რუსთაველის გამზირზე, სადაც „ქართული ოცნების“ ორგანიზებით "რუსული კანონის" კონტრაქცია იმართება, კომენტარი გააკეთეს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
როგორც რატი ბრეგაძემ თქვა, მას სურს საქართველო სუვერენული სახელმწიფო იყოს.
"პირადად მე აქ მოვედი დღეს იმიტომ, რომ გამოვხატო ძალიან ხმამაღლა სურვილი იმის შესახებ, რომ მინდა, რომ საქართველო იყოს სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და დავიკავოთ ჩვენი ადგილი, სადაც ვიქნებით თანასწორები თანასწორთა შორის. დღევანდელი დღე არის გამოხატულება „ქართული ოცნების“ კურსის მიმართ, რომელმაც, პირდაპირ ვიტყვი, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც სისტემურად აწამებდა ადამიანებს და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს - ეპყრობოდა არაადამიანურად. ყველაზე ტრაგიკული და სამწუხარო არის ის, რომ ამ სისტემამ იკადრა, მათ შორის ადამიანის გაუპატიურება და ამ ყველაფრის მტკიცებულება არსებობს", - თქვა მან.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს მან თქვა, რომ მათ მათ განამტკიცეს მთავარი საუნჯე, რომელზეც დგას ჩვენი იდენტობა - ენა, მამული, სარწმუნოება.
ჩვენი სათქმელი არის ერთი და უმთავრესი, რომ ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის რომ ჩვენმა ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარებას შესაძლებლობა შეინარჩუნოს. შეინარჩუნოს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის მთავარი საუნჯე, რომელზეც დგას ჩვენი იდენტობა - ენა, მამული, სარწმუნოება და ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ ღირებულებების ირგვლივ. საზოგადოებაში უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, რომელიც სასიკეთო იქნება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის - ზუსტად ასეთი განვითარებული საქართველო შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
კომენტარი ასევე გააკეთა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება შეძლებს ქვეყნის განვითარებას იმგვარად, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ღირსება, სუვერენიტეტი და ფუნდამენტური ღირებულებები.
„ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ გვინდა სტაბილური განვითარება და ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა იმ პოლიტიკაში, რომელიც ქვეყნის მომავალს და განვითარებას უკავშირდება. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც ხშირად სპეკულაციის საგანია. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ ყველაზე დიდი პროგრესი გვქონდა ევროინტეგრაციის, ასევე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით და ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ შევძლებთ ამ სტაბილური კურსის გაგრძელებას, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ქვეყნის განვითარებას იმგვარად, რომ შევინარჩუნოთ ღირსება, სუვერენიტეტი და ფუნდამენტური ღირებულებები, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ამ პროცესების გარშემო ბევრი სპეკულაციაა. არ ხდება ფუნდამენტური შეფასება, არგუმენტის გარშემო მსჯელობა და გვაქვს სპეკულაციები პოლიტიკური ძალების მხრიდან, რასაც რა თქმა უნდა არ მოაქვს დადებითი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთად დგომა შეგვიძლია და ერთობით ყველაფერს მივაღწევთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.