საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ტექნიკური კორექცია გრძელდება. მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დონალდ ტრამპმა 180-ზე მეტ ქვეყანას ტარიფები დაუწესა, ინვესტორებმა აქტივების გაყიდვა დაიწყეს, რასაც საფონდო, სასაქონლო და კრიპტობირჟის ჩამოშლა მოჰყვა. ბოლო სამ დღეში, კაპიტალის ბაზრებიდან რამდენიმე ტრილიონი დოლარი გავიდა, რაც ინვესტორებს შორის არსებულ მკვეთრ პანიკაზე მიუთითებს.
გამომდინარე იქიდან, რომ საფონდო ინდექსები, უმეტესწილად, მსოფლიოს უდიდესი კომპანიებისგან შედგება, ყველაზე მკვეთრად ფასების ცვლილებას სწორედ ეს კომპანიები და მათი დამფუძნებლები გრძნობენ. თან, ბოლო დღეების ვარდნა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოს ათ უმდიდრეს ადამიანს შორის მხოლოდ ერთმა იხეირა. ეს ადამიანი უორენ ბაფეტია, რომელმაც წლის დასაწყისიდან $12.7 მილიარდი იშოვა.
უორენ ბაფეტის გარდა, მსოფლიოში არაერთი სხვა მილიარდერიცაა, რომლის ქონების შეფასება წლის დასაწყისიდან მკვეთრად გაიზარდა. ამ ადამიანებს შორის, მართალია, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი ყველაზე ცნობილია, მაგრამ მისი კოლეგები არანაკლებად მდიდრები არიან.
საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მეტად გამდიდრებული მილიარდერების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
#1 — ჭანგ იმინგი
1-ელი იანვრის შემდეგ: +$13.6 მლრდ
ქონება: $57.5 მლრდ
#2 — ჯეფ იასი
1-ელი იანვრის შემდეგ: +$12.8 მლრდ
ქონება: $58.6 მლრდ
#3 — უორენ ბაფეტი
1-ელი იანვრის შემდეგ: +$12.7 მლრდ
ქონება: $155 მლრდ
#4 — ჰუსეინ საჯვანი
1-ელი იანვრის შემდეგ: +$9.8 მლრდ
ქონება: $13.1 მლრდ
#5 — ლეი ჯუნი
1-ელი იანვრის შემდეგ: +$8.8 მლრდ
ქონება: $38.5 მლრდ




























