მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო ხაზარაძის, ჯაფარიძის და სხვა პოლიტიკური პროცესებისას დაპატიმრებულების მიმართ - ქეთი ქვარცხავა

ქეთი ქვარცხავა

BLC-ის მმართველი პარტნიორი, ქეთი ქვარცხავა მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და სხვა პირებს სოლიდარობას უცხადებს. ასევე აქცენტს აკეთებს იმაზე რომ, როდესაც ქვეყანაში უსამართლობა ხდება თვალს ვერ დახუჭავს.

Bm.ge ქეთი ქვარცხავას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემს შიშებს და კომპლექსებს ზუსტად იმის განმეორებით კეთებით ვამარცხებდი, რაც მაშინებდა და მაკომპლექსებდა. რატომ? იმიტომ რომ არ მინდოდა ცნობიერი თუ ქვეცნობიერი ბარიერის ტყვე გავმხდარიყავი. იმიტომ, რომ დიდი განსხვავებაა სიმხდალეს და სიფრთხილეს, გამბედაობასა და თავქარიანობას შორის. არც ჩემს თავს ვცემ პატივს მხდალს და თავქარიანს და არც სხვას.

ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ერთ რამეზე დაგაფიქროთ - თუ თვლით, რომ თქვენი აზრის საჯაროდ - სოციალურ სივრცეში ან სხვა გარემოში გამოხატვა თქვენთვის საფრთხის მომტანია, თუ საჯაროდ უფრთხით იმ აზრის მოწონებას, რომელსაც მთელი გულით ეთანხმებით, "გილოცავთ", თქვენ სიმხდალის ნეტარ გზაზე დგახართ. თუ ხვალ, თქვენ დაგჭირდებათ თანადგომა, დიდი ალბათობით, ბევრი სხვა, რომელიც ამავე ნეტარ გზას ადგას, ასევე აარიდებს თვალს თქვენს პრობლემას.

კიდევ გაქვთ დრო, ნუ დაკარგავთ ხმას და საკუთარი თავის პატივისცემას.

მე მინდა ჩემს დიდი ხნის კლიენტების და მეგობრების - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძის და სხვა, პოლიტიკური პროცესებისას დაპატიმრებული ქალების და კაცების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო გაბედულების მაგალითისთვის.

და კიდევ, ვერ გავჩუმდები, როდესაც ჩემს ქვეყანაში უსამართლო კანონები მიიღება, როცა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით უსწორდებიან, როცა სოციალური სივრცე და მედია ცენზურას ექვემდებარება, როცა სასამართლო მტკიცებულებებს არიდებს თვალს, როცა ადამიანების მიმართ სრულიად არაპროპორციული სანქციები გამოიყენება, როცა ისჯება ნაცემი და წახალისებულია მოძალადე ..

ნუ აქცევთ დემოკრატიას სალანძღავ სიტყვად, დემოკრატია იწყება სამართლიანი, გამჭვირვალე, სანდო არჩევნებით, გრძელდება სამართლიანი სასამართლოთი და მას კლავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წართმევა. დემოკრატიის გარეშე მშვიდობა ილუზიაა", - წერს იგი სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები