მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობენ

6369fd8e19f69
გიორგი თოლორდავა
09.11.22 00:00
1087
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უჩვეულოდ იმატა იმ მოქალაქეების რაოდენობამ, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობისგან და, ზოგადად, რუსეთის ფედერაციისგან გამიჯვნას ცდილობენ.

ასეთ ადამიანებს შორის არიან მილიარდერები და ქვეყნის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენებიც. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მეწარმე გასცა მხოლოდ სიტყვიერი გმობის ფარგლებს და პროტესტის ყველაზე რადიკალურ ფორმას მიმართა, რაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას გულისხმობს.

ომის დაწყებიდან დღემდე, Forbes-ის რეიტინგიდან ხუთმა მეწარმემ უკვე მიიღო რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, მათ შორის, ორმა ეს ნაბიჯი სწორედ მიმდინარე კვირას გადადგა.


იური მილნერი

ჩამონათვალი აუცილებლად რუსეთში დაბადებული მილიარდერი ებრაელი მეწარმითა და ინვესტორით, იური მილნერით უნდა დავიწყოთ. მართალია, მან რუსეთის ფედერაცია 2014 წელს დატოვა, თუმცა მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად სწორედ მიმდინარე წელს განაცხადა, ცხადია, ომის პროტესტის ნიშნად.

ცნობისთვის, მილნერი Mail.ru ჯგუფის თანადამფუძნებელია, თუმცა მისი ქონების უდიდესი ნაწილი არა რუსეთის ფედერაციას, არამედ აშშ-ის სილიკონის ველს უკავშირდება. ის ცნობილია სხვადასხვა ტექნოლოგიურ სტარტაპებში განხორციელებული ინვესტიციებით, მათ შორის ყველაზე წარმატებული მაგალითი კი Facebook-ს, Twitter-ს, Snapchat-სა და Airbnb-ის უკავშირდება.

Forbes-ის შეფასებით, მილნერის ქონება 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის რუსეთის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო.

აღსანიშნავია, რომ მილნერს ისრაელის მოქალაქეობაც აქვს, 2014 წლიდან კი ის აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობს, სადაც მისი საინვესტიციო ფონდი DST Global-ია დაფუძნებული.

აღსანიშნავია, რომ ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აპრილში მილნერის ფონდმა 100 მლნ დოლარი გამოყო. გარდა ამისა, მისი ინიციატივით საქველმოქმედო კამპანია Tech for Refugees დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა თავად მილნერის ოჯახის გარდა, ისეთმა მსხვილმა გლობალურმა კომპანიებმაც მიიღეს, როგორიცაა: Spotify, Airbnb და Flexport.


ტიმურ ტურლოვი

მილიარდერების სიაში შემდეგია რუსი ფინანსისტი და ინვესტორი ტიმურ ტურლოვი. იგი მრავალპროფილური საფინანსო ორგანიზაციისა და საბროკერო ფირმის, Freedom Finance-ის დამფუძნებელია, რომელიც Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზეა დალისტული.

ტურლოვმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი სწორედ 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ თქვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საჯარო განცხადებაში მისი ოფიციალური წარმომადგენლობა მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზად ყაზახეთში გადასვლას ასახელებს.

ტურლოვის საფინანსო ჰოლდინგი სწორედ ყაზახეთის ბაზარზე ოპერირებს და ის ქვეყანაში 10 წელზე მეტია ცხოვრობს. ყაზახეთის კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობა დაუშვებელია, სწორედ ამიტომ წელს ტურლოვმა თავის სამშობლოზე უარი თქვა და ყაზახეთის მოქალაქე გახდა.

Forbes-ის შეფასებით, ტურლოვის ქონება 2.4 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ამჟამად ყაზახეთის უმდიდრეს მოქალაქეებს შორისაა.


რუბენ ვარდანიანი

სომეხი მილიარდერი ბიზნესმენი, რუბენ ვარდანიანი მორიგი გავლენიანი პიროვნებაა, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე 2022 წელს უარი ოფიციალურად განაცხადა.

ვარდანიანმა რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება აგვისტოში მიიღო. მისი განმარტებით, ეს ქმედება პირდაპირ კავშირში იყო მის ყარაბაღის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან.

ცნობისთვის, სომეხი ბიზნესმენი პირველი ნოემბრიდან არცახის დე-იურე მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს.

