50 კილოვატი და მეტი სიმძლავრის ელექტროენერგიის სადგურების მფლობელ მომხმარებლებს ახალი ვალდებულება წარმოეშვათ. კერძოდ, სემეკის 19-ე დადგენილებით, მათ 2026 წლის 1 აპრილამდე დადგმული სიმძლავრის აკრედიტებული პირის დასკვნით დადასტურება მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სადგურის სიმძლავრეს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ "ენერგო პრო ჯორჯია" ან "თელასი" შეამოწმებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის წარმომადგენლის ორჯერადად არ დაშვების შემთხვევაში მომხმარებლები მიკროსიმძლავრის სტატუს დაკარგავენ. "შაინ ენერჯის" დამფუძნებლის ნინო გადელიას განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვნად დააჩქარებს მზის სადგურების მშენებლობას, რადგან ნებართვების მიუხედავად "ენერგო-პროს" და "თელასის" ქსელში ძალიან ბევრი სადგური ინტეგრირებული არ არის და ეს სადგურები ფიზიკურად არ არსებობს.
"ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა უბრალოდ აიღო ნებართვა, არ ააშენა მზის ელექტროსადგურები და ფიქრობს, რომ მოდი მეორე წელს იყოს, მესამე წელს იყოს, არ მეჩქარება, არავინ არაფერს არ მეუბნება. სინამდვილეში "ენერგო-პროს" და "თელასის" ქსელში ძალიან ბევრი სადგური ინტეგრირებული არ არის, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად, გამომდინარე იქიდან, რომ გვერდზე დგანან ადამიანები, ვისაც ნამდვილად უნდოდათ ინვესტიციის განხორციელება და ეს ფიზიკურად ვერ მოასწრეს.
შესაბამისად, ერთის მხრივ, ეს ახალი ცვლილება დააჩქარებს იმ პროცესს, რომ დღეს უფრო მეტად იქნება დაინტერესება მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის, რადგან ამ ადამიანებს არ ჩამოერთვათ ეს სტატუსი და ეს ეხება, რა თქმა უნდა, "ენერგო-პროს" არეალს, იმიტომ, რომ იქ არის ჩაკეტილი ნეტო აღრიცხვა და ნეტო დარიცხვაა გახსნილი. ნეტო აღრიცხვა "თელასში" ისევ მოქმედებს, თუმცა აღნიშნული დასკვნის წარდგენა შემდგომში მათაც მოუწევთ. ეს იქნება ერთჯერადი ამ ეტაპზე, თუმცა შემდგომ, მთელი ოპერირების განმავლობაში, მსგავსი პროცედურის გავლა იქნება საჭირო სამ წელიწადში ერთხელ”,-აცხადებს "შაინ ენერჯის" დამფუძნებელი ნინო გადელია.




























