მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 13%-მდე გაიზარდა - რა გავლენა აქვს მას ლარის კურსზე?

5feb8212c0bc3
შოთა ტყეშელაშვილი
30.12.20 10:15
2263
ეროვნული ვალუტა მცურავ რეჟიმზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარის, ევროს თუ სხვა ნებისმიერი ვალუტის ღირებულება ყოველდღიურად ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების და არსებული მოლოდინების შედეგად ყალიბდება. თავის მხრივ, ბაზარზე შემომავალი და გამავალი სავალუტო ნაკადების ფორმირება ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრებით ხდება, ესენია - ექსპორტი/იმპორტი, ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი, საგარეო კრედიტების აღება/მომსახურება და სხვა.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი არის ფინანსური მაჩვენებელი, რომლითაც ქვეყნიდან გასული და შემოსული სავალუტო ნაკადების ბალანსი იზომება. ეკონომიკის ზომასთან შედარებისთვის კი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მშპ-თან არის შეფარდებული.

საქართველოში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი უარყოფითია, თუმცა დეფიციტის პროცენტული ოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში ყოვეწლიურად მცირდებოდა. თავის მხრივ, წლების განმავლობაში დეფიციტის მთავარი მიზეზი იმპორტზე ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა. 

ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის მესამე კვარტლის საგადასახდელო ბალანსი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, COVID-19-ის კრიზისმა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მკვეთრი გამოიწვია. შედარებისთვის 2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში რეკორდული ტურისტული შემოსავლების გამო, საგადასახდელო ბალანსი პროფიციტური იყო და ის $16.5 მილიონ დოლარს შეადგენდა. 2020 წელს კი პროფიციტი $556.7-მილიონიანმა დეფიციტმა შეცვალა. დეფიციტის ეს მოცულობა მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ის ტოლი იყო.

სწორედ ეს არის ის ფუნდამენტური ფაქტორი, რის გამოც 2020 წლის მესამე კვარტალში ეროვნულ ვალუტას გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა.

ეროვნული ბანკი - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 13%-მდე გაიზარდა

"2020 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 556.7 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში უარყოფითი წვლილი შეიტანა საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობის და შემოსავლის ანგარიშებმა. ხოლო მიმდინარე ტრანსფერები დადებითი იყო. 2020 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობამ მშპ-თან 13.0 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 18.3 პროცენტით შემცირდა და 770.5 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის კვარტალური ექსპორტი წლიურად 5.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11.1 პროცენტით შემცირდა.

2020 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -215.0 მლნ აშშ დოლარი (-667.0 მლნ ლარი) იყო. შემცირდა როგორც დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება (51.1%-ით) ასევე უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალიც (28.5%-ით).

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 25.6 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის მესამე კვარტალში 494.0 მლნ აშშ დოლარს (1.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 25.6 პროცენტით გაიზარდა. 24.0 მლნ აშშ დოლარამდე (74.4 მლნ ლარი) გაიზარდა სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 185.4 მლნ აშშ დოლარი (575.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.3 პროცენტია", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები