაზ კუპატაძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ხარაზიშვილს, ასევე, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს: მილერი ლაგაზაურს და მირზა კეზევაძეს.