მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიმდინარეობს გამოძიება..." - გადატრიალება/ამბოხების რამდენი საქმის გამოძიება დაიწყო "ოცნების" ხელისუფლებამ?

ჭიკაიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მორიგ ფაქტს იძიებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მყოფი ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების მიერ ივანიშვილი მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ქართული ოცნება" ოპოზიციას, კერძოდ კი ენმ-ს ხელისუფლების დასამხობად ტერორიზმს, ან გადატრიალებას ედავება. თუმცა არც ზეპირი განცხადებები და არც დაწყებული გამოძიება არასდროს დასრულებულა დამნაშავეთა დაკავებით და სასამართლო პროცესით.

"ოცნების" ხელისუფლების პირობებში ამბოხების, ტერორიზმისა და შეთქმულების სპირალი ასე გამოიყურება:

2014 წელი - "საბურავების საქმე"

ხელისუფლების ცვლილებიდან 2 წელში, გადატრიალების ბრალდება "ქართული ოცნების" ძალოვნების მხრიდან პირველად გაჟღერდა. იმჟამინდელმა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ენმ "ევრომაიდნის სცენარზე" მუშაობდა და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. იმავე წლის სექტემბერში ჭიკაიძემ კვლავ გააკეთა მსგავს განცხადებები, თუმცა მთავრობა გამოძიების შესახებ ინფორმაციას დღემდე არ აკონკრეტებს. გამოძიების ბედი ამ დრომდე უცნობია. ისიც, კონკრეტულად ვინ ამზადებდა გადატრიალებას.

2015 წელი - "შეთქმულება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად"

სუს-მა უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ გამოძიება 315-ე მუხლით დაიწყო. ჩანაწერი შეეხებოდა სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიას საუბარს, რომელიც რ2-ისთვის ბრძოლის გეგმას უკავშირდებოდა. ამ შემთხვევაშიც, გამოძიების შედეგი უცნობია.

2016 წელი - "გადატრიალების საკითხებზე საუბარი"

გავრცელდა ფარული აუდიო, რომლის ავტორის მტკიცებითაც, ენმ-ის ლიდერები შესაძლო გადატრიალების საკითხზე საუბრობენ. სუს-მა შეთქმულების საქმეზე გამოძიება 27 სექტემბერს დაიწყო, 29 სექტემბერს კი საზოგადოებამ მოისმინა შსს-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე დამარხული საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს. როგორ დასრულდა გამოძიება, უცნობია. ამ შემთხვევაშიც, გამოძიება 315-ე მუხლით მიმდინარეობდა.

2019 წელი - "ამბოხება"

2019 წელი ერთადერთი გამონაკლისია, როცა "გავრილოვის ღამის" შემდეგ გამოძიებას კონკრეტული შედეგი მოჰყვა და კონკრეტული პირები დაისაჯნენ. თუმცა ამ შემთხვევაშიც, არა იმ მუხლით, რითაც გამოძიება დაიწყო. 20-21 ივნისის ღამეზე გამოძიების მუხლი შეიცვალა და ის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) მუხლებით გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს, სულ რამდენიმე დღის წინ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება (50 ათასი ლარი) დაშავებულისთვის და ასევე დამატებით, შრომისუნარიანობის შემცირებისთვის, „გავრილოვის ღამეს“ დაშავებული მოქალაქისთვის ყოველთვიურად 1440 ლარის გადახდა დაეკისრა.

2020 წელი - კიდევ ერთი გადატრიალების საქმე

2020 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სახელმწიფო გადატრიალების საქმის გამოძიება და ამ მოტივით, უწყებაში მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების დაბარება დაიწყო.

2021 წელი - "შეთქმულება"

2021 წლის 29 ოქტომბერს - არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იძიებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტს, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით: მტკიცებულებების სახით გამოქვეყნდა 6-წუთიანი აუდიოჩანაწერი, რომელშიც სუს-ის მიხედვით, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე საუბრის ერთი ფრაგმენტია, ხოლო მთლიანი ჩანაწერი 2 საათს გრძელდება.

2023 წელი - "გადატრიალება უცხო ქვეყნების დაფინანსებით“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს საგანგებო ბრიფინგზე „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე“, საზოგადოებას „მიმდინარე გამოძიების“ შესახებ ამცნო. მაშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოში, „უცხო ქვეყნების დაფინანსებით“ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა. ამ, როგორც სხვა შემთხვევებში გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. საქმეს არ ჰყავს კონკრეტული ბრალდებულები.

რაც შეეხება მუხლებს, რომლითაც "მიმდინარეობს გამოძიება": 315-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელი, სხვადასხვა გარემოების მიხედვით, 5-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება 323-ე ტერორიზმის მუხლს, ასევე სხვადასხვა გარემოების მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ითვალისწინებს 10-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები