სასტუმრო “არგეს” მიმდინარე წელს ფასების ზრდა დაახლოებით 20%-ით მოუწია, ამის შესახებ Bm.ge-ს სასტუმროს მენეჯერმა, ელენე პაპუნაშვილმა განუცხადა.
“ბაზარზე არსებული საფასო პოლიტიკის გამო, რომელიც გამოხატულია როგორც სასტუმროს ფუნქციონირებისათვის საჭირო პროდუქციის, ასევე ღვინის მასალების ფასების ზრდაში, მიმდინარე წელს პროდუქტისა და სერვისის ღირებულება, საშუალოდ 20%-ით გაიზარდა. აქვე უნდა აღინიშნოს ტურისტული ნაკადების მატება, რამაც ბაზრის დივერსიფიცირების საშუალება მოგვცა”, - დასძინა მან.
სასტუმრო „არგე“ ბაზარზე 2018 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 30 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, ღვინის მარანს, საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის სარესტორნე სივრცეებს და ღია საცურაო აუზს. კომპლექსი დამსვენებელს წლის ნებისმიერ მონაკვეთში მასპინძლობს და გარდა სასტუმროს სერვისისა, სთავაზობს ღვინის დეგუსტაციასა და კულინარიულ მასტერკლასებს.
“სასტუმრო 2018 წლიდან ეტაპობრივად ვითარდება. ბიზნესის გაზრდის პროცესში
აღსანიშნავია სახელმწიფო პროგრამა „არაწამოე საქართველოში“-ს მხარდაჭერა და ფინანსური თანამონაწილეობა, ისევე როგორც შეღავათიანი ბიზნეს კრედიტი. ჯამური ინვესტიციის მოცულობა 3 მილიონ ლარს აღემატება. სასტუმრო მასპინძლობს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს. ჩვენთან დასაქმებულთა ოდენობა სეზონურობის მიხედვით მერყეობს” - აღნიშნა პაპუნაშვილმა.
აღსანიშნია ისიც, რომ სასტუმრო “არგეს” აქვს თავისი მარანი, სადაც წლიურად 5 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს მალე ამ რაოდენობის გაზრდა იგეგმება.
“ღვინო ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილზე იყიდება და მომხმარებელიც, შესაბამისად, სასტუმროს დამსვენებელია. მიმდინარე ეტაპზე იგეგმება ახალი, მეტი წარმადობის მქონე მარნის მშენებლობა, რომელიც მომდევნო წლის ბოლოს დასრულდება და საშუალება გვექნება პროდუქცია სხვა არხებითაც გავყიდოთ. ამ ეტაპზე ღვინო სრულად იწარმოება კომპანიის საკუთრებაში არსებულ ვენახებში მოწეული
ყურძნისაგან”, - განმარტა მენეჯერმა.
ინფორმაციისთვის: სასტუმრო და ღვინის მარანი „არგე“ კახეთში, ქალაქ თელავიდან სულ რაღაც სამ კილომეტრში, სოფელ რუისპირში მდებარეობს. სასტუმროს კომპლექსი უცხოელ და ქართველ მომხმარებელს 2018 წლის მარტიდან მასპინძლობს. „არგე“ 33 ოთახს აერთიანებს, სადაც ჯამში 120 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი.