არაერთი მილიარდერი, ბიზნესმაგნატი და ცნობილი ადამიანი მიიჩნევს, რომ მათ მიერ შეგროვილი ფული შვილებს მათი გარდაცვალების შემდეგ არ უნდა დარჩეთ. მათ შორის არიან ყველასთვის ცნობილი Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანიც. მათ ხელი უკვე მოაწერეს Giving Pledge-ს, რომლის მიხედვითაც, ისინი თავიანთი ქონების უმრავლესობას ქველმოქმედებას მოახმარენ.
Business Insider-ი ცუკერბერგის გარდა, გვთავაზობს კიდევ რამდენიმე მდიდარ ადამიანს, რომლებიც ანდერძში არ აპირებენ ჩაწერონ, რომ ქონებას შვილებს უტოვებენ. მათ შორის არიან:
ბილ გეითსი
ქონება: 113 მილიარდი დოლარი
Microsoft-ის დამფუძნებელი, ისევე როგორც არაერთი უმდიდრესი ადამიანი, თავისი ქონების უმრავლესობის საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯვას აპირებს. ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა ყველაზე მსხვილ კერძო საქველმოქმედო ფონდს ფლობენ, რომელიც ეხმარება ადამიანებს ჯანდაცვის და პროდუქტიული ცხოვრების უზრუნველყოფაში. გეითსებს სამი შვილი ჰყავთ, სამივე მათგანს მამისგან ქვემლოქმედების სიყვარულის გენები გამოჰყვათ, ამიტომაც ისინი მოხარულები არიან მამის გადაწყვეტილებით. ბილ გეითსის თქმით, იგი აპირებს ქონებიდან მხოლოდ 10-10 მილიონი დოლარი დაუტოვოს შვილებს, რაც მისი ქონების 1 პროცენტსაც კი არ შეადგენს.
უორენ ბაფეტი
ქონება: 88.8 მილიარდი დოლარი
ბაფეტი Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელია. აღნიშნული კომპანია ათობით ისეთ კომპანიაში ფლობს წილებს, როგორიცაა Kraft Heinz-ი, American Express-ი და Apple-იც. Forbes-ის მიხედვით, უორენ ბაფეტი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორია. გარდა ამისა, ბაფეტი უდიდესი ფილანტროპია და გეგმავს მისი ქონების თითქმის 100% სწორედ ქველმოქმედებას დაუტოვოს გარდაცვალების შემდეგ. შვილებს კი თითქმის არაფერი. კერძოდ, ის ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ ფულის სახით დაუტოვოს ქონება სამ შვილს, აპირებს 2.1 მილიარდი დოლარის ოდენობის წილი დაუტოვოს თავის კომპანიაში თითოეულ შვილს. დანარჩენი კი ბილ და მელინდა გეითსების ფონდს და ასევე სუზან ბაფეტის ფონდს გადაერიცხება, რომელიც მაგნატმა თავის პირველ ცოლთან ერთად დააფუძნა.
მარკ ცუკერბერგი
ქონება: 72 მილიარდი დოლარი
მარკ ცუკერბერგს და მის მეუღლეს ორი შვილი ჰყავთ. პირველი შვილის დაბადებისთანავე წყვილმა შვილისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც ეწერა: „ჩვენ გვინდა შენ გაიზარდო უკეთეს მსოფლიოში, ვიდრე დღეს არის. ჩვენ ამისათვის ჩვენს წილს გავიღებთ, არამხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარხარ შენ, არამედ იმიტომ რომ ვგრძნობთ მორალურ პასუხიმგებლობას მომავალი თაობის ყველა წარმომადგენლის მიმართ“. წყვილმა მაშინვე განაცხადა, რომ ისინი ქონების 99%-ს ქველმოქმედებას გადასცემენ.
მაიკლ ბლუმბერგი
ქონება: 54 მილიარდი დოლარი
ბლუმბერგი მსოფლიოში რიგით მე-14 ყველაზე მდიდარი ადამიანია. იგი მედიაკომპანია Bloomberg-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, ასევე 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატია. ბლუბერგი ნიუ-იორკის მერის პოსტსაც იკავებდა. იგი აპირებს თავისი მთლიანი ქონება გარდაცვალების შემდეგ ქველმოქმედებას შესწიროს მიუხედავად იმისა, რომ მას ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც ასევე ქველმოქმედებით არიან დაკავებულები.
ჯორჯ ლუკასი
ქონება: 6.4 მილიარდი დოლარი
ჯორჯ ლუკასი, რომელიც ამერიკელი რეჟისორი და მაღალანაზღაურებადი პროდიუსერია, ოთხი შვილის მამაა. იგი „ვარსკვლავური ომების“ და „ინდიანა ჯოუნსის“ ავტორია და საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულადი რესურსი აქვს დაგროვებული. თუმცა, აპირებს მისი სიმდიდრის უმრავლესობა პირდაპირ საგანმანათლებლო პროექტებს შესწიროს. მან საგანმანათლებლო ფონდიც კი დააარსა, რომლის მიზანს კვლევითი და განათლების სფეროს განვითარება წარმოადგენს სკოლებში, რათა ბავშვებმა მაქსიმუმი მიიღონ სწავლის პერიოდში.
ენდრიუ ლოიდ უებერი
ქონება: 1.07 მილიარდი დოლარი
ცნობილმა კომპოზიტორმა ენდრიუ ლოიდ უებერმა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, ჯერ კიდევ 2008 წელს განაცხადა, რომ არ გეგმავს თავისი ქონების დიდი ნაწილის შვილებისთვის დატოვებას.
„მე არ ვემხრობი დიდი რაოდენობით ფულის ბავშვებისთვის ასე პირდაპირ გადაცემას, ვინაიდან ისინი შემდეგ მუშაობის სტიმულს დაკარგავენ“, - განაცხადა მან. როგორც კომპოზიტორი ამბობს, მას სურს თავისი ქონება გარდაცვალების შემდეგ მუსიკალურ პროექტებს მოხმარდეს.
ელტონ ჯონი
ქონება: 450 მილიონი დოლარი (2014 წლის მონაცემები)
ელტონ ჯონს და მის მეუღლეს დევიდ ფერნიშს ორი ვაჟი ჰყავთ, თუმცა, მომღერალი არ გეგმავს მათთვის სრული ქონების დატოვებას. წყვილი უორენ ბაფეტის მემკვიდრეობის გადაცემის მოდელით მოხიბლულია. „ბაფეტის მოდელი ნამდვილად მაგარია, ის შვილებს უტოვებს საკმარის ფულს ცხოვრებისთვის, სახლს და ავტომობილს და ძირითადი საჭიროების თანხას. თუმცა ეს არ არის დიდი რაოდენობით თანხა“, - აცხადებს ელტონ ჯონი.
სტინგი
ქონება: 300 მილიონი დოლარი (2014 წლის მონაცემები)
პოპულარულ მომღერალ სტინგს ექვსი შვილი ჰყავს. თუმცა, როგორც მან რამდენიმე წლის წინ განაცხადა, იგი არ აპირებს შვილებისთვის ერთი პენის დატოვებასაც კი. „მე მათ ვუთხარი, არ ვაპირებ მათთვის დიდი თანხის დატოვებას, ვინაიდან რაც გვაქვს მე და ჩემი მეუღლე ვხარჯავთ. მათ უნდა იმუშავონ. ყველა ჩემმა შვილმა ეს იცის და ისინი ძალიან იშვიათად მთხოვენ მე რაიმეს“, - განაცხადა სტინგმა.