მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიხოს ბაღებმა“ წარმოება გააფართოვა – კომპანია მზესუმზირას ზეთის გამოშვებას იწყებს

მზესუმზირის ზეთი

ნატურალური ბროწეულის წვენის მწარმოებელმა კომპანიამ „მიხოს ბაღები“ პროდუქტის ასორტიმენტი გააფართოვა და მზესუმზირას ზეთის წარმოება დაიწყო.

როგორც „მიხოს ბაღების“ თანადამფუძნებელმა, ლიკა თარაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ახალი მიმართულების ამოქმედებისთვის კომპანიამ დაახლოებით $10 000-ის ინვესტიცია განახორციელა. ზეთის წარმოება იმავე საწარმოში ხდება, სადაც ბროწეულის და ყურძნის წვენები იწარმოება.

„ნაკვეთი გვაქვს, სადაც მზესუმზირა გავაშენეთ. დანადგარები ჩინეთიდან გამოვიწერეთ და იმავე საწარმოში გვაქვს განთავსებული, სადაც ბროწეულის წვენს ვაწარმოებთ. მზესუმზირას ზეთს ცივი დაწურვით ვწურავთ – ეს არ არის ცნობილი კახური ზეთი, რომელიც ზეთსახდელში იწურება. ჩვენს ზეთს არ აქვს ისეთი მძაფრი სუნი, როგორც ზეთსახდელში გამოხდილს. შესაწვავადაც კარგია და სალათებისთვისაც. ესეც, როგორც ჩვენი წვენი, აბსოლუტურად სუფთა და 100%-ით ნატურალური პროდუქტია,“ – განმარტა თარაშვილმა.

მისი თქმით, პროდუქტი ბაზარზე დაახლოებით ორი კვირაა ხელმისაწვდომია და უკვე დაახლოებით 100 ლიტრამდე ზეთი გაიყიდა.

„საწყის ეტაპზე ონლაინვაჭრობით ვყიდით. ერთი ლიტრი დაახლოებით 15 ლარი ღირს. თვეში საშუალოდ 200-300 ლიტრის წარმოებას შევძლებთ, თუმცა ეს მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული,“ – ამბობს თარაშვილი.

„მიხოს ბაღებმა“ პარალელურად ბროწეულის წვენების სარეალიზაციო გეოგრაფიაც გააფართოვა – პროდუქტი უკვე წარმოდგენილია შარდენისა და ქუთაისის რამდენიმე მაღაზიაში, ასევე ბათუმშიც.

შეგახსენებთ, რომ „მიხოს ბაღების“ მეურნეობა დედოფლისწყაროში მდებარეობს. კომპანია ოთხი წლის წინ, 100 000 ლარის ინვესტიციით დაფუძნდა. საწარმო სეზონურად 15-20 ადამიანს, ხოლო მთელი წლის განმავლობაში 3-4 თანამშრომელს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები