ბაქოს სამხედრო სასამართლომ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს რუბენ ვარდანიანს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ვარდანიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ტერორიზმის დაფინანსება და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა. 10 თებერვალს საბოლოო სიტყვაში რუბენ ვარდანიანმა უარი განაცხადა მართლმსაჯულების იმიტაციაში როგორც მან აზერბაიჯანის სასამართლოს უწოდა, მონაწილეობის მიღებაზე.
რუბენ ვარდანიანი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ე.წ. სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2023 წლის სექტემბერში დააკავეს, როდესაც ის ლაჩინის დერეფნის გავლით სომხეთში გადასვლას ცდილობდა.
“რუსეთის საფონდო ბირჟის მამად” წოდებული ვარდანიანის ქონება Forbes-ს 1.2 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული. სხვა პოსტსაბჭოთა ბიზნესმენების მსგავსად, მანაც ქონება რუსეთში, პრივატიზაციის ქაოსში დააგროვა. ვარდანიანი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ფლობდა საინვესტიციო ბანკსა და აქტივების მართვის კომპანიას “ტროიკა დიალოგი”, რომელიც შემდეგ რუსეთის ყველაზე მსხვილმა სახელმწიფო ბანკმა Sberbank-მა 1.4 მილიარდ დოლარად იყიდა. საინვესტიციო ბანკის გარდა ვარდანიანს არაერთი რუსული კერძო თუ სახელმწიფო კომპანიის დირექტორთა საბჭოში ეკავა თანამდებობა. მათ შორის , „როსგოსტრახში“ - რუსეთის უდიდეს სადაზღვევო კომპანიაში, „კამაზსა" და შერემეტიევოს აეროპორტში.


























