მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მინდა, ჩემი პროფესიული გზა საქართველოში გავაგრძელო“ – „აგროსფეროს“ სტიპენდიატი, ლაშა ლომსაძე

649bdde77f46b
BM.GE
28.06.23 11:29
450
აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადება – ასეთია ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანიის, „აგროსფეროს“ ერთ-ერთი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით, მან გასულ წელს „აგრარულ უნივერსიტეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც „აგროსფერო“ ყოველწლიურად აგრო-მიმართულებების 3 სტუდენტს სტიპენდიას გადასცემს. ამასთან, მათ და კიდევ 7 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებში, სადემონსტრაციო ვენახებსა და სათბურებში.

ჩვენ დავუკავშირდით წლევანდელ სტიპენდიატებს და მათ „აგროსფეროს“ პროგრამის მნიშვნელობაზე, პროფესიულ ინტერესებზე, სამომავლო გეგმებსა და საქართველოში აგრომეურნეობის გამოწვევებზე ვესაუბრეთ.

ამჯერად, „აგრარული უნივერსიტეტის“ მექანიკის ინჟინერიის პროგრამის III კურსის სტუდენტს, ლაშა ლომსაძეს წარგიდგენთ.

ლაშა, რატომ მექანიკის ინჟინერია?

ზოგადად, ძალიან მიზიდავს ტექნიკური მიმართულება და ეს მხოლოდ აგრომეურნეობას არ ეხება. მეორე მხრივ, ვხედავ, რომ ჩვენთან მექანიკის ინჟინერიაში კადრების დიდი ნაკლებობაა და ამ სფეროში ძირითადად უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ. პროფესიის არჩევისას, პირველ რიგში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემმა ინტერესმა. ამასთან, თავი ვალდებულადაც ვიგრძენი, რომ ამ მიმართულებას გავყოლოდი და დარგის შენარჩუნება-განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა.

რამდენად დიდია მექანიკის ინჟინერიით ახალგაზრდების დაინტერესება?

მექანიკის ინჟინერია საქართველოში მხოლოდ ორგან ისწავლება – „აგრარულ უნივერსიტეტსა“ და „ტექნიკურ უნივერსიტეტში“. შესაბამისად, ცოდნა ამ სფეროს შესახებ მწირია. თუმცა თვალსაჩინოა ისიც, რომ ამ მიმართულებაზე სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. ინტერესის ზრდის მიუხედავად, პრობლემად რჩება დასაქმება – საქართველოში ამ სფეროს ფეხი კარგად არ აქვს მოკიდებული, კადრების საჭიროებაც ნაკლებია და იმ ახალგაზრდების უმეტესობა, რომელიც მექანიკის ინჟინერიის პროგრამას ასრულებს, უცხოეთში მიდის სამუშაოდ.

რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამები?

როცა „აგროსფეროს“ სტიპენდიაზე გავიგე, ძალიან გამიკვირდა, რომ კერძო კომპანია ამგვარი ინიციატივით გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რადგან შრომის დაფასება მოტივაციას გმატებს. ასევე, ხედვის არეალი გიფართოვდება და იჯერებ, რომ სტუდენტობის პერიოდშიც შეიძლება რაღაცებს მიაღწიო.

დარწმუნებული ვარ, დიდ პრაქტიკულ ცოდნას შევიძენ სტაჟირების პროგრამის დახმარებითაც. „აგროსფეროსთან“ სტუმრობისას, უკვე გავეცანი კომპანიის მექანიზაციის სერვისის სამსახურს და მის კვალიფიციურ კადრებს. ვგეგმავ, სწორედ ამ გუნდს შევუერთდე.

როგორია თქვენი პროფესიული გეგმები?

მექანიკის ინჟინერია ძალიან კომპლექსური სფეროა და სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს. ამიტომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლას მაგისტრატურაზე გავაგრძელებ. სამწუხაროა, რომ საქართველოში მექანიკის ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა არ არსებობს და საზღვარგარეთ წასვლა მომიწევს. მაგისტრატურის შემდეგ რა იქნება ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მინდა, ჩემი პროფესიული გზა საქართველოში გავაგრძელო.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები