მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიკროსაფინანსო სექტორის 6 თვე - როგორ შეიცვალა 2 მოთამაშის მიკრობანკად გარდაქმნით ბაზარი?

მისო

2025 წლის პირველი ნახევარი მიკროსაფინანსო სექტორმა მოგებიანობის ზრდით დაასრულა. 6 თვის შედეგებით, ბაზარზე წარმოდგენილმა 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ წლის პირველი 6 თვე 70.6 მილიონის წმინდა მოგებით დახურა, რაც 3.7 მილიონით, ანუ 5.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ სექტორი წელს 2-მა მსხვილმა მოთამაშემ დატოვა და მიკრობანკების ლიცენზიით გააგრძელა ოპერირება, მისოებმა მოგებიანობის ზრდა შეძლეს, თუმცა "ემბისის" და "კრისტალის" მისო-ების სექტორიდან გასვლის გამო, მისოების საკრედიტო პორტფელი დაახლოებით 212 მლნ ლარით 1.68 მილიარდ ლარამდე შემცირდა და სალომბარდე სესხების წილი კიდევ უფრო გაიზარდა.

ბაზრის მოთამაშეების ნაწილი ამბობს, რომ ისინი როგორც აქამდე, არსებული ბიზნეს მოდელით გააგრძელებენ ოპერირებას. "ლაზიკა კაპიტალის" ხელმძღვანელის შეფასებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ბაზარზე ფაქტობრივად ისინი რჩებიან, რადგან დანარჩენი ორგანიზაციები შერეული ბიზნეს მოდელით ოპერირებენ და მათ პორტფელში წამყვანი სალომბარდე სესხებია.

“მართალი გითხრათ, ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით მხოლოდ "ლაზიკა კაპიტალი" დარჩა, რომელიც ამ სეგმენტზე. ჩვენ ვაფინანსებთ სოფლად თვითდასაქმებულებს, წვრილ მეწარმეებს, რომლებიც დიდ ქალაქებში არიან წარმოდგენილები. სხვა ამ ტიპის ორგანიზაცია სექტორში უკვე აღარ არსებობს. დანარჩენი ორგანიზაციები ძირითადად ლომბარდებზე მუშაობენ, ან შეიძლება შერეული მოდელი ჰქონდეთ და რაღაც ბიზნეს სესხებსაც გასცემდნენ. სამი ორგანიზაცია ვიყავით, ვინც ძირითადად ბიზნეს დაკრედიტებით ვიყავით დაკავებული”, - აცხადებს ბესიკ შენგელია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეორე ნაწილი ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშის საბანკო სფეროში გადანაცვლებით, მისოების ბაზარზე უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის. ევროკრედიტში განმარტავენ, რომ ბაზარზე არსებულ ორგანიზაციებს ემბისის და კრისტალის მიკრობანკად გარდაქმნის შედეგად გამოთავისუფლებული ნიშნის გარკვეულწილად შევსების შესაძლებლობა გაუჩნდათ.

“ჩვენ ბაზრის დაახლოებით 20% გვიჭირავს და დიდ მოთამაშეებს 5-6 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზეა გადანაწილებული ძირითადი პორტფელი. გარკვეულწილად 5-10%-ის ფარგლებში შესაძლებელია, რომ სხვა დანარჩენმა მიკროსაფინანსოებმა გადაინაწილონ [ემბისის და კრისტალის ბაზრიდან გასვლით გამოთავისუფლებული ნიშა], თუმცა ისინი მიკროსაფინანსოების საკმაოდ ძლიერი კონკურენტები იქნებიან.

ჩვენ პირდაპირი კონკურენტები დიდი ბანკების არ ვართ, თუმცა ისინი ბაზარზე წარმოდგენილი არიან თითქმის იდენტური პროდუქტებით და თითქმის იდენტური ფასწარმოქმნით, როგორიც გვაქვს ჩვენ და ჩვენს კონკურენტებს. შესაბამისად, არამარტო მისოების სექტორში წარმოდგენილი კომპანიები არიან კონკურენციაში ერთმანეთთან, ამავდორულად ბანკები გარკვეული პროდუქტებით არიან კონკურენციაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, რაიმე გრანდიოზულ ცვლილებებს ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში არ ველოდებით”, - ირაკლი წურწუმია, ევროკრედიტის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგებიანობის ზრდის პარალელურად იზრდება სესხის გამცემი სუბიექტების, ანუ მცირე კრედიტორების მიერ გაცემული დაფინანსება, რამაც მისოების პორტფელს უკვე გადააჭარბა. წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, მცირე კრედიტორების მიერ გაცემული სესხების ზომა 229.9 მილიონით გაიზარდა და 1.850 მილიარდ ლარს მიაღწია, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში მისო-ების დაკრედიტება 1.6 მილიარდამდეა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებული 150 სესხის გამცემი სუბიექტის წმინდა მოგებამ 34.7 მლნ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.9 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები