2025 წლის 9 თვეში ქვეყანაში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 109 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ქვეყანაში მოქმედი მისოების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, სექტორის მოგებიანობის გაუმჯობესება დაკავშირებულია სექტორის გაზრდილ დამოკიდებულებაზე სალომბარდე დაკრედიტების მიმართულებით. თუკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სალომბარდე სესხებიდან მისოებმა 126 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს, წელს 9 თვეში ამ სეგმენტის საპროცენტო შემოსავალი 202 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ასევე წინა წელთან შედარებით შეცვლილია მისოების ბაზრის შემადგენლობა. ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - "კრისტალი" და "ემბისი", რომლებიც მცირე მეწარმეების დაფინანსებაზე იყვნენ ფოკუსირებული 2025 წლიდან მიკრობანკის სტატუსით საქმიანობენ, ხოლო მისო-ების ბაზარზე უმეტესწილად სალომბარდე საქმიანობით დაკავებული ოპერატორები დარჩნენ. ამ სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელი გასულ წელს არსებული 2 მილიარდი ლარიდან 1.77 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც სწორედ ორი მისოს მიკრობანკად გარდაქმნას უკავშირდება. თუმცა ამის მიუხედავად სექტორის მოგებიანობა გაიზარდა, რაც სექტორის ადმინისტრაციული ხარჯების კლებით და სალომბარდე შემოსავლების ზრდით არის განპირობებული.
მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელი ასე ნაწილდება:
| კრედიტების კატეგორია | სულ თანხა - ლარებში | კრედიტების რაოდენობა | სესხის საშუალო ზომა ლარებში |
| ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები | 1,751,845,670 ლარი; | 822,333 სესხი; | 2,130 |
| ვაჭრობის და მომსახურების სექტორი | 70,647,022 ლარი; | 12,663 სესხი; | 5,579 |
| სამომხმარებლო სესხები | 259,109,273 ლარი; | 45,100 სესხი; | 5,745 |
|
სოფლის მეურნეობის სესხები |
49,213,080 ლარი; | 6,194 სესხი; | 7,945 |
| ონლაინ სესხები | 21,697 ლარი; | 53 სესხი; | 409 |
| სალომბარდე სესხები | 1,369,747,499 ლარი; | 757,829 სესხი; | 1,807 |
| განვადება | 219,154 ლარი; | 285 სესხი; | 769 |
| სხვა | 2,887,945 ლარი; | 209 სესხი; | 13,818 |
| იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები | 19,143,541 ლარი; | 538 სესხი; | 35,583 |
| მთლიანი სესხები | 1,770,989,212 ლარი; | 822,871 სესხი; | 2,152 |
2025 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებს, რომელიც საერთო ჯამში 3,600 ადამიანს ასაქმებს.




























