მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს: საფრანგეთს თქვენი ესმის - ჟან-ნოელ ბარო

ჟან-ნოელ ბარო

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო წუხილს გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების გამო.

მან 15 მაისს, საფრანგეთის პარლამენტში გამოსვლისას, ქართველ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ საფრანგეთს და ევროპას მათი ესმის. ამასთან, ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს ძალადობას დემონსტრაციების წინააღმდეგ.

"გუშინ საღამოს, ისევე როგორც რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქართველი ხალხი ფეხზე დადგა თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, მამაცურად დაუდგა ძალადობასა და პოლიციას, ევროპის დროშით ხელში, «სიხარულის ოდის» სიმღერით… ვერ წავუყრუებთ ხალხის ამ სიმღერას, რომელიც ოცნებობს ისეთ დემოკრატიაზე, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ და რომელშიც ცხოვრობთ ევროპაში. რადგან იმ დროს, როცა ევროპას ასე ძალიან აკრიტიკებენ პოპულისტები და ნაციონალისტები, ეს სიმღერა, რომელიც გაისმის საქართველოში, გვახსენებს, რომ ევროპა არის თავისუფლება, რომ ევროპა არის დემოკრატია და რომ ევროპა არის იმედი ამდენი ხალხისთვის მსოფლიოში.

მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ საფრანგეთს ესმის მათი, რომ ევროპას ესმის მათი და რომ ის განასახიერებს ხალხის სურვილს, რომ იცხოვროს თავისუფლად.

საფრანგეთი წუხს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების გამო, რომელიც ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას, საფრანგეთი გმობს ძალადობას დემონსტრაციების წინააღმდეგ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღასრულოს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და მედიის თავისუფლება.

საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ერთადერთზე, რომლისკენაც მისი ხალხი მიისწრაფვის, რადგან, არაფერია იმაზე ძლიერი, ვიდრე იდეა, რომლის დროც მოვიდა",- აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები