მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინდა მჯეროდეს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება შეგნებულად არ ხდება – „ორბი“ კრიტიკას პასუხობს

ორბი

„მინდა მჯეროდეს, რომ ამ ადამიანების ამოცანა ნამდვილად ბახმაროს განვითარებაა და ალბათ, არ ხდება შეგნებულად დეზინფორმაციის გავრცელება“ – ასე გამოეხმაურა დღეს კომპანია „ორბი ჯგუფი“ პროექტის გარშემო საზოგადოებაში არსებულ ვნებათაღელვას, რომელიც ტერიტორიის ზვავსაშიშროებასა და კურორტის ავთენტიკური გარემოს განადგურების რისკებს უკავშირდება.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ამბობს, ზვავსაშიშ ზონებთან მიმართებით კვლევები კომპანია „გეოგრაფიკმა“ ფრანგ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარეს.

„მესმის განსხვავებული აზრის, არანაირი გაღიზიანება მათ მიმართ არ მაქვს, ძალიან ბევრი არგუმენტია და ამ ფორმატში ძალიან რთული იქნება საუბარი, თუმცა მზად ვართ, ოღონდ პირობას არ ვაყენებთ, რომ აზრი ნებისმიერ ადამიანთან, ჯგუფთან გავაზიაროთ. ამ ადამიანების ნაწილის პოზიცია იქიდან გამომდინარეობდა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდათ. თუმცა ბევრი თემა ცოტა გადამეტებული იყო, თუ ინფორმაციას არ ვფლობთ, ალბათ არც შეფასება უნდა გავაკეთოთ. მზად ვართ და სახელმწიფოსთანაც შეთანხმებული ვართ, რომ მეორე ფაზის პირობებში კიდევ უფრო მეტად გავხსნათ კომუნიკაციაც, პოლემიკა და ამ პროექტზე ვიმსჯელოთ.

ბევრი ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია. ეს არის სასტუმრო კომპლექსი თავისი ინფრასტრუქტურით, ამ კომპლექსში მხოლოდ 30% უჭირავს სასტუმროს, 70% არის ინფრასტრუქტურა, რაც ფართობში 20-25ათასი კვ.მ-ია, რასაც პირდაპირ გეუბნებით, რომ კოტეჯური ტიპის განაშენიანების პირობებში ვერ მივიღებთ.

ჩვენ ყველასთან ღია ვართ, არაფერია დასამალი, თავდაცვის რეჟიმიდან ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად მართალი ვარ. ბევრ კურორტზე მსგავსი და უფრო მაღალი ინტენსივობის შენობებია და რისი თქმა გვინდა, რომ დავანგრიეთ ამ კურორტებზე გაეროს მდგრადობა? ამ კურორტებზე ირღვევა გაეროს მდგრადობა? შესაძლოა ჩანაწერები ყველამ ჩვენებურად წავიკითხოთ და ეს უფრო ალბათ დეკლარირებული ხასიათის არის, მაგრამ ანუ გამოდის, რომ თუ ეს მდგრადობა არსებობს, შენობები არ უნდა აშენდეს კურორტზე?", - აცხადებს ირაკლი კვერღელიძე.

კომპანიის გენერალური დირექტორი პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ პროექტის შეთანხმებისას "ორბს" საკანონმდებლო დარღვევები არ ჰქონია.

პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროებას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მოცემულ შემთხვევაში პროექტი გენგეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. რა უნდა დააკმაყოფილოს პროექტმა? პირველი, ის რომ გენგეგმის შესატყვისია, მეორე - არანაირი საკანონმდებლო დარღვევა პროექტის შეთანხმების პროცესში ჩვენ არ მიგვიღია, იმიტომ, რომ ყველა კვლევა ჩატარებულია და ყველა პროცედურა გავლილია. კარგად მოგვეხსენება, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს მშენებლობის ნებართვაც, შეთანხმების ბრძანებაც, გეოლოგიური დასკვნაც, ზვავსაშიშ ზონებთან დაკავშირებით კი ჩვენ კვლევა „გეოგრაფიკთან“ და ფრანგ სპეციალისტებთან ერთად გავაკეთეთ“, - აცხადებს ირაკლი კვერღელიძე.

ზვავსაშიშროების კვლევა-შეფასების ნაწილში კვლევის არსებობა BMG-ის კომპანია „გეოგრაფიკმაც“ დაუდასტურა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოცირიძემ „საქმიან დილასთან“ საუბრისას განმარტა, „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით ზვავსაშიშროების კვლევა-შეფასების ნაწილში ფრანგ სპეციალისტებთან ერთად იმუშავა. მისი თქმით, გაკეთდა ზვავის მოდელირების ყველაზე უარესი სცენარი, დასკვნაში კი დაიწერა, რომ პროცესები საინჟინრო გადაწყვეტებს ექვემდებარება.

„ბახმაროში კომპანია „ორბის" პროექტთან ჩემი ჩართულობა დაკავშირებულია სამთო-სათხილამურო ნაწილის კვლევის, ტრასებისა და საბაგიროების დაგეგმვის და ასევე მისასვლელი გზის ზვავსაშიშროების კვლევა-შეფასების ნაწილთან, რა დროსაც „ორბის“ ნაკვეთთან დაკავშირებით კონკრეტული, დეტალური, საინჟინრო ზვავსაშიშროების შეფასება გავაკეთეთ.

ფრანგ კომპანიასთან და ექსპერტებთან ერთად გავაკეთეთ ზვავის მოდელირება, რომელმაც თავის უარესს სცენარში, გამოავლინა ზვავის ჩამოსვლის მოდელირების ფართობები, გათვლილ იქნა საინჟინრო დატვირთვები და გადაეცა კომპანიას იმისთვის, რომ მოხდეს მართვადი საფრთხის შესაბამისად დაგეგმვა. არსებობს ზვავი, რომელიც შეიძლება არ დაექვემდებაროს მართვას, ამ შემთხვევაში ეს ზვავი ექვემდებარება და ეს არის საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც, შესაძლოა, უშუალოდ ნაგებობის კონსტრუქციულ ნაწილშიც იყოს შეთავსებული, იმიტომ რომ ეს არც ისეთი დიდი დარტყმებია, თუმცა გარკვეული სიმაღლის ყრუ კედლები, გარკვეული კონსტრუქციული დატვირთვებისადმი პროექტში გათვალისწინებულ უნდა იყოს.

არის დატვირთვები, რომელსაც კონსტრუქცია უძლებს, ან არის უფრო დიდი დატვირთვები, სადაც დამბები ან ზვავსაწინააღმდეგო ნაგებობებია გასაკეთებელი ან ესენი თუ დასაშვებ ფარგლებს აღემატება, საერთოდ იქ განსახლებაა საჭირო. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი გვაქვს ეგეთი შემთხვევა. ამ შემთხვევაში ტყის დახრების გათვალისწინებით ტყის ფაქტორი გაანალიზდა, ხვალ თუ ვიღაც ტყეს გაკაფავს ის ზვავი უფრო ძლიერი იქნება, თუმცა ეს არის უარესი სცენარის პირობებში 300-წლიანი განმეორებადობის შემთხვევაში დათვლილი. ამაზე მაღლა, შესაძლოა, რაღაცა მოხდეს, მაგრამ თუ ამაზე მეტი ალბათობით მოხდება, მაშინ საქართველოში ბევრგან იქნება ბევრად მეტი პრობლემა. მოკლედ, ზვავის თემასთან დაკავშირებით ამ პროექტის ავტორებს ჩვენი ზვავების კვლევა გადაეცათ. წესით ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თავისი ტერიტორიის განვითარება აინტერესებს, დაიცავს რეკომენდაციებს, რომელიც მდგრადობას და სიცოცხლეს უკავშირდება“, - განაცხადა გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, არქიტექტორებისა და ურბანისტების ნაწილი მოითხოვს, რომ განაშენიანების რეგულირების ნაწილი პროფესიონალების ჩართულობით ახლიდან შემუშავდეს.

„პროექტი, რომელიც წარდგენილია სანებართვოდ, არ ახლავს გეოლოგიური კვლევა, რომელიც დაგვანახვებს რისკებს, რაც მიწას გააჩნია. ასევე პროექტში არ არის საინჟინრო ნაწილი. ასევე განსაკუთრებული პრეტენზია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებაში ეწერა შეზღუდვა, რომ მას არ შეეძლო მრავალბინიანი ნაგებობის მშენებლობა, მაგრამ, თუ ამას დავარქმევთ აპარტოტელს ან სასტუმრო კომპლექსს და შემდეგ ბინებად გავყიდით, მაშინ ამ საინვესტიციო ვალდებულებას თითქოს კანონმდებლობით გვერდს ავუვლით და მოვახერხებთ, რომ ერქვას მრავალბინიანი კომპლექსი ან სასტუმრო“, - განაცხადა გასულ კვირას „საქმიანი დილის“ ეთერში ურბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელმა ანი ბიბილაშვილმა.

ურბანისტების ნაწილი თვლის, რომ წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტიკურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას.

ორგანიზაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მოუწოდებს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდავს დეველოპერის ინტერესს.

დღეს კომპანია „ორბი ჯგუფმა“ თბილისში, ბახმაროს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის პროექტთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ბახმაროს პროექტის ავტორთან, არქიტექტურული კომპანია WilkinsonEyre-ის პარტნიორთან და დირექტორთან სემ ვრაითთან ერთად გამართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები