მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად რეალურია IMF-ის პროგრამის შეჩერების რისკი? - გიორგი ხიშტოვანის პასუხი

648b798ee05f3
ალა ისპირიანი
16.06.23 00:45
1577
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი, "ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში" ცვლილებების შეტანის გამო, საქართველოში IMF-ის მიმდინარე პროგრამის შეფერხებას არ ვარაუდობს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა. 

როგორც ცნობილია, "ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში" ცვლილებების შეტანით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

საკანონმდებლო ცვლილების მიმართ კრიტიკული შენიშვნები, ჯერ კიდევ თებერვალში, ვიდრე კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა,  სადაც საუბარი მათ შორის IMF-ის პროგრამის შეჩერების რისკებზე იყო.

„შესაძლებელია, ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამის შეფერხება. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღება არ შეესაბამება მასთან საქართველოს შეთანხმებას და შესაბამისად, დამატებით გასააზრებელია, რამდენად სწორია განმარტებით ბარათში მითითებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება“, - წერდა სებ-ი.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის მიერ აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანის მხარდაჭერა IMF-ის პროგრამის შეჩერების რისკებს არ შექმნის.

„IMF არის უპირობო მხარდამჭერი საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სტაბილური, პროგნოზირებადი ეროვნული ბანკის ინსტიტუტის მშენებლობაში. ცალკეული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, ამ ინსტიტუციის მართვის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან ცუდ პრეცედენტს ვქმნით იმისა, რომ პარლამენტს შეუძლია ეროვნულ ბანკში მმართველობითი სტრუქტურა თავდაყირა დააყენოს არადამაჯერებლად მოტივირებული არგუმენტების მოყვანით.

IMF-ის დახმარება სებ-ის და საქართველოს მიმართ, გლობალურ ფინანსურ ბაზარზე და საინვესტიციო გარემოში სიგნალია იმის, რომ ქვეყანა სათანადო დონეზე დგას და კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის ფინანსური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ამასთან, თამაში არ ღირს, რადგან ქვეყნების მიმართ  IMF-ის მკაცრი პოლიტიკა მხოლოდ პროგრამის შეჩერების ხასიათს არ ატარებს, არამედ ბევრად უფრო დიდი უარყოფითი გავლენა აქვს.

იმედი მაქვს IMF-ი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი ინსტიტუტი, ამ მეგობრობის ხარისხს ჩვენს მიმართ შეინარჩუნებს. IMF-ის პროგრამის შეჩერების რისკები, მგონი, არ არის. უბრალოდ, როგორც პრეცედენტი ეს ცუდი მოვლენაა და პრეცედენტებს ხშირად უარესი გაგრძელება აქვს ხოლმე“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი პარლამენტს მოუწოდებდა, არ დაძლეულიყო ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო, თუმცა ეს გათვალისწინებული არ იქნა. რამდენიმე დღის წინ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა BMG-თვის მოწოდებულ პასუხში აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი პარლამენტის გადაწყვეტილებით გაოგნებულია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები