მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC ელის, რომ ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზიას მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღებს.
როგორც BMG-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გია პეტრიაშვილმა განუცხადა, მარეგულირებელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხებზე და მოლოდინია, რომ მაქსიმუმ წლის ბოლომდე კომპანიას მიკრობანკის სტატუსი მიენიჭება.
გია პეტრიაშვილის განცხადებით, მთავარი ფაქტორი, რის გამოც სექტორისთვის შესაბამისი ლიცენზიის მიღება საინტერესოა, მომხმარებლებისთვის ანგარიშების გახსნა და გაზრდილი მოცულობით კრედიტის გაცემაა. ამასთან, MBC-ში იმედი აქვთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მიკრობანკებს ლარში დაკრედიტებასთან ერთად უცხოური ვალუტის სესხების გაცემის უფლებაც ექნებათ.
„ველოდებით, რომ მიკრობანკის ლიცენზიას შემოდგომაზე მივიღებთ, ყველაზე პესიმისტურ სცენარში ეს წლის ბოლოს იქნება. ეს მიმდინარე პროცესია და თითქმის ყოველკვირა გვაქვს ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან, სხვადასხვა დოკუმენტის გამოთხოვა და ანალიზი ხდება და ეს მუდმივი პროცესია. დიდი იმედი გვაქვს, რომ შემოდგომაზე პროცესი დასრულდება. ჩვენი მთავარი ინტერესი ორი მიმართულებითაა კონცენტრირებული, მომხმარებლებისთვის ანგარიშის და დეპოზიტების გახსნა და ასევე სესხების მოცულობის ზრდა 100 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე. რაც შეეხება სავალუტო კრედიტების გაცემის საკითხს, ეს დღის წესრიგიდან ბოლომდე მოხსნილი არაა და იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ პერიოდის შემდეგ ეროვნული ბანკი ამ საკითხს დაუბრუნდება“, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი გასული წლის ბოლოს ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „კრისტალმა" და MBC-მ წარადგინეს. მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს უფლება ექნებათ, მომხმარებელს ანგარიში და ანაბარი გაუხსნან, ასევე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები გასცენ.