ვარდანიანის განცხადებით, მას საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია, თუმცა ის საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ვალდებული იყო, რომ ეს საპასუხისმგებლო მისია ეკისრა და ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა.

ტურლოვის მსგავსად, ვარდანიანიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმას პირდაპირ რუსეთ-უკრაინის ომს და პუტინის მთავრობის გადაწყვეტილებებს არ უკავშირებს.

Forbes-ის შეფასებით, სომეხი ბიზნესმენის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.


ნიკოლაი სტორონსკი

უშუალოდ ომის დაწყების გამო, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა მილიარდერმა მეწარმე ნიკოლაი სტორონსკიმ.

38 წლის სტორონსკის ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ის გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანიის, Revolut-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

Revolut-ის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, სტორონსკის პოზიცია რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომთან დაკავშირებით საჯაროდაა ცნობილი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომი სრულად გაუმართლებელია და სტორონსკი მტკიცედ მოითხოვს მის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

მართალია, სტორონსკის მამა კომპანია Gazprom-ის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, თუმცა უშუალოდ ნიკოლაის გამდიდრება ბრიტანეთში მის სამეწარმეო საქმიანობასთან და 2015 წელს ნეობანკ Revolut-ის დაფუძნებასთანაა დაკავშირებული.

Forbes-ის შეფასებით, სტორონსკის ქონება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, მის მიერ დაფუძნებული Revolut-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 33 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.


ოლეგ ტინკოვი

ჩამონათვალში რიგით მეხუთე კი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ნეობანკის, Tinkoff-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვია.

რუსმა მეწარმემ და ინვესტორმა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება სწორედ მიმდინარე კვირას მიიღო.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მეთქვა. არ მინდა კავშირი მქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელმაც მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ უმიზეზოდ დაიწყო ომი, რომელიც ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანებს კლავს. ამ ქვეყნის პასპორტის ტარება ჩემთვის სირცხვილია", - განაცხადა ტინკოვმა.

მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას სხვა რუსი მილიარდერები და გავლენიანი პირებიც მიიღებენ, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი ეტაპობრივად დასუსტდეს და საბოლოოდ დაემხოს.

ოლეგ ტინკოვი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ტექნოლოგიური ნეობანკის, Tinkoff-ის დამფუძნებელია, რომელიც მოსკოვში 2006 წელს დაარსდა. 2021 წელს ტინკოვის ქონება 4 მილიარდ დოლარს აღწევდა, თუმცა Forbes-ის შეფასებით, ამჟამად მისი ქონება 650 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.

მისი დაღმასვლა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ გავრცელებული კრიტიკული განცხადებების გამო, მას Tinkoff Bank-ის იძულებით გაყიდვა მოუწია.

The New-York Times-თან ინტერვიუში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მას ბანკის გაყიდვის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია. ტინკოვის თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის საჯაროდ გაკრიტიკების გამო, მთავრობის წარმომადგენლებმა ის სამაგალითოდ დასაჯეს და მას Tinkoff Bank-ის გაყიდვა აიძულეს, თანაც რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით უფრო იაფად.

Tinkoff Bank-ის ახალი მფლობელი Interros Group-ი გახდა, რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ პოტანინს ეკუთვნის.

ტინკოვის განმარტებით, სოციალურ ქსელში კრიტიკული განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები Tinkoff Bank-ის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ ბანკი არ შეიცვლიდა სახელს და არ გაწყვეტდა მის მფლობელთან კავშირს, ის ნაციონალიზაციას დაექვემდებარებოდა და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდოდა.

აღსანიშნავია, რომ ტინკოვი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და ცდილობდა რუსეთის მთავრობისგან დისტანცირებას, მიუხედავად ამისა, ის მაინც აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში.

ტინკოვი აწ უკვე რიგით მეხუთე ადამიანია Forbes-ის მილიარდერთა სიის მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმა გადაწყვიტა. ზუსტად რა მიზეზი და მოტივები დგას მილიარდერების ქმედების მიღმა, რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთისა და პუტინის რეჟიმისგან განდგომის ტალღა დაიძრა და ამ ომის დაწყებამდე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, რომელიმე წარმატებულ რუს ბიზნესმენს მოქალაქეობაზე უარის თქმა გაებედა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები