მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინერალური წყლების ჩამოსხმის ლიცენზიის მფლობელებისთვის ფინანსური ამნისტია ცხადდება - რამდენ სუბიექტს და რა მოცულობის თანხა ჩამოეწერება?

ლიცენზია

საქართველოს პარლამენტი, მეორე მოსმენით განიხილავს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ერთჯერადი ამნისტია ცხადდება მიწისქვეშა მინერალური და მტკნარი წყლების ლიცენზიის მფლობელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.

კანონპროექტის მიხედვით, ბიზნესომბუდსენის აპარატის მიერ შესწავლილი საკითხებიდან გამომდინარე, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების უმეტესი ნაწილი გაცემულია ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე წყლის მოპოვების პროცესის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოს ჩატარებისა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფინანსური რესურსის მოძიება და გამოყენება ვერ შეძლეს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის გიორგი ჩაკვეტაძის განმარტებით ცვლილება 23 იურიდიულ და 14 ფიზიკურ პირს შეეხება.

"ეს ერთჯერადი ამნისტიაა, რომელიც როგორც ფიზიკურ, ისევე იურიდიულ პირებს შეეხება. ეს გახლავთ 23 იურიდიული და 14 ფიზიკური. დავალიანების ჯამური თანხა კი 2.8 მლნ ლარია. ცვლილებების მიხედვით, ეს გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით უკვე აღარ ფლობდნენ მიწისქვეშა მინერალური და მტკნარი წყლების გაცემისთვის არსებულ ლიცენზიას და მეორე შემთხვევაში მოქმედი ლიცენზია აქვთ და 2024 წლის 1 აპრილამდე ჩააბარებენ არსებულ ლიცენზიას. მთავარი მოთხოვნაა, თუ ლიცენზიის აღების მომენტიდან ლიცენზიის მიუხედავად არ ჩამოუსხამთ მინერალური და მტკნარი წყლები. ეს არის იმპერატიული მოთხოვნა.

ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ პირებისთვის, რადგან ვეღარ აწარმოებენ ვერც ბიზნესი საქმიანობას და ამასთან, დაყადაღებული აქვთ ქონება. საკითხი შესწავლილია ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ და ზუსტად ისე გამოკვეთეს ეს ცვლილება, როგორც კანონშია ასახული", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ვინაიდან კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, რომ იმ პირებს ვისზეც ვრცელდება ცვლილება საბანკო ვალდებულებები შეუმსუბუქდეთ და არ შეექმნათ პრობლემა სამომავლო ბიზნესის წარმოებაში. აქედან გამომდინარე კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები