კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებლის, რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობებში უკუსვლა შეწყდება და დაიწყება ურთიერთობის აღდგენა. როგორც მან BMGTV-ის საარჩევნო ეთერში განაცხადა, მოლოდინი, რომ ეს ერთ დღეში მოხდება, არავის აქვს. ამას დასჭირდება დრო და ეს პროცესი იქნება ნელი, ვინაიდან ქვეყანა რეპუტაციულად ძალიან დაზიანდა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობისა და პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს ევროპისგან და ამერიკისგან აშორებს. ეს მიუღებელია ალბათ ყველა ქართველისთვის, ვინაიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-სთან გვქონდა სამხედრო ურთიერთობა და ეს ურთიერთობა გაწყვეტილია. ამასთან, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებლები არიან საერთაშორისო ბანკები, რომლებშიც აშშ-ის ძირითადი აქციები აქვს და ისინი განსაზღვრავენ ამ პოლიტიკას. ესეც არის დიდი პრობლემა.
რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დიდი ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან, მე მხედველობაში მაქვს როგორც ფიზიკური პირები, ასევე, კომპანიები. თუ მოხდა რომ სავიზო რეჟიმი შეწყდა, ეს საქართველოში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. მარტო ის კი არ არის პრობლემა, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი უფრო რთულად გაემგზავრება ევროპაში, ევროპაში ახლა არის დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ქართველი.
მე მაინც მინდა ვიყო განწყობილი დადებითად, რომ ეს უკუსვლა შეწყდება. ჩვენი მოლოდინი, რომ ეს ერთ დღეში მოხდება, არ არის. აღდგენა მოხდება ნელ-ნელა, ვინაიდან ჩვენ რეპუტაციულად ძალიან დავზიანდით“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.
მისი მოლოდინით, არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანაში იქნება მძიმე ვითარება ეკონომიკის და ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით.
„ყველა შემთხვევაში ჩვენ მძიმე პერიოდი გველის, არ აქვს მნიშვნელობა არჩევნები როგორ დამთავრდება. ყველა ელის, რომ რაღაც მოხდება, ამიტომ რეალურად ინვესტიციები შედარებით მოიკლებს და ყველა დაელოდება როდის დასტაბილურდება ქვეყანაში ვითარება. ამის შემდეგ მოხდება აღდგენა. ეს შეიძლება იყოს მომდევნო წლის ბოლოს. მანამდე ჩვენ დაღმავალი გზით წავალთ ეკონომიკაში და ყველაზე კარგ ვარიანტში მოხდება სტაბილიზაცია. მათ შორის ველით ეროვნული ვალუტის გაუფასურებასაც“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.