მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის (25-30.05.2020) TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

5ed3af70d9cea
ირაკლი მაკალათია
31.05.20 20:15
1486
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (25-30.05.2020) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:
 
1. აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა
2. როგორი გრაფიკით გაიხსნება და რა უსაფრთხოების წესების დაცვაა საჭირო: საზოგადოებრივი ტრანსპორტში, დიდ სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე
3. იპოთეკური სესხების სუბსიდია და სამშენებლო სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერა
4. ,,პრივატიზაციის ორი გეგმა სახელმწიფო ქონების სააგენტოში - ოფიციალური და შიდა''
5. აუდიტის სამსახურის მონაცემებით - 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტიდან არცერთი არ შესრულდა
6. საერთაშორისო დახმარებები
7. “გაზპრომი“ საქართველოსთვის გაზის ტარიფს არ ცვლის
8. ყოველთვიური უმუშევრობის კომპენსაციების გაცემა დაიწყო
9. 2020 წლის I კვარტალში შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება 57 მლნ ლარამდე გაიზარდა
10. 2019 წლის მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებლები (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები)

1. აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6%-ია. ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში, ხოლო თითქმის ყველა სექტორში კლება დაფიქსირდა. დღგ-ს გადამხდელ საწარმოების ბრუნვა შემცირდა 32.8%-ით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დარგები რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს ეკონომიკურ კლებაში გახლავთ: მშენებლობა, შემდეგ მოდის ვაჭრობა, შემდეგ კი დამამუშავებელი მრეწველობა.
ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ: https://bit.ly/2TOZA2j; https://bit.ly/3eE9dsn; https://bit.ly/2AmHdL9

2. როგორი გრაფიკით გაიხსნება და რა უსაფრთხოების წესების დაცვაა საჭირო: საზოგადოებრივი ტრანსპორტში, დიდ სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე

პრემიერ-მინისტრის თქმით მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით მთავრობამ მოლების, რესტორნების და სხვა ობიექტების ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო გახსნის გრაფიკი შემდეგია: 29 მაისი - აღდგება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსები, ე.წ. "ყვითელი მიკროავტობუსები"; 1 ივისი - გაიხსნება მოლები, ყველა კატეგორიის მაღაზია, ღია სივრცის რესტორნები; 8 ივნისი - გაიხსნება რესტორნები და სასტუმროები (https://bit.ly/3eASJBm).

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბაზრობებისთვის რეკომენდაციებიდან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მომხმარებელთა ნაკადებისა და დისტანციის დაცვა, შესასვლელი და გამოსასვლელის გამიჯვნა, მხმარებელთა თერმოსკრინინგი და ხელების დამუშავება 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური ხსნარით და სხვ. (დეტალურად იხილეთ https://bit.ly/2ZZjI5P). დიდი სავაჭრო კომპლექსების შემთხვევაში აუცილებელია: თერმოსკრინინგის ჩატარება, დეზობარიერის მოწყობა, ნიღბის გარეშე გადაადგილება, დისტანციის დაცვა, ასევე სავაჭრო ცენტრებში აკრძალული იქნება არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები (დეტალურად იხილეთ https://bit.ly/36IZLl0).

ასევე ოფისებში მუშაობისას განსაზღვრულია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებები, რომლებიც უნდა შეასრულონ სამუშაო დღის განმავლობაში, ეს ეხება სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას, დისტანცირებას და სხვ. (დეტალურად იხილეთ https://bit.ly/36IZLl0). რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ მიტანის სერვისის წარმომადგენლებს, რაც უნდა გაითვალისწინონ კლიენტთან მომსახურებისა და სამუშაო სივრცეში. სხვ. (დეტალურად იხილეთ https://bit.ly/2MdPQKy ).

3. იპოთეკური სესხების სუბსიდია და სამშენებლო სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერა

მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე ლარში აიღებს იპოთეკურ სესხს, 5 წლის ვადით. საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაუფინანსებს. სესხის ჭერი 200 000 ლარს შეადგენს, ასევე მთავრობა სესხების თანადაფინანსებასაც მოახდენს. პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარს შეადგენს.

სამშენებლო სექტორის დახმარების მიზნით სახელმწიფო მიმდინარე მშენებლობების დასრულებას დააზღვევს. ამ მიზნით, თუ მშენებელი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობის 30%-ს ვერ გაყიდის, აღნიშნულ ფართს სახელმწიფო შეიძენს, რომელიც დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოხმარდება. დეველოპერები გარანტიას მიიღებენ აუქციონის წესით, ხოლო აუქციონი ტარდება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი 1 კვ.-ის ფასზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს. აღნიშნული პროგრამის ღირებულება 200 მლნ ლარს შეადგენს.

სამშენებლო სექტორის დახმარება ჯამში 4 ღონისძიებისაგან შედგება: იპოთეკური სესხების დასუბსიდირება, სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების პორტფელზე, დევნილების უზრუნველყოფა ბინებით, საგარანტიო ფონდი შესყიდვებისთვის, პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 434 მლნ ლარით განისაზღვრა.

ISET-ისა და ForSet-ის მიერ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.3%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ კვარტალში 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 21.2%-ით ნაკლები უძრავი ქონება გაიყიდა. თბილისის უბნების მიხედვით, ყველაზე მეტი ტრანზაქცია საბურთალოზე მდებარე ობიექტებზე განხორციელდა და მასზე მთლიანი ბაზრის 22.7% მოდიოდა (ვრცლად კვლევის შესახებ https://bit.ly/3ezFgK5).

ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ: https://bit.ly/2TT5FLd; https://bit.ly/3eDAiwa; https://bit.ly/3ccTgYM; https://bit.ly/2yPcje7
იპოთეკური სესხის გაცემისა და სხვა შეღავათების შესახებ იხილეთ: https://bit.ly/2Bj6PJq

4. "პრივატიზაციის ორი გეგმა სახელმწიფო ქონების სააგენტოში - ოფიციალური და შიდა"

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წლის პირველ კვარტალში პრივატიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი 134.25%-ით შესრულდა, რის შედეგადაც ბიუჯეტში 43,6 მლნ ლარის მობილიზება მოხდა. როგორც bm.ge-მ აღმოაჩინა, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმაში მითითებული იყო არა 32.5 მლნ ლარი, არამედ თითქმის 10 მლნ-ით ნაკლები - 23 მლნ. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შიდა სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმა უფრო მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი, თუმცა ოფიციალურად პრივატიზაციის შიდა გეგმის შესახებ ქონების სააგენტოს ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული.
ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ: https://bit.ly/36NlRCT

5. აუდიტის სამსახურის მონაცემებით - 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტიდან არცერთი არ შესრულდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიხედვით 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტიდან არცერთი არ შესრულებულა, ასევე ანგარიშში წერია, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი გასული წლების მსგავსად დაბალი ათვისებით ხასიათდება. 2019 წელს 11 საინვესტიციო პროექტს აქვს ნულოვანი ათვისება, ხოლო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული გეგმის მიმართ 70%-ზე დაბალი ათვისება აქვს 27 პროექტს.

6. საერთაშორისო დახმარებები

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა საქართველოს მთავრობას, რომელიც მიმართული უნდა იყოს პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვის საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგნა (KfW) საქართველო 90 მილიონ ევროს სესხს მიიღებს, რომელიც პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად იქნება მიმართული. საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) შორის შეთანხმება შედგა, რომლის ფარგლებშიც 90 მლნ ევროს ღირებულების პროექტები განხორციელდება, აღნიშნული თანხები მიმართული იქნება: ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, ლაჯანური-წყალტუბოს, წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე.
ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ: https://bit.ly/2BjzE8D; https://bit.ly/2ZRMGUZ; https://bit.ly/3gxLhZL

7. "გაზპრომი" საქართველოსთვის გაზის ტარიფს არ ცვლის - Tass.ru

როგორც რუსულ გამოცემა Tass.ru იუწყება "გაზპრომი" საქართველოსთვის გაზის ტარიფს არ ცვლის და „საქართველოსთვის გაზის ტარიფი იქნება იგივე, რაც მანამდე წლიური კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობისთვის იყო განსაზღვრული.’’ ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის განცხადებით ,,მსოფლიოში გაზის ფასები სერიოზულად არის შემცირებული და ეს ფაქტორი უპირობოდ უნდა იქნას გამოყენებული, რომ ჩვენ ფასების თვალსაზრისით შემსუბუქებას მივაღწიოთ.’’ ასევე აღნიშნავს, რომ ის საფასური, რომელსაც „გაზპრომი“ გაზის სომხეთში ტრანსპორტირებისთვის საქართველოს უხდის, შესაძლოა არ შეესაბამებოდეს მილსადენის ექსპლოატაციის პირობებს, რომლითაც ტრანზიტი ხორციელდება. ამისათვის კი სწორად უნდა მოხდეს გაზის გატარების ხარჯების დათვლა და შესაბამისი ტარიფის დაწესება. ეკონომიკის სამინისტროს საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით მიმდინარე წელს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გასულ წელთან შედარებით 9.9%-ით მეტი გაზია საჭირო, ხოლო ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირების გამო, გაზზე მოთხოვნა შემცირდება კომერციული სექტორისა (1,9%-ით) და თბოსადგურებისთვის (4,6%-ით).
ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ: https://bit.ly/3dhsEY0 ; https://bit.ly/3ciNEw7; https://bit.ly/3gA6MJk

8. ყოველთვიური უმუშევრობის კომპენსაციების გაცემა დაიწყო

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით ყოველთვიური კომპენსაციების გაცემა დაიწყო, 29 მაისის მდგომარეობით 200 ლარიანი ყოველთვიური დახმარება 72 175 მოქალაქეს აქვს აღებული, ხოლო თვითდასაქმებულთა 300 ლარიანი კომპენსაცია 52 151 ადამიანმა მიიღო.
ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ: https://bit.ly/3eDGmEz

9. 2020 წლის I კვარტალში შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება 57 მლნ ლარამდე გაიზარდა

2020 წლის I კვარტალში შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება 57 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წილის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10 მლნ ლარით არის გაზრდილი. რაც შეეხება შტატში მყოფთა შრომით ანაზღაურებას, პირველ კვარტალში 385 მილიონი ლარი შეადგინა, ჯამურად კი ანაზღაურების სახით 442 მლნ ლარი გაიცა.

ვრცლად თემაზე თუ რატომ იზრდება შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება და კანონის მიხედვით რამდენ პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს შტატგარეშეთა რაოდენობა იხილეთ: https://bit.ly/2TTUH89

10. 2019 წლის მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებლები (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები)

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4%-ით აღემატება, ხოლო ერთ მოსახლეზე საშუალო თვიურმა შემოსავლებმა 336,1 ლარი შეადგინა. შემოსავლების სტრუქტურაში, შემოსავლების მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს: დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლები (48.7%), პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები (19.0%), ასევე თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლები (11.4 %) და საჩუქრად მიღებული ფული (8.8 %).
საშუალო თვიური ხარჯი ერთ მოსახლეზე 327.7 ლარს უტოლდება, რაც 5%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.8%) უჭირავს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს, ხოლო ყველაზე ნაკლები განათლებაზე გაწეული ხარჯებია (2.8%).

ვრცლად საქსტატის კვლევის შედეგები: https://bit.ly/2ZU88sj

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები