პარლამენტის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ე.წ რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირება და პარლამენტში მისი განხილვები უკვე მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მისი თქმით, ეს პირდაპირი დააზიანებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის ეტაპს, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრობასთან დღეს რომ არის ისე ახლოს არასდროს ყოფილა. ჩუგოშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოს ასეთი მძიმე ფასის გადახდა არ მოუწევს.
“შემოდგომაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული მოლაპარაკებები გაიხსნას თუ არა. ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოიცავს სხვადასხვა ეტაპებს, სტატუსის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გახსნა არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შემდგომ უკვე მოლაპარაკებების თავებს უნდა გავყვეთ და რამდენიმე წლის განმავლობაში თუ კი სათანადოდ შევასრულებთ და განვახორციელებთ იმ რეფორმებს რაც გვაქვს განსახორციელებელი გავწევრიანდებით.
როგორც არასდროს იმდენად ხელშესახები არის ის რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ახლა ეს პროცესი არის პირდაპირი საბოტაჟი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, იმიტომ რომ პირველ რიგში დააზიანებს მოლაპარაკებების გახსნას. ასე თუ გავაგრძელებთ, ჩვენ მოლაპარაკებებს არავინ არ გაგვიხსნის, ზოგი პოლიტიკოსი ევროპაში ფიქრობს, რომ სტატუსი რომ მოგვენიჭა იმ გადაწყვეტილებასაც უნდა გადახედოს ევროკავშირმა. იმედი მაქვს, რომ ამ უგუნურების გამო ასეთი მძიმე ფასის გადახდა არ მოგვიწევს,”- ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა გრძელდება, სადაც ბიუროზე დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით პირველი მოსმენით განიხილავენ "რუსულ კანონს", რომელსაც გუშინ, 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.