მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიმდინარე წელს კახეთში „ეკო სოფელს“ გავხსნით“ – „ანაპეა“

6447c3cc6a93a
ნანუკა ნარიმანიძე
29.04.23 20:07
789
ღვინის ბრენდი „ანაპეა“ მიმდინარე წელს კახეთში ეკო სოფელს გახსნის. ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა ხატია დარგუაშვილმა BMG-თან ინტერვიუში თქვა.

„სტუმრებისთვის კახური სოფლის მშენებლობა დავიწყეთ, თავისი ვენახით, მარნით და საცხოვრებელი სახლებით. ჩვენი ეკო სოფელი “ანაპეა” სტუმრებს ზაფხულის სხვადასხვა ქვეყნიდან ბოლოდან მიიღებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა იცხოვრონ ნამდვილ სოფელში, ნახონ ღვინის დაყენების პროცესი, დაესწრონ სხვადასხვა ფესტივალს. კახური სახლების კლასიფიკაციას ისტორიული ნიშნით მოვახდენთ, მათგან ერთია თავადის სახლი, ასევე გვაქვს გლეხის, აზნაურის კახური სახლები, რომელიც ერთმანეთისგან შინაარსითა და დიზაინით განსხვავდება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ დღევანდელ კახეთში საუკუნის წინანდელი მოდელი გაგვეცოცხლებინა.

ვაწარმოებთ კახურ ენდემურ ჯიშებს, როგორებიცაა: ხიხვი, ქისი, კახური მცვივანი, საფერავი, ვარდისფერი რქაწითელი, ამასთან, ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მცირე რაოდენობით საკოლექციო ღვინოს, როგორებიცაა: ბუერა,ღრუბელა, ჩიტისთვალა ბოდბური, ოქროულა, კურკენა და ა.შ “, - განმარტა ხატია დარგუაშვილმა.

რაც შეეხება ეკო სოფელში დარჩენის ფასს, მისი თქმით, 150-200$-მდე მერყეობს.

ბრენდი „ანაპეა“ 2014 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი 19 საუკუნის კახეთის სოფლის კულტურის აღდგენა იყო. „ანაპეას“ მარანი კახეთში, ყვარლის რაიონში მდებარეობს და ის მომხმარებელს 40-მდე სახის ღვინოს სთავაზობს. „ანაპეამ“ პირველი ექსპორტი 2017 წელს განახორციელა, ბრენდი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში 10,000 ბოთლ ღვინოს გზავნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